Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიზმი, რომელიც მუდამ ჩვენთანაა


ფაშიზმის დაბადება არშემდგარი რევოლუციიდან

გერმანელ თეორეტიკოსს, ვალტერ ბენიამინს, რომელიც სხვა დამსახურებებთან ერთად, როგორც ფაშიზმის კრიტიკოსი და ტერმინ „ესთეტური ფაშიზმის“ შემომტანად გახდა ცნობილი და თავადაც გერმანული ნაციზმის მსხვერპლი იყო, ასეთი აზრი მიეწერება: არშემდგარი თუ ვერგანხორციელებული რევოლუცია აჩენს ფაშიზმს. ამ მოსაზრებაში ფაშიზმის წინაპირობად რევოლუციის მცდელობა თუ არა, რევოლუციური განწყობა, ან, ლენინის ტერმინი რომ ვიხმაროთ, „რევოლუციური სიტუაცია“ მაინც იგულისხმება. ანუ, ფაშიზმის გაჩენას წინ უნდა უძღოდეს არსებული წესრიგის გადატრიალებისა და დამხობისაკენ ადამიანთა ფართო მასების ლტოლვა, რომლებსაც აღარ სურთ ან აღარ შეუძლიათ უწინდებურად ცხოვრება, ჩაგვრის ატანა და თავისუფლების შეზღუდვა, ან მისი საერთოდ არქონა. შესაბამისად, ფაშიზმის წინაპირობა ვერგანხორციელებული ამბოხი და ვერგათავისუფლებაა. თავისუფლებავერმოპოვებული ადამიანები უბრუნდებიან საკუთარ ბორკილებს და ისეთ საპყრობილეში იმწყვდევენ და იჯაჭვავენ თავს, საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი ხდება. ისინი თავად ქმნიან ისეთ ბატონს, რომელიც მათ თავისუფლებისკენ ლტოლვის სურვილს გაუქრობს და ახალი, უდრეკი ბორკილებით სამუდამოდ დააკაბალებს.

ისტორიული ფაქტია, რომ ფაშისტური ძალები იტალიაშიც და გერმანიაშიც სოციალისტური მოძრაობებიდან წარმოიშვნენ, მაგრამ მათ უარი თქვეს სოციალურ რევოლუციაზე, ემანსიპაციაზე, კლასობრივი ჩაგვრისა და ექსპლუატაციის მოშლაზე. ნაციონალიზმმა, რომლის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინებაც ფაშიზმია, შთანთქა სოციალური თემატიკა, რომლის ადგილიც ფაშიზმში დაიკავა ეროვნულმა მითებმა - თავისი გმირებითა და მამულისთვის თავგანწირვისკენ მოწოდებებით, მიწის სიწმინდითა და სისხლის სისუფთავით, ფიზიკური სიჯანსაღითა და რასობრივი აღმატებულობით. ნაციონალიზმი, ეროვნული სიამაყე, რასობრივი აღმატებულება აღმოჩნდა ის საკომპენსაციო საშუალებები, რომლებსაც სოციალური უთანასწორობა და პიროვნული თავისუფლებების შეზღუდვა უნდა მიეჩქმალა და ადამიანებისათვის საყოველთაო კეთილდღეობის ილუზია შეექმნა. ფაშიზმი არსებული წეს-წყობილების ამოტრიალების რევოლუციურ პათოსს საწინააღმდეგო მიმართულებით აბრუნებს და საყოველთაო მორჩილების და აგრესიული თვითკმაყოფილების ეგზალტაციად გარდაქმნის, საზოგადოებისა და ინდივიდის შინაგანი გარდაქმნის აუცილებლობას კოლექტიური სიამაყითა და გარეგნული თვითტკბობით ცვლის. ამდენად, ფაშიზმი, თავისი არსით კონტრრევოლუციურია, ის რეაქციაა საზოგადოების, სამყაროს, ტრადიციული ღირებულებებისა და ურთიერთობის ფორმების ისეთ რადიკალურ ტრანსფორმაციაზე, როგორსაც რევოლუცია შეიძლება ეწოდოს. როგორც რეაქცია, ის ძველის რესტავრაციას კი არ გულისხმობს, არამედ ტრადიციულის გამოგონებას და ამ ახალი გამონაგონის გაარქაულებას. სისტემა, რომელსაც დამხობას უპირებენ, თავს იცავს თვითრადიკალიზაციით: ის ბევრად უფრო ტოტალური, ყოვლისმომცველი და სასტიკი ხდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რე-აქცია ყოველთვის უფრო მძაფრია, ვიდრე ის, რაც არ რეაგირებს და უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. საკუთარი რეაქციულობის შესანარჩუნებლად ფაშიზმს მუდამ ესაჭიროება მტრის ხატები, რომელთა წინააღმდეგაც საკუთარ მაცოცხლებელ აგრესიას წარმართავს. ამისათვის ფაშიზმი პერმანენტულ საგანგებო მდგომარეობას ქმნის.

სუვერენული ძალაუფლება

1940 წელს ბენიამინი თავის ერთ-ერთ უკანასკნელ თხზულებაში („ისტორიის ფილოსოფიური თეზისები“) წერდა: „ჩაგვრის ტრადიცია გვასწავლის, რომ ‚საგანგებო მდგომარეობა’, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ცხოვრების წესია.“ „საგანგებო მდგომარეობა“, რომელსაც ბენიამინი თავის თხზულებებში არაერთხელ ახსენებს, XX საუკუნის პირველი ნახევრის ინტელექტუალურ დისკუსიებში შემოიტანა ნაცისტურ რეჟიმთან დაახლოებულმა გერმანელმა სამართალმცოდნემ, კარლ შმიტმა, რომელსაც ის სუვერენულ ძალაუფლებასთან აკავშირებდა. „სუვერენი არის ის, ვინც საგანგებო მდგომარეობაზე გადაწყვეტილებას იღებს“ - ასეთია სუვერენის შმიტისეული განსაზღვრება. მისივე სიტყვებით, „სუვერენულობა არის უმაღლესი, არაფრიდან გამომდინარე თვითმპყრობელი ძალაუფლება,“ ანუ სუვერენულობა არ არის დამოკიდებული არც ნორმატიულ აქტებზე და არც გარემოებებზე, რომლებიც მისი ძალაუფლების მასშტაბებსა და ხარისხს განაპირობებენ. შმიტის თანახმად, სუვერენული ძალაუფლება საკუთარ თავს საგანგებო მდგომარეობაში ავლენს და არა სტაბილურ და ნორმებით მართულ ვითარებაში. გერმანული სიტყვა Ausnahme, საიდანაც საგანგებო მდგომარეობაა (Ausnahmezustand) ნაწარმოები, „გამონაკლისს“ ნიშნავს. სუვერენულობა ესაა ძალაუფლების გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც სუვერენის ფიგურაში ისხამს ხორცს. სუვერენი თავადვე განსაზღვრავს საგანგებო მდგომარეობის საჭიროებას და მის გადაწყვეტილებაზევეა დამოკიდებული ყველა ქმედება ამგვარი საჭიროების გამომწვევი მიზეზების მოსაგვარებლად. ამგვარად, სუვერენი კანონს მიღმა დგას, თუმცა, შმიტისავე თქმით, იგი ამავდროულად სამართლებრივ წესრიგს მიეკუთვნება, რამდენადაც მისი გადასაწყვეტია კონსტიტუციის შეჩერება. შმიტის 1922 წელს ჩამოყალიბებული მოძღვრება სუვერენულობაზე დაგვირგვინდა 1934 წელს ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ გამოქვეყნებული წერილით, რომლის სათაურიცაა „ფიურერი იცავს კანონს.“ აქ უკვე „ფიურერის ნებაა კანონი“, ხოლო თავად ფიურერი განკითხვის ჟამის სამსჯავროს აღმსრულებლის ელფერს იძენს: „ჭეშმარიტი ფიურერი მსაჯულიცაა. ფიურერობიდან მოედინება მსაჯულობა (Aus dem Führertum fließt das Richtertum)“.

ძალაუფლების ასეთი უმასშტაბო კონცენტრაცია, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ვლინდება, ამგვარი ფორმით საარსებოდ მუდმივ საგანგებო მდგომარეობას საჭიროებს. ამიტომაც შმიტისეული სუვერენი იძულებულიც კია, თავი დაიცვას ნორმალიზაციისაგან, რომელიც მისი ძალაუფლების კლებასაც მოასწავებდა. შესაბამისად, სუვერენული ძალაუფლება თავადვე ქმნის ისეთ სისტემას, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მტრული და ქაოსის შემომტანი ძალები, რომელთაგანაც თავდაცვას და მათ გაუვნებელყოფას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრება დასჭირდება. ქაოსით გარშემორტყმული კოსმოსი (ანუ მოწესრიგებული სამყარო), ბარბაროსებით გარემოცული ცივილიზებულობა, „მესამე სამყაროდან“ ლტოლვილებით ალყაში მოქცეული ევროპა, ბოროტების იმპერიებთან და ღერძებთან მეომარი ამერიკა, თუ ანტიქრისტეს ნიშნების მაძებარი და განკითხვის ჟამის მომლოდინე ქრისტიანობა - მუდმივად საფრთხეში ყოფნისა და საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობის ცნობიერების სურათ-ხატებია, წარმოებული თავად „საფრთხეში მყოფი“ ჰეგემონიური ძალების მიერ, რომლებიც ამგვარი განწყობის შექმნით საკუთარ სუვერენულ პოზიციებს იმტკიცებენ და ექსპანსიას ლეგიტიმურს ხდიან. თუმცა საგანგებო მდგომარეობა, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოში შიდა წესრიგის დასამყარებლად ცხადდება და ის შინაური მტრების განეიტრალებისკენაა მიმართული. სუვერენული ძალაუფლება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხდება ხილვადი, არსებობს იმდენად, რამდენადაც როგორც მის წინ მყოფი მტრები, ასევე მის უკან მყოფი ქვეშევრდომები მოიაზრება, ანუ ვისზე, ვისი სახელითა და მეშვეობითაც ხორციელდება სუვერენული ძალაუფლება.

ერთობის ძალა და ძალის ერთობა

„ფიურერი“, ანუ ბელადი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ახალი ეპოქის პროდუქტი და, ამავე დროს, სამართლებრივი და პოლიტიკური პარადოქსია. თავისი შინაარსით ის არათუ პრემოდერნული, არამედ არქაული, სახელმწიფოებრიობამდელი ინსტიტუციაა, რომლის კვლევა და ანალიზი არა სახელმწიფო სამართლისა ან პოლიტიკური მეცნიერების, არამედ ეთნოლოგიისა თუ ანთროპოლოგიის სფეროს უნდა მიეკუთვნებოდეს. მაგრამ მოდერნულობის ერთ-ერთი მახასიათებელი მოდერნიზაციაზე, რაციოსა და გონიერებაზე რეაქციაცაა, რომელიც თავის წინამორბედთან, ანუ მონარქიულ აბსოლუტიზმთან დაბრუნებას კი არ გულისხმობს, არამედ არქაული „ძირების“ და „საწყისების“ თანამედროვეობაში გადმოტანას. თავად ბელადის ფიგურა, თავისი სუვერენული ძალაუფლებითა და საკულტო თაყვანისცემით, არქაულობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია მოდენულობაში.

გერმანული სოციოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მაქს ვებერის მიერ 1919 წელს შემოტანილი ტერმინი „ქარიზმატული ხელისუფალი“, ვებერისავე თქმით, ვრცელდება მის თანამედროვე პოლიტიკურ ხელისუფლებზე, რომლებიც საკუთარ თავში ჯადოქრის, წინასწარმეტყველისა და გმირის თვისებებს ითავსებენ; რომლებსაც ეს უნარები დამადლებულ-ნაწყალობები აქვთ - რაც „ქარიზმის“ არქაულ-რელიგიურ შინაარსს გადმოსცემს - და სწორედ ეს ქარიზმაა მათი ძალაუფლების ლეგიტიმაციის საფუძველი. ვებერიც თავის ცნობილ ლექციაში „პოლიტიკა, როგორც პროფესია“ ხშირად ხმარობს ტერმინ „ფიურერს“, ანუ ბელადს და დასავლურ, ოქციდენტალურ სპეციფიკად მიაჩნია პოლიტიკური დემაგოგების ქარიზმატულ ბელადებად აღზევება, რომლებისაც ხალხს სწამს და მათ რწმენით უკან მიჰყვება. ბელადის და მისი მიმდევრების ასეთი შეხმატკბილებულობა საჭიროებს ადამიანთა ერთობის განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც ასევე მოდერნის ეპოქაში გაცოცხლებული, მაგრამ ლამის პრეისტორიული წარმოშობისაა: ესაა სისხლისა და მიწის ერთობაზე დამყარებული თემი.

„სისხლი“ და „მიწა“, როგორც კოლექტიური ერთობის ფაქტორი, თეორიულად კიდევ ერთ გერმანელ ავტორს - სოციოლოგ ფერდინანდ თიონისსა და მის ეპოქალურ ნაშრომს „თემი და საზოგადოება“ (1887) უკავშირდება. თიონისი ადამიანთა კოლექტიური დაჯგუფების ორ ძირითად სახეობას განასხვავებს: პირველია, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს დიდი სოციალური ერთობის ნაწილად განიცდის და საკუთარ ქმედებებსა და აზროვნებას ამ კოლექტივის წესებს უმორჩილებს. ასეთ კოლექტივს ეწოდება თემი (Gemeinschaft). თემურობის მაგალითებად თიონისი სოფელს, სამეურნეო ამხანაგობებს და საეკლესიო მრევლს ასახელებს. მეორეა, როდესაც ცალკეული ადამიანი სხვა ადამიანებს იყენებს საკუთარი ინტერესებისამებრ, როგორც ინსტრუმენტს თავისივე მიზნებისათვის. ასეთ გაერთიანებას თიონისი აღწერს საზოგადოებად, რომელიც ქალაქური ყოფის ნაწილია და თვისებრივად განსხვავებულია ჰომოგენური თემისაგან. თემური დაჯგუფების განმსაზღვრელია კოლექტიური მეხსიერება და მისგან გამომდინარე ადათ-წესები. თემში ძალაუფლება „მამის“ ავტორიტეტზე და მისდამი მორჩილებაზე დგას. თემის პირველადი სახეა „სისხლის ერთობა“, ანუ სისხლით ნათესაობა, რომელიც „ადგილის ერთობად“ ვითარდება და საბოლოოდ „სულიერ ერთობად“ ყალიბდება.

ამგვარ ერთობაზე დგას ერთობის ფაშისტური იდეაც, რომელიც ტრადიციული თემურობის იდეალიზაციიდან გამომდინარეობს და მას უცხო, ანუ არამონათესავე, სხვა კულტურის წარმომადგენლებისათვის კეტავს ან მათგან ასუფთავებს. ფაშიზმი მიმართულია არქაულობის, შეიძლება ითქვას, „ქთონური“ სააზროვნო და კულტურული ფორმებისკენ, რომელიც „ძირებთან“ და „საწყისებთან“ დაბრუნებისკენ ლტოლვით გამოიხატება. საერთო წარმომავლობისა და სისხლით ერთობის დამიწება და მისი საკულტო ხარისხში აყვანა ადამიანს გენეალოგიურად საკუთარი მოდგმის საწყისთან, დასაბამთან აკავშირებს. გერმანელი თეოლოგი პაულ ტილიხი 1933 წელს დაწერილ თავის ანტიფაშისტურ წიგნს „სოციალისტური გადაწყვეტილება“ დასაბამის მითოსის გააზრებით იწყებს. მითოსში დასაბამი ადგილია, რომელიც არა უბრალოდ მშობლიური მიწაა, არამედ ძალის, ძალაუფლების სათავეც. ამ მითოსის თანახმად, „ვინც დაკარგა მიწა, რომელმაც ის შვა, მან თავისი ღმერთი და მისი მზიდავი ძალა დაკარგა. ისაა ღატაკი, უსამშობლო, ძალაწართმეული.“ ტილიხის თქმით, მიწიდან ამოიზრდება „ანიმალური, სისხლის დასაბამი“, რომელიც ამ თემური ერთობის ძალას სხვების, მათგან განსხვავებულებისა და უცხოების წინააღმდეგ, მათზე ძალადობისკენ წარმართავს.

ტილიხის სიტყვებით, „სადაც დასაბამი მბრძანებლობს, იქ არ შეიძლება სიახლე გაჩნდეს.“ დასაბამისა და წარმომავლობის ცნობიერება ადამიანებს აბრუნებს აზროვნებისა და სოციალური ორგანიზაციის არქაული ფორმებისკენ, რომელშიც გამაერთიანებელი და კანონმდებელი ძლიერი „მამის“ ხატებაა. ერთობის ძალა ხორციელდება სწორედ ამ საერთო და ზეძალის მქონე მამის ფიგურაში, რომლისადმი უპირობო მორჩილება ამ ერთობის თითოეული წევრის ყოფიერების განმსაზღვრელია. მისი ძლიერი კალთების ქვეშ ცალკეულები თავს არა მხოლოდ დაცულად და უსაფრთხოდ, არამედ მისი სიძლიერის თანაზიარადაც გრძნობენ და მათი ცხოვრებაც მიზანს და საზრისს იძენს. დიდი და ძლიერი მამის აჩრდილი, რომელიც ძალაუფლებას, კანონს, ნორმას, ადათს და უსიტყვო მორჩილების იმპერატივს განასახიერებს, არის ფაშისტოიდი სუბიექტის მშობელი, რომელზეც შემდეგ წერილში ვისაუბრებთ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG