Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბილატერალური ოხლოკრატია


ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნეში ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა შექმნა ტერმინი ოხლოკრატია, რომელიც ბრბოს მმართველობას ნიშნავს. პოლიბიოსის მიხედვით, ოხლოკრატია დემოკრატიის გაუკუღმართებული ფორმაა: თუ დემოკრატიის მიზანი ყველა მოქალაქის საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვაა, ოხლოკრატია მხოლოდ პირადულ გამორჩენასა და ანგარიშსწორებას ემსახურება. პოლიბიოსზე ადრე დემოკრატიის მეორე სახეზე, რომელიც არა საყოველთაო კეთილდღეობას, არამედ კერძო ინტერესებს შეიძლება ემსახურებოდეს, უკვე პლატონი საუბრობდა და ხალხის ასეთ მმართველობას ცუდ დემოკრატიას უწოდებდა.

XIX საუკუნის დასაწყისში ბრბოს მმართველობის თემა გერმანელმა ფილოსოფოსმა ჰეგელმა გაააქტუალურა. პოლიბიოსის კვალად იგი ასახელებდა არათავისუფალი პოლიტიკური წყობილების სამ ფორმას: ოხლოკრატიას, ოლიგარქიასა და დესპოტიას. ოხლოკრატია ჰეგელთანაც დემოკრატიის გამრუდებული და დამახინჯებული სახეობაა. ჰეგელის „კლასიფიკაცია“ უშუალო გამოძახილი იყო მის თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ მოვლენებზე, კერძოდ იმ გლობალურ ტრანსფორმაციაზე, რომელსაც დასავლური სამყარო საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის შემდეგ განიცდიდა და რომელსაც შედეგად მოჰყვა ძველი, ფეოდალური სისტემების დემონტაჟი და ახალი ეპოქის დაწყება. ამ ცვლილებებმა გააჩინა ისტორიის ახალი სუბიექტი – „ხალხი“, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის დაწყებიდან პირველად აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ბედის თვითგანსაზღვრის პრობლემის წინაშე. სწორედ ასეთ პირობებში „ბრბოს“ ცნებამაც ახალი აქტუალობა შეიძინა და ადამიანთა ამ კრებითი სახელის მნიშვნელობასა თუ მისგან მომავალ საფრთხეზე თანაბარი კრიტიკულობით ალაპარაკდნენ როგორც კონსერვატორი, ისე ლიბერალი და სოციალისტი პოლიტიკოსები თუ ინტელექტუალები. თავად ჰეგელი, რომელიც ტერმინ „სამოქალაქო საზოგადოების“ შემქმნელიცაა, ლამის პანიკური ტონით ამბობდა, მასები მოიწევენ წინო.

თანამედროვეობის, ანუ მოდერნულობის პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ დისკურსებში ბერძნულ ტერმინ „ოხლოსს“, ანუ ბრბოს, „მასა“ ან „მასები“ ჩაენაცვლა, საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის კი მასების ფსიქოლოგია თუ პოლიტიკური ფუნქცია და როლი ერთ-ერთ წამყვან თემად იქცა. 1930 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „მასების ამბოხი“, ესპანელმა ფილოსოფოსმა ხოსე ორტეგა ი გასეტმა „ადამიანი-მასის“ ცნებაც შემოიტანა. ძალიან მოკლედ რომ მოვხაზოთ, ადამიანი-მასა, ორტეგას განმარტებით, არის „საშუალო“ ადამიანი, რომელიც არასდროს მარტო და დიდი საზოგადოებრივი ჯგუფებისგან გარიყული არაა და ყოველთვის იქ დგას, სადაც მრავალი მისნაირია. უმრავლესობაში ყოფნა და მრავლობით რიცხვში, ანუ სხვების – ხალხის, ერის, ქალაქის, რაიონის თუ ინტელიგენციის, ახალგაზრდობის, მართლმადიდებლების და სხვა კრებითი ცნებების – სახელით ლაპარაკი მისი მთავარი მახასიათებელი ნიშანია და ის საკუთარ თავს მუდამ რომელიღაც უმრავლესობას, დიდ კოლექტივს მიაკუთვნებს. ადამიანი-მასა ყოველთვის დარწმუნებულია თავის სიმართლესა და შეუცდომლობაში და ამ რწმენას თითქმის ყოველთვის სხვადასხვაგვარი სახის ძალადობით გამოხატავს. ძალადობა და აგრესიული ტონი მისი არტიკულაციის ერთადერთი საჯარო ფორმაა, რომელიც დიდი კოლექტიური სხეულის ნაწილად ყოფნის განცდასაც ბადებს.

საჯაროდ გამოხატული აგრესიით განცდილი კოლექტიური ერთობის საილუსტრაციოდ ერთი სცენა მახსენდება: როდესაც 2009 წელს გორში სტალინის ძეგლი მოხსნეს, მიწაზე თავდაყირა დადებულ ქანდაკებას რამდენიმე მამაკაცი, ზოგი ხელს, ზოგიც ფეხს ურტყამდა და ხმამაღლა ლანძღავდა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ამის ჩამდენებს სტალინის სისასტიკე და ბოროტება ჰქონდათ გააზრებული და ამას ისინი ისე აღეშფოთებინა, რომ მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ იოკებდნენ. ჩემი აზრით, ამგვარი ქმედების ჩამდენი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის იქ დგას, სადაც ძალაუფლებაა და სწორედ ძალაუფლების მხარეს ყოფნის დასტურად შეურაცხყოფს დამარცხებულს. ეს ადამიანები არა სტალინისა და სტალინიზმის მოძულე, არამედ უპიროვნო საწყისის მქონე ადამიანი-მასებია, რომლებიც იქ არიან, სადაც ძალაუფლებაა, არა საკუთარი, არამედ ვიღაც სხვისი და მისი სახელით ძალადობა, ძალაუფლების მხარეს ყოფნა მათაც ძალაუფლების ქონის განცდას უქმნის. ისინი სტალინის დროს სტალინის სახელით ურტყამდნენ და ხვრეტდნენ, პოსტსაბჭოთა ხანაში გაეროვნულდნენ, გამართლმადიდებლდნენ, პოლიტიკური ტრანსფორმაციის ყველა სტადია გამოიარეს, თანაც ისე, რომ არასდროს გასულან ძალაუფლების გავრცელების არეალიდან.

ადამიანი-მასებისგან შემდგარი ბრბო არასდროსაა გულწრფელი, მისი აგრესია გამოწვეული არ არის ტკივილით ან უსამართლობის განცდით და, შესაბამისად, არც მისი ქმედებებია სპონტანური. იქ, სადაც ადამიანთა მასა ბრბოდ გადაიქცევა, ყოველთვის საძებნია ძალაუფლების მანიპულაცია, რომელიც აღელვებულ მასას აქეზებს და დესტრუქციული ქმედებისთვის შთააგონებს. ხელისუფლება, რაოდენ დემოკრატიულადაც უნდა იყოს არჩეული, როდესაც იწყებს მასების მანიპულაციას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, ვერ იქნება დემოკრატიული; ასეთ დროს დემოკრატია ოხლოკრატიად გარდაიქმნება.

ოხლოკრატია სულაც არ გულისხმობს „ანარქიას“, ანუ ძალაუფლების იერარქიული სისტემების მოშლას და ისეთ მდგომარეობას, როდესაც ხალხი თავადვე მართავს საკუთარ თავს. ოხლოკრატია მართულია ძალაუფლების მიერ, რომელიც ამბოხებული მასების აგრესიულ არტიკულაციას არ აღკვეთს, რამდენადაც დემოკრატია მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპს გულისხმობს და არა ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის ძალადობას მეორეზე. როდესაც სახელმწიფო არ იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას, თანაბრად და მიუკერძოებლად დაიცვას ყველა ცალკეული საზოგადოებრივი ჯგუფის უფლებები, მაშინ ასეთ სახელმწიფოში დემოკრატია ოხლოკრატიად გადაიქცევა. უმრავლესობის ნებაზე აპელაცია, რომ „ხალხს ასე სურს“ და რომ დემოკრატია მხოლოდ ნებისმიერი ნიშნით უმრავლესობის დაკვეთის აღსრულებაა, ოხლოკრატიული ლოგიკის კლასიკური ნიმუშია და მას დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ოხლოკრატიის ძალა ერთობაშია და ვინც ამ „ერთობას“ არ მიეკუთვნება, უკვე ავტომატურად ხდება აგრესიისა და ძალადობის სამიზნე.

ოხლოკრატიული სახელმწიფოს კლასიკური ნიმუში იყო ზვიად გამსახურდიას მმართველობა, როდესაც ქვეყანა, ფაქტობრივად, იმართებოდა მიტინგებითა და მასების პერმანენტული ეგზალტაციით, მათი მტრულ, ბოროტ ძალებთან ბრძოლისაკენ მობილიზაციით. იმდროინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომლის წევრთა რიცხვი ორ ათეულსაც არ შეადგენდა, პარლამენტში შესაღწევად შენობის წინ მდგარ კარვებში გამაგრებული აგრესიული მასის გადალახვა უხდებოდა. ძალაუფლებისგან შთაგონებული ადამიანი-მასები საკუთარი ინიციატივით იჩენდნენ თავს და შთამაგონებელთა მიბაძვით უსწორდებოდნენ „აფსუა სეპარატისტად“ თუ „ოს ექსტრემისტად“, სუკის, კრემლის თუ ქემალისტური თურქეთის აგენტებად შერაცხულ თანამოქალაქეებს. თბილისსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში აფხაზური ან ოსური გვარის მქონე მოქალაქეთა შევიწროება, თურქ მესხებად წოდებულ მაჰმადიან ქართველებზე თავდასხმები, კათოლიკურ ეკლესიათა გადაცემა საქართველოს საპატრიარქოსათვის, მაჰმადიან და კათოლიკე ქართველებზე ზეწოლა, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილთა წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული კამპანიები და ორგანიზებული შეურაცხყოფები და განსხვავებული აზრის სრული შეუწყნარებლობა – ესაა დამოუკიდებელი საქართველოს მიერ გაგებული „დემოკრატიის“ პირველი ფორმები, რომელიც სრულიად ლოგიკურად გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებასა და ორწლიან სამოქალაქო ომში.

არც გამსახურდიას ოპოზიციას, რომლის ლიდერთა უმრავლესობა გამსახურდიასავე ყოფილი თანამებრძოლები ან მისი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, არ უღალატია ოხლოკრატიის ძალადობრივი იდეალებისათვის, რის შედეგადაც განუკითხაობის ისეთი ფორმა მივიღეთ, რომლის დროსაც ყველა, ვისაც და როგორც ძალა შესწევდა, ისე ძალადობდა სხვებზე. საქართველოს დამოუკიდებლობა, ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა ოხლოკრატიიდან დაიბადა და მმართველობის ეს სახეობა, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოებრიობის არქეტიპად იქცა. ოხლოკრატია პოლიტიკური წყობის ის ფორმაა, რომელიც საქართველოში დემოკრატიასთან გაიგივდა და საზოგადოების გადარწმუნება აქამდე არსებულ არც ერთ ხელისუფლებასა თუ პოლიტიკურ მიმდინარეობას რეალურად არ უცდია, არ უთქვამს უარი მასების ეგზალტაციისა და ანგარიშსწორების პოლიტიკაზე.

შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მასების ეგზალტაციას ჩაენაცვლა საყოველთაო და მასიური კორუფცია, რომელმაც სახელმწიფო სისტემა კლეპტოკრატიად, ანუ მძარცველთა ძალაუფლებად აქცია. სააკაშვილმა წარმატებით შეძლო კორუფციის სახელმწიფო აპარატის დაბალი ეშელონებიდან განდევნა, მაგრამ ამის პარალელურად, ერთი მხრივ, მასების ინდოქტრინაციამ და პოპულიზმმა - „პატრიოტთა ბანაკებითა“ და ძალაუფლების სპექტაკლებით, მედიისა და კულტურის სფეროს ტოტალურმა იდეოლოგიზაციამ, მეორე მხრივ კი ძალის დემონსტრაციისა და ძალადობის პოლიტიკამ, ნაციონალური მოძრაობის ცინიზმამდე მისულმა ანტისოციალურმა იდეოლოგიამ და კრიტიკის მიმართ აგრესიულმა შეუწყნარებლობამ, რომელიც ყველაზე ხშირად თავად პრეზიდენტისგან გაისმოდა, საქართველოში პროტესტის გრძნობასთან ერთად, ხელი შეუწყო საზოგადოებაში არსებული ყველაზე სახიფათო და რეაქციული ტენდენციების გაღვივებას. რადგანაც ნაციონალური მოძრაობა პროდასავლურ და ლიბერალურ პოლიტიკურ პარტიად შეირაცხა, მიუხედავად იმისა, რომ მის ცხრაწლიან პოლიტიკას დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიასთან ცოტა რამ თუ ჰქონია საერთო და ძირითადად მხოლოდ ევროკავშირსა და ნატოში შესვლის სურვილებით შემოიფარგლებოდა. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ევროპის კონტინენტზე სააკაშვილის ხელისუფლებისადმი ერთადერთი კეთილგანწყობილი რეჟიმი მხოლოდ უნგრეთის მემარჯვენე-პოპულისტური მთავრობა და მისი პროფაშისტური ტენდენციების მეთაური ვიქტორ ორბანიღა დარჩა. ნაცმოძრაობამ საქართველოში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია მოახდინა და ამით მხოლოდ ხელი შეუწყო ანტიდასავლური ტენდენციებისა და რელიგიური ნაციონალიზმის გაღვივებას. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ცინიზმია პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მიმდევრებისგან 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული შეშფოთებული განცხადებები, რომ საქართველოში ახალი მთავრობა მედიის თავისუფლებას ზღუდავს და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების პოლიტიკას მიმართავს. ოპოზიციაში გადასული სააკაშვილის პარტია და მისი გულმხურვალე მხარდამჭერები იმის გაპროტესტებას შეუდგნენ, რასაც ცხრა წლის მანძილზე თავადვე სისტემატურად ახორციელებდნენ. ამგვარად ნაციონალური მოძრაობა იქცა საკუთარი თავის კარიკატურად. 2012 წლის დეკემბერში ის „გმირულად“ აღუდგა წინ ოთხ ოდიოზურ რუსოფილს და არ მისცა მათ პუშკინის ძეგლის გვირგვინით შემკობის უფლება. ნაცმოძრაობის იდეოლოგიის მთავარი სააგიტაციო ორგანო, ჟურნალი „ტაბულა“, რომელიც ამართლებდა პოლიციის მიერ 2011 წლის 26 მაისს პარლამენტთან შეკრებილი ხალხის ბარბაროსულ დარბევას, ხოლო ამგვარი ძალადობის კრიტიკას „ინფანტილიზმსა და უმწიფრობას“ უწოდებდა, ადამიანის უფლებების დაცვას კი „ანტიპოლიტიკის თავშესაფრად“ ნათლავდა, დღეს აღშფოთებული ლაპარაკობს იმ ძალადობაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ადამიანის ბუნების ორგანულ ნაწილად მიაჩნდა.

ნაცმოძრაობის ანტისოციალურმა და მოძალადეობრივმა პოლიტიკამ, რომელიც თავისი არსით სრულიად ანტიდასავლურია, წარმოშვა ძალადობისა და ანგარიშსწორების ჯაჭვური რეაქცია, რაც ოხლოკრატიის წინაპირობას ქმნის. ოხლოკრატიის პირველი სიმპტომები ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ კვირაშივე გამოიკვეთა, როდესაც მართლმადიდებელი ექსტრემისტები და ობსკურანტულ გაზეთ „ასავალ-დასავლის“ თანამშრომლები დაუპირისპირდნენ მოქალაქეებს, რომლებიც ამ გაზეთში გლდანის საპატიმროს თანამშრომლების სიის, მათი მისამართებისა და ტელეფონის ნომრების გამოქვეყნებას აპროტესტებდნენ, რამდენადაც ასეთი პუბლიკაცია, გარდა ადამიანის პირადული სფეროს ხელშეუხებლობის უხეში დარღვევისა, ძალადობისა და ანგარიშსწორებისკენ წაქეზებასაც ნიშნავდა. ოხლოკრატიული შინაარსის იყო „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერის შალვა რამიშვილის შემოტანილი გამოთქმა „მენტალური უმცირესობა“, რომელიც მან მწერალ ზაზა ბურჭულაძის მისამართით იხმარა და ამ ახალი ცნების ქვეშ ყველა ის ადამიანი გააერთიანა, ვინც მართლმადიდებელი უმრავლესობის რიგებს არ მიეკუთვნება. მსგავსი განცხადებები ხშირად ისმოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მედიიდან ჯერ კიდევ საარჩევნო ეიფორიის დღეებში.

არა მთელი საზოგადოების, არამედ მხოლოდ ან თუნდაც უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის ინტერესების პრიორიტეტულობა არის არა დემოკრატია, არამედ ოხლოკრატია, რომლის საფრთხე საქართველოში დღითიდღე სულ უფრო იკვეთება. ეს საფრთხე კიდევ ერთხელ გაცხადდა 7 თებერვალს, როდესაც პოლიციის უმოქმედობამ ვერ შეძლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და პოლიტპატიმრისსტატუსიან მოქალაქეთა ჯგუფს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების აღკვეთა. თუკი ნაცმოძრაობის მმართველობის დროს სახელმწიფო ძალადობდა ადამიანზე, ახლა სახელმწიფოს უმოქმედობა უბიძგებს ადამიანს ძალადობისკენ. თუმცა ამგვარი უმოქმედობისგან არც ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობა იყო თავისუფალი. არც 2009 წლის 31 ოქტომბერს, როდესაც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ჰელოუინის დღესასწაული დაარბია და არც 2010 წლის 10 მაისს, როდესაც მართლმადიდებელი ექსტრემისტები ილიას უნივერსიტეტის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციას არ უმოქმედია და არ დაუცავს კანონიერება.

მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ ეკლექტური წარმონაქმნია, რომელიც აერთიანებს როგორც ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებს, ისე ყველაზე მეტად ოხლოკრატიულ ულტრატრადიციონალისტ და რელიგიურ ფუნდამენტალისტურ ძალებს. სწორედ მმართველი კოალიციის ეს ფრთა და დევნილის როლში მოვლენილი ნაცმოძრაობა ქმნის კოჰაბიტაციის იმ სადო-მაზოხისტურ ვერსიას, რომელიც ქვეყანაში რეალურს ხდის ოხლოკრატიის საფთხეს და ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც მმართველ კოალიციას, ისე ოპოზიციონერ პრეზიდენტსა და მის ერთგულ თანამებრძოლებს. აქედან გამომდინარე, კოჰაბიტაცია ბილატერალური, ანუ ორმხრივი ოხლოკრატიისკენ სწრაფვას უფრო ჰგავს.

დაბოლოს, ლათინური სიტყვა „კოჰაბიტაცია“, საიდანაც ფრანგული ენის მეშვეობით შემოტანილი პოლიტიკური ტერმინი მომდინარეობს, თავდაპირველი მნიშვნელობით თანაცხოვრებას, სექსუალურ კავშირს ნიშნავს. ლიბიდოს მრავალსახეობას კი დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური რეალობაც ადასტურებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG