სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს 3 (იხ. ასევე წერილები 1 და 2)
როდესაც „ციხის ვიდეოები“ გამოქვეყნდა, ყველაზე ხშირად ერთი შეკითხვა ისმოდა: როგორ იყო შესაძლებელი, რომ ამგვარი სისასტიკეების შესახებ არავინ არაფერი არ იცოდა, - არც ხელისუფლებამ, არც მედიამ, არც „ფართო საზოგადოებრიობამ“?
ნიშანდობლივი იყო მე-9 არხით ნაჩვენებ ვიდეოებზე და აგორებულ საპროტესტო ტალღაზე კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის რეაქცია: „ამბები, რომლებიც ვრცელდება ამ ბოლო დღეებში, - ეს არის დიდი სირცხვილი ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს.“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ასეთმა პოზიციამ, რომ მსგავსი ამბები სხვაგანაც ხდება, მაგრამ ისინი გარეთ არ გამოაქვთ, მორწმუნეთა ნაწილიც კი დააბნია და შეაშფოთა, საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც არ მიეკუთვნება „მრევლს“, ანეკდოტური გამოთქმა გაჩნდა: „მეთერთმეტე მცნება: არ გააბაზრო!“ მაგრამ სწორედ ეს ხუმრობა შეიძლება იყოს გასაღები იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის გასაგებად, რომელიც ძალადობრიობას თუ ძალმომრეობას არათუ შესაძლებელს, არამედ სისტემის არსობრივ პრინციპად ხდის. ამ პრინციპს დუმილის სისტემა შეიძლება ეწოდოს.
დუმილის სისტემურობა მხოლოდ საზოგადოებაში არსებულ ცალკეულ ტაბუებს კი არ გულისხმობს, რომლებზეც სხვადასხვა მიზეზის გამო არ ლაპარაკობენ, - იქნება ეს „კულტურული“ თუ პოლიტიკური დევნის შიშით განპირობებული, - არამედ ტაბუების ისეთ მთლიანობას, რომელშიც ყოველი ელემენტი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ერთმანეთის ქმედითუნარიანობას განსაზღვრავს. აქ ტრადიციული ცრურწმენა, რელიგიური აკრძალვები, გონიერებით ნაკარნახები თუ ირაციონალური შიშები და გაჩუმების იძულებითი მექანიზმები პირდაპირ კავშირშია მათი სხვადასხვა მიზნით რაციონალურ გამოყენებითობასთან. შესაბამისად, დუმილი სისტემად ამ ცალკეული ელემენტების ურთიერთთანამშრომლობის შედეგადაა ჩამოყალიბული და ერთი ნაწილის გამოცლა სისტემაში ბზარს და დისბალანსს აჩენს. ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, დუმილს აქვს სისტემის გამაერთიანებლისა და შემკვრელის ფუნქცია და ამ ფუნქციით სარგებლობს სისტემის შემადგენელი ყველა ელემენტი. ამიტომაც, თუ დუმილი დაირღვა, ეს არა მხოლოდ სისტემის ერთი რომელიმე ელემენტის რღვევას იწვევს, არამედ მას ჯაჭვური რეაქციის გამოწვევა და სულ ცოტა სხვა ელემენტების გამოაშკარავება შეუძლია, რადგანაც მხოლოდ ამ ელემენტების ერთობითა და ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი სისტემის არსებობა.
„ციხის ვიდეოებმა“ საქართველოში დაახლოებით ისეთი ფუნქცია შეასრულა, როგორსაც ქიმიის ლაბორატორიებში ლაკმუსის ქაღალდი ასრულებს: მან გამოამჟღავნა და გაახილვადა თანამედროვე საქართველოში არსებული არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემის სახე, არამედ საზოგადოებისაც, ცალკეული ადამიანების, რომელთა ნაწილშიც სისტემის ძალადობრიობამ პროტესტი და აღშფოთება გამოიწვია, ზოგმა ძალადობის გამართლება დაიწყო და მისი აუცილებლობის მტკიცებას შეუდგა. ნაწილისათვის ძალადობის ფაქტები ცნობილი იყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებითა თუ მოტივებით მასში პროტესტს არ იწვევდა ან, უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა, თავადაც ამ სისტემის ორგანული ნაწილები იყვნენ და მათი უკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, თავად მათი გამოქვეყნების ფაქტით იყო გამოწვეული.
არსებული პოლიტიკური სისტემის მხრიდან ძალადობაზე ბევრი ლაპარაკობდა, შეიძლება ვარაუდისა და კერძო საუბრების დონეზე ბევრმა იცოდა წამების ფაქტების შესახებ, მაგრამ თავად სისტემის მთლიანობაში დანახვა და აღქმა არ მოხერხებულა. მაგალითად, მონაყოლებიდან, ზოგჯერ ცალკეული საგაზეთო პუბლიკაციებიდან ცნობილი იყო, რომ ციხეებში პატიმრებზე ძალადობდნენ, რომ ციხეები ანომიური, „კანონიერებისგან თავისუფალი“ სივრცეებია, რომლებიც არსებული სისტემის პირობებში პატიმრების არა გამოსწორებას, არამედ მათი პიროვნული ღირსების განადგურებას, მათ კიდევ უფრო მეტად კრიმინალიზაციას ემსახურება. როდესაც ღირსებააყრილი პატიმარი სამართალდამცავ სტრუქტურასთან თანამშრომლობას იწყებს, ის მოძალადე სისტემაში კანონიერების დამცველი კი არაა, არამედ თავადვე ხდება ძალადობის იარაღი, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს.
ძალადობის თუ დაშანტაჟების ობიექტი არა მხოლოდ პატიმრები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ: შანტაჟის მიზნით გამოიყენებოდა კერძო სატელეფონო საუბრები და ინტერნეტკომუნიკაციის საშუალებები. სამაგალითოდ ერთ ამბავს მოვიტან, რომელიც ჩემთვის პირველწყაროდანაა ცნობილი: ქართული სპეცსამსახურის ორი წარმომადგენელი შეეცადა ერთი 19 წლის ბიჭი თანამშრომლობაზე დაეთანხმებინა, უარის შემთხვევაში კი მისი ჰომოსექსუალობის გასაჯაროებით ემუქრებოდა. ახალგაზრდას სპეცსამსახურის წარმომადგენელთა დაკვეთით უნდა ჰქონოდა სექსუალური კავშირი უფროს მამაკაცებთან და ფარული კამერით გადაეღო. ასეთ შემთხვევაში, რომელიც სავარაუდოდ გამონაკლისი არ უნდა ყოფილიყო, სამართალდამცავი ორგანო თავად გვევლინება სამართალდამრღვევი, როდესაც ის მოქალაქეს აშანტაჟებს და თანაც კანონგარეშე ქმედებას აიძულებს. ადამიანის პირადი სივრცე, მისი სხეული, გამოიყენება იარაღად სხვა ადამიანების პირად სივრცეში შეჭრისა და პიროვნებაზე ძალადობრივი ზეწოლისათვის. შანტაჟის ობიექტი ადამიანთა ის კატეგორია აღმოჩნდა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო პირადი ცხოვრების გასაიდუმლოება უხდებოდა. საქმე არა მხოლოდ ე.წ. „არატრადიციულ“ სექსუალობას, არამედ მთლიანად ადამიანის ინტიმურ სფეროს ეხება.
სექსუალობის რეპრესიულ მასალად გარდაქმა კი შესაძლებელია ისეთ პირობებში, სადაც სექსუალური ურთიერთობები, დამოუკიდებლად ორიენტაციებისგან, დემონიზებულია და ცოდვასთან და გარყვნილებასთანაა გაიგივებული. ესაა თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური სექსუალური მორალი, რომელსაც არაფერი საერთო ქართულ ტრადიციასთან არა აქვს (სამაგალითოდ XVI საუკუნის ქართული სამედიცინო ლიტერატურის ძეგლის, „იადიგარ დაუდის“ გახსენებაც შეიძლება: „და კაცმან როდისცა მოინდომოს ტყუნა, უნდა ქნას, ამისთვის რომე, თუ კაცსა მწოედ უტყნაობა მისჭირდების და ან ბევრი თესლი და ნანდომი დაუგროვდების, კაცს თავი ბრუნვასა დაუწყებს და თვალთა დაუბნელდების და ტანი მძიმედ ექნების, ყუერებისა, ბარკლებისა და საზარდულისა ტკივილს აუგდებს, და ესე ალაგები კიდეც გაუსივდების, და მუხლნი და წელნიცა ასტკივდებიან.“). ეს „მორალი“ საყოველთაო დუმილის პრინციპზეა აგებული: მოზარდმა არ უნდა მიიღოს ელემენტარული სექსუალური განათლება, არ უნდა იყოს საჯარო სივრცეში სექსზე საუბარი, ლიტერატურაში თუ ვიზუალურ ხელოვნებაში სექსის გამოსახვა გარყვნილების პროპაგანდაა. მოკლედ რომ ვთქვათ, არ უნდა არსებობდეს სექსუალობის დისკურსი. სწორედ ეს „მორალი“, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ამკვიდრებს, არის ადამიანების არა ჯოჯოხეთში მოხვედრისგან გადამრჩენი, არამედ ფსიქო-სექსუალური დარღვევების და პერვერსიების სათავე. ერთადერთი სფერო, სადაც თანამედროვე ქართულმა მართლმადიდებლობამ თავის თეოლოგიურ სიმაღლეებს მიაღწია, სექსუალობის შეჩვენებაა. სექსუალური ურთიერთობები, განსაკუთრებით ჰომოსექსუალობა, ქართული მართლმადიდებლობის ფაქტობრივად ერთადერთი თეოლოგიური ჭვრეტის საგანია, ისიც მთლიანად ნეგატიური ნიშნით, ანუ სექსუალობის დისკურსი მასზე დუმილი ან მისი გმობაა.
თუმცა დუმილის სისტემა არა მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი „მზრუნველობის“ გამოვლინებაა, არამედ ამ „მორალის“ საბურველით პრაგმატიკა ინიღბება. 2010 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იუსტიციის სამინისტროსთან და სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან გაფორმებული მემორანდუმით ოფიციალურადაა ჩართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ შეთანხმების საფუძველზე, პატიმართა ნაწილს შეუძლია სასჯელი ციხის ნაცვლად მონასტრებში მოიხადოს. ეკლესიას, რომელიც აქამდეც, უკვე 1990-იანი წლებიდან, აქტიურად მონაწილეობდა სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობაში, მიეცა ის უფლება, რომელიც მას მხოლოდ შუა საუკუნეების კათოლიკურ სამყაროში, ინკვიზიციის მძვინვარების ხანაში ჰქონდა. ესაა ადამიანის „გამოსწორებაზე“ უფლება, რომელზეც, ისევე, როგორც მთელ საიუსტიციო სფეროზე, მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, რაც სეკულარიზმის ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპიცაა. ამან არასახელმწიფო, თანაც რელიგიურ ინსტიტუციას სეკულარული სახელმწიფოს კომპეტენციაში, მის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურაში ჩარევის საშუალება მისცა. არც ის უნდა დარჩენოდა სახელმწიფოს შეუმჩნეველი, რომ საპატიმროებში განსაკუთრებული აქტიურობით ეკლესიის ყველაზე ექსტრემისტული ჯგუფები გამოირჩეოდნენ. სახელმწიფო ამაზე დუმდა, ისევე, როგორც ეკლესია დუმდა პატიმრების წამებაზე.
როგორც სახელმწიფო, ასევე ეკლესია შეუდგა პატიმართა „გადმობირებას“. განსხვავება გადმობირების ფორმებშია, პრინციპი კი ერთია: ადამიანი, რომელიც მისთვის მისჯილი სასჯელის გამო განრიდებულია საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, იზოლაციიდან უნდა დაბრუნდეს როგორც სისტემის „ჯარისკაცი“. არაერთი არა მხოლოდ ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე, არამედ ადამიანის წამებაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამართალდამცველი მალე სასულიერო პირად გარდაისახა. დუმილი, რომელმაც ძადალობრივი სისტემა რეალობად აქცია, იყო ის უხილავი „კონკორდატი“, რამაც სახელმწიფო და ეკლესია გააერთიანა და სწორედ მათი მდუმარე კოოპერაცია გახდა სისტემის მთავარი საყრდენი. ეკლესიამ თავისი ზეკონსტიტუციური მდგომარეობა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად სისტემის მშენებლობით მოიპოვა.
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობა არ ყოფილა იძულებითი და გარემოებებით განპირობებული. ამ ორი ძალის ურთიერთგადაჯაჭვულობის საფუძველი არც მხოლოდ ინტერესთა თანხვედრა თუ პრაგმატიკაა. საქმე ეხება სისტემის უფრო არსობრივ მხარეს, კერძოდ, ისეთი ფსიქოლოგიური ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც პერმანენტულად საგანგებო მდგომარეობის საჭიროება იქნება. თუ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთის და მისი აგენტურის საფრთხით ამართლებდა კანონით ნებადართული საზღვრების გადაბიჯებას, ეკლესია ანტიქრისტეს მიერ შემოგზავნილ ქართველი ერის გამრყვნელ-გადამგვარებელთა მხილებითა და განდევნით იყო და არის დაკავებული. „საგანგებო მდგომარეობის“ მიზნებიც ეკლესიას და, პრინციპში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ძალათა უდიდეს ნაწილს მსგავსი და მსგავსად ფანტასტიური აქვთ, რასაც ერთი ფრაზით „საქართველოს გაბრწყინება“ შეიძლება ეწოდოს. ეს სრულიად მითოლოგიური წარმოდგენა, რომელიც მაგიურ ფორმულას უფრო ჰგავს, ვიდრე რაციონალური აზროვნების ნაყოფს, არის ის მიზანი, რომელიც ყველა საშუალებას ამართლებს, რომლისთვისაც დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სოციალური სამართლიანობა თუ სინდისის თავისუფლება, თავიანთი მეორეხარისხოვნების გამო, განუსაზღვრელი მომავლისათვის გადასადებია.
ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ინტერესთა კონფლიქტიც ამავე სფეროში ჩნდება, როდესაც საქმე, საგანგებო მდგომარეობის ლოგიკიდან გამომდინარე, სუვერენულ ძალაუფლებას, კონკრეტულად კი სუვერენულობის სუბიექტს ეხება. სუვერენულობა აბსოლუტური ძალაუფლებაა, რომელშიც მოწილეობა არ არსებობს. ეკლესიას არ შეუძლია ჰყავდეს სუვერენულობის სუბიექტი: პატრიარქი, რაოდენ ზეკონსტიტუციურ ავტორიტეტსაც უნდა წარმოადგენდეს იგი, ვერ იქნება სახელმწიფოს მეთაური. მისი პოლიტიკური სუვერენულობა მისგან მართული მარიონეტითაა წარმოსადგენი. ეს სურვილი კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სრულიად ღიად 2007 წელს გამოთქვა, როდესაც პატრიარქის მიერ აღზრდილი უფლისწულის გამეფების, ანუ მონარქიის აღდგენის წინადადებით გამოვიდა, რაც მოქმედი სუვერენის, ანუ სააკაშვილის სუვერენულობაზე თავდასხმას ნიშნავდა. აქედან მოყოლებული, ეკლესია გადავიდა სახელმწიფოსთან ჭირვეულობის პოლიტიკაზე, რისი მეშვეობითაც ის სახელმწიფოს გამოძალავს საკუთარ ზეკონსტიტუციურ და ზეპრივილეგირებულ პოზიციას, რაც ეკლესიის ფაქტობრივად კანონის მიღმა გასვლით გამოიხატება. როგორც სუვერენული ძალაუფლებაა კანონის გარეთ და, შესაბამისად, ანომიურ ანუ უკანონო სივრცეებს და უფლებააყრილ ადამიანებს შობს, ასევე ეკლესიაც ქმნის საკუთარ „ჰომო საკერებს“, რომლებსაც საჯარო, ანუ სამართლებრივ სივრცეში მათ ადგილს ართმევს. სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს, კანონისგან თავისუფალი სივრცეების, „შერჩევითი სამართლის“ გაქრობას გულისხმობს.
2012 წლის 1 ოქტომბერს სისტემა არ დანგრეულა, მხოლოდ მისი ერთი კედელი ჩამოინგრა, რამაც სისტემის შიდაპროპორციები და ძალთა გადანაწილება შეცვალა. „საგანგებო მდგომარეობის“ პარანოიამ და მისგან გამომდინარე სუვერენულობის პრინციპმა სახელმწიფოდან ეკლესიისკენ გადაინაცვლა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი სუვერენული ძალა, ამ ძალის ზესამართლებრიობა 2013 წლის 17 მაისს გამოავლინა. ამავე დღეს არდანგრეულმა სისტემამ საკუთარი აქამდე მოკატუნებული თავი აჩვენა. 17 მაისი სისტემის პანიკური რეაქციაც იყო, რაც დუმილის სისტემის რღვევამ გამოიწვია, როდესაც საჯარო სივრცეში ეკლესიის მიერ შექმნილი „ჰომო საკერების“ გამოჩენის და მათ კონსტიტუციურ უფლებებზე ლაპარაკის საფრთხე გამოჩნდა. ეს კი სისტემის შეუქცევადი ნგრევის სიმპტომია, რომელიც ვერც ამბიონებიდან მუქარით, ვერც აგრესიულ ჩოხოსანთა აღლუმებითა და ვერც სხვა სახის შელოცვა-კურთხევებით ვერ შეჩერდება.