Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დგას ქალების ჩაგვრის უკან


2013 წელს „112“-ზე ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 5 447 გამოძახება დაფიქსირდა. 2014 წელს, 10 თვის მანძილზე სულ მცირე 25 ქალი მოკლეს. და ეს არც ერთ შემთხვევაში ამომწურავი სტატისტიკა არ არის. ამას გარდა, ქალებს ყოველდღე ჩაგრავენ ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად. ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებული რწმენა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორი არ არის.

ზემოთაღნიშნული რწმენა რამდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველ რიგში, მოძალადეები მიიჩნევენ, რომ ოჯახში და საზოგადოებაში ქალი მამაკაცს უნდა დაემორჩილოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი აზრით, საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის. საქართველოში ბევრ ოჯახში მიიჩნევა, რომ არსებობს ე.წ. „ოჯახის უფროსი“ - კაცი, რომელსაც ოჯახის ყველა სხვა წევრი უნდა დაემორჩილოს. მეუღლეებს შორის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობები შედარებით იშვიათია (გაცილებით მცირეა ტრადიციული, პატრიარქალური ოჯახების რაოდენობასთან შედარებით). ცხადია, ასეთ პირობებში, ქალი, რომელიც კაცს არ ემორჩილება, მაშინვე აგრესიის მსხვერპლი ხდება, როგორც „ოჯახის უფროსისგან“, ისე საზოგადოებისგან.

მორჩილების პირდაპირი მოთხოვნის გარდა, არსებობს გარკვეული საზღვრები, რომელთა გადალახვაც ქალისთვის ყველა შემთხვევაში ტრადიციების დარღვევად მიიჩნევა. მაგალითად, მიიჩნევა, რომ ქალის ძირითადი მოვალეობა არის დიასახლისობა და ბავშვების აღზრდა. თუ ქალი ამის პარალელურად, კარიერაზე ან გართობაზე ფიქრობს, ის ყველა შემთხვევაში სცდება ტრადიციულ საზოგადოებაში მიღებული ნორმების ფარგლებს.

სექსის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისითაც, მიიჩნევა, რომ კაცი ქალზე მაღლა დგას. კაცებს აქვთ სექსუალური თავისუფლება, მაგრამ ქალებს, ძირითადად, არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქალები, რომლებსაც ქორწინებამდე სექსს უკრძალავენ, გაცილებით მეტნი არიან, იმათთან შედარებით, ვისაც მსგავს მოთხოვნებს არ უყენებენ (სტატისტიკის მოყვარულებს ვურჩევ, ნახონ „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ ყოველწლიური გამოკითხვების მონაცემთა ბაზები.

პირდაპირი ფიზიკური ჩაგვრის გარდა, საზოგადოება ქალების წინააღმდეგ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის ხერხებსაც მიმართავს. მოძალადეები მიიჩნევენ, რომ „ქალების ადგილი სამზარეულოშია“ და არა დიდ ბიზნესში ან პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ქალებს ჩაგრავენ სამსახურებში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბიზნესში და პოლიტიკაში კაცები არანორმალურად მეტნი არიან, ვიდრე ქალები. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ეს კაცები და მათი შეხედულებების გამზიარებელი ქალები თვლიან, რომ კაცის ძირითადი მოვალეობაა, იყოს ეკონომიკური და პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული. მათი აზრით, ქალებს ამ სფეროებში არაფერი ესაქმებათ, რადგან „სუსტები“ და არაკომპეტენტურები არიან.

ერთი სიტყვით, იმ ძალადობის ფაქტების მიღმა, რომლებზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, დგას მავნებლური შეხედულებების მთელი კასკადი, რომელიც მოსახლეობის ერთ ჯგუფზე სისტემატური ჩაგვრის განხორციელებას ემსახურება. ცვლილებების მისაღწევად ამ ნორმების შეცვლაა საჭირო.

25 ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო ქალთა მოძრაობა, რომლის მიზანიც სწორედ ამგვარი ცვლილებების განხორციელებაა. ქალთა მოძრაობა პირველ რიგში საზოგადოებისგან ითხოვს იმას, რომ სახელმწიფოში კანონმდელობა შეიცვალოსიმგვარად, რომ ქალთა ემანსიპაციის მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს.

ალბათ ამის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ის, რაც საქართველოში ქალების წინააღმდეგ ხდება, არ არის მხოლოდ ქალების საქმე. ეს მთელი საზოგადოების საქმეა. ჩვენ ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, სადაც ადამიანები სრულიად თანასწორები იქნებიან და არავის - არც ერთ სოციალურ ჯგუფს - არ დაჩაგრავენ. ეს უპირველეს ყოვლისა მორალის საქმეა. დროა, რომ მორალის და ზნეობის ისეთი გაგება, რომელიც სხვა ადამიანის ჩაგვრას გულისხმობს, თანასწორობაზე დამყარებული მორალური პრინციპებით შევცვალოთ. არაფერია მორალური იმაში, რომ ადამიანებს ჩაგრავდე და მათზე ფიზიკურად ძალადობდე. სიკეთე და ზნეობა ყველა ადამიანის მიმართ თანასწორ მოპყრობას გულისხმობს და არა სხვების ჩაგვრას. ქალთა უფლებების დაცვით დროა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ასეთი საზოგადოების მშენებლობისკენ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG