Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოროტების ბანალურობა


1930 წელს, როდესაც ევროპის დიდი ქალაქები აგრესიული მასების ძალადობისა და სისასტიკის ასპარეზად იყო ქცეული, გამოქვეყნდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ესპანელი ფილოსოფოსის, ხოსე ორტეგა ი გასეტის ეპოქალური მნიშვნელობის წიგნი „მასების ამბოხი“, რომელშიც მან ბოროტების თემაზე ფრანგი მწერლის, ანატოლ ფრანსის სიტყვების გამოყენებით, ჩამოაყალიბა აზრი, რომ სიბრიყვე, რომელიც უსასრულოა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ბოროტებაზე უარესია. ბოროტი ადამიანი ხანდახან მაინც ისვენებს და არ ჩადის ბოროტებას, ბრიყვი კი მუდამ ბრიყვობს.

ერთი შეხედვით, რა მოხდა, თუკი ვინმე ბრიყვია ან საკუთარ სიბრიყვეს აფრქვევს? ორტეგასავე აზრით, ბრიყვი ადამიანი შეურაცხადია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ლოგიკური არგუმენტაციით კამათი შეუძლებელია. მის აზროვნებას და ქმედებას აკვიატებული ან მასში შთაგონებული აზრები განსაზღვრავენ. ის მუდამ დარწმუნებულია, რომ ჭეშმარიტებას ფლობს და ამაში მას ეჭვი არასდროს უჩნდება. ვერც იმას ამჩნევს, - საამისოდ მას გონებრივი ძალისხმევა არ ყოფნის, - რომ ის კი არ აზროვნებს, არამედ მუდამ სხვის, საყოველთაოდ მიღებულ აზრებს იმეორებს, რომელთა შინაარსზეც ის არასდროს დაფიქრებულა. ამ თითქოს უებარი თვისების შემზარაობა კი ისაა, რომ სწორედ ბრიყვი ან გაბრიყვებული ადამიანები შეადგენენ იმ ბიოლოგიურ მასას, რომელიც მუდამ მზადაა საკუთარი აზრის არმქონეთა ძალადობრივ სისტემად გარდაიქმნეს. ორტეგასავე თქმით, ამბოხებული მასა მოძალადეა და მხოლოდ ძალადობით სურს თავისივე მსგავსი უსახურობა და ერთფეროვნება გააბატონოს: „განსხვავებულობა უკეთურებად მიიჩნევა. მასა ანადგურებს ყველაფერს, რაც სხვანაირია, გამორჩეულია, პიროვნულია, თვითნაბადი და თვალში საცემია. ვინც ისეთი არაა, როგორიც ყველა, ვინც ყველასავით არ ფიქრობს, ის გაჟლეტის საფრთხის ქვეშაა.“

ერთსულუვან და ერთაზრიან ადამიანთა ერთობას, რომელთათვისაც გასხვავებული აზრი, ცხოვრების ფორმა თუ სტილი, ზოგადად ყველაფერი უცხო - მიუღებელი და საძულველია, ხოლო საკუთარ ძალას მხოლოდ ერთნაირთა ერთობაში ხედავს, ფაშიზმი ეწოდება. ესპანელი ფილოსოფოსის ზემოთ მოტანილი სიტყვების გამოქვეყნებიდან სულ რამოდენიმე წელიწადში ეს ამბოხებული მასა, რომელიც ყველა „განსხვავებულს“ ქუჩაში ძალადობით უსწორდებოდა, გერმანიის ხელისუფლების სათავეში მოექცა და უკვე სახელმწიფო მექანიზმებით შეუდგა ყველა უცხოსა და მისი არამსგავსის მასობრივ ფიზიკურ განადგურებას. ამ მოვლენას ჰოლოკოსტი ეწოდება და თავისი ვიწრო მნიშვნელობით 1933-1945 წლებში ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით, უპირველეს ყოვლისა, არაარიელების, ანუ ებრაელებისა და ბოშების, საბოლოო ჯამში კი ყველა „დაბალი რასის“ წარმომადგენლების მოსპობას ნიშნავს. ამასთანავე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ ის „არიული“ წარმოშობის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ყოფითა და აზროვნებით არიულ რასას არცხვენდნენ და აკნინებდნენ. ესენი იყვნენ კომუნისტები, ჰომოსექსუალები, სოციალისტები, ლიბერალები, - ყველა, ვინც ნაცისტურ იდეოლოგიას და მის ნორმებს არ იზიარებდა. ამდენად, ჰოლოკოსტს ფართო ან გადატანითი მნიშვნელობაც აქვს და ის გარკვეული ნიშნით განსხვავებულ ადამიანთა კატეგორიების განადგურებას გულისხმობს.

ჰოლოკოსტი კაცობრიობისა და ადამიანურობის წინაშე ჩადენილ ყველაზე დიდ და შემზარავ დანაშაულად მიიჩნევა, რომელში დამნაშავედ ეჭვმიტანილთა ძებნა და სამართლებრივი დევნა დღესაც გრძელდება. 1963 წელს იერუსალემში ერთ-ერთი ასეთი დამნაშავის – ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესი გაიმართა. აიხმანი, როგორც SS-ის ოფიცერი, ე.წ. ებრაელთა საბოლოო განადგურების გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო. გერმანულ-ებრაული წარმოშობის ფილოსოფოსი ჰანა არენდტი, რომელიც ჩემთვის პროფესიული კეთილსინდისიერებისა და უკომპრომისობის განსახიერებაა და რომელმაც ჰოლოკოსტის თემას თავის ყველაზე ცნობილი ფუნდამენტური ნაშრომი – „ტოტალიტარიზმის წარმოშობა“ მიუძღვნა, ესწრებოდა ამ პროცესს და მის შესახებ წიგნი დაწერა, რომლის ქვესათაურიცაა „მოხსენება ბოროტების ბანალურობის შესახებ“. არენდტის თანახმად, ბოროტება ბანალურია, ანუ ის საყოველთაოდ გავრცელებული უპიროვნო საწყისისაა, რისი განსახიერება აიხმანიც იყო. ბოროტების ბანალურობა საკუთარი, თავისუფალი ნების არგამოყენებიდან და უსიტყვო მორჩილებიდან წარმოიშობა. ბოროტება, მთელი მისი ბანალურობით, ადამიანის უუანრობაა, სამყარო თავისგან განსხვავებულებთან ერთად რომ გაიყოს, ანუ ის არათავისნაირებთან ცხოვრების შეუძლებლობაა.

ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, 17 მაისის პოგრომი თბილისში შემცირებული და პროვინციული მასშტაბის ჰოლოკოსტის მცდელობა იყო, როდესაც მრავალრიცხოვანი და ანიმალური აგრესიით ეგზალტირებული ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს „მართლმადიდებლებს“ უწოდებენ, შეეცადნენ ფიზიკურად გაენადგურებინათ მათთვის არასასურველი და მათგან განსხვავებული აზროვნებისა და ცხოვრების წესების მქონე ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. ეს არ ყოფილა არც „სამოქალაო დაპირისპირება“ და ის არც სამოქალაქო ომს არ შეიძლება შევადაროთ, რამდენადაც ეს უკანასკნელი მეტნაკლებად თანაბარი შესაძლებლობების შეიარაღებულ დაპირისპირებას გულისხმობს. აქ კი შეკრებილი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ, საზოგადოების იმ ნაწილის გაჟლეტას შეეცადნენ, რომელთა უბრალო თანაარსებობაც კი მათთვის არათუ წარმოუდგენელია, არამედ მათი უფლებების შელახვადაც გაიგება. ფაშიზმის ფუნდამენტური იდეა ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებული ადამიანებისათვის არსებობის უფლების ჩამორთმევაა.

ფაშიზმისა და ჰოლოკოსტის იდეოლოგების მსგავსად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მოთარეშე გამძვინვარებულ ბრბოს შთააგონეს, რომ არსებობენ ქართველი ერის მოღალატენი და გარყვნილ-გადაგვარებული ადამიანები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ერის აწმყოსა და მომავალს. ნიშანდობლივია, რომ მათი იდეოლოგებისა თუ აქტივისტების ლექსიკაც მთლიანად ჰოლოკოსტის ტერმინოლოგიიდანაა აღებული: „გარყვნილება“, „ავადმყოფობა“, „გადაგვარებულობა“ – ეს სწორედ ის იარლიყებია, რომლებითაც ნაცისტები ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებსა და გაზის კამერებში ერეკებოდნენ. ფაშიზმი თავად იგონებს და ქმნის მტრის ხატებს, როგორც სამიზნეებს, რომლისკენაც გაბრიყვებული მასების აგრესია უნდა იყოს მიმართული. ეს პროცესი საქართველოში გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და სხვადასხვა დროს სამიზნედ საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად არაქართველები, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები, „მასონები“, „სოროსელები“ თუ რომელიმე უცხო სახელმწიფოს „აგენტები“ ცხადდებოდნენ. უკანასკნელ წლებში, როდესაც მტრების ძებნა-გამოვლენის მისია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მის ექსტრემისტულ ფრთასთან შეხმატკბილებულმა პოპულისტმა პოლიტიკურმა ძალებმა იკისრეს, ახალი სრულყოფილი მტრის ხატება გამოიკვეთა: ესაა „განსხვავებული“ თუ „არატრადიციული“ სექსუალური ორიენტაციის ადამიანები. ქართული ტერმინი „მამათმავალი“ ან „პიდარასტი“ არა იმდენად სექსუალური მიდრეკილების აღმნიშვნელია, არამედ ფაქტობრივად იმავე შინაარსისაა, როგორისაც ნაცისტებისათვის „ებრაელი“. თუ რატომ მოხდა მთელი აგრესიის კონცენტრაცია სექსუალური ნიშნით, ამას საკმაოდ ღრმა საუფუძვლები აქვს და ცალკე ანალიზს საჭიროებს. ამჯერად კი მოკლედ მხოლოდ თავად მტრის ხატის მნიშვნელობას შევეხები.

მტრის ხატის იდეა საკმაოდ ძველია, ის არქაულ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდება და სხვადასხვა დროსა და კულტურაში განსხვავებული ფორმით ვლინდება. ძველი აღთქმიდან ნასესხები სიმბოლო „განტევების ვაცი“ თანამედროვე ანთროპოლოგიაში მთელი თემის ცოდვების თუ უკეთურობების ერთ საგანზე ან სამსხვერპლო ცხოველზე, ან ადამიანზე გადატანას და შემდგომ მის რიტუალურ განადგურებას ნიშნავს. „განტევების ვაცის“ მოკვლით მთელი საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს მანკიერებებისაგან. კოლექტიური კვლა, იქნება ეს მსხვერპლშეწირვა თუ ჩაქოლვა, საზოგადოებისა თუ თემის გამთლიანებისათვისაა საჭირო. ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი ასეთ მკვლელობას „კოლექტიურ დანაშაულს“ უწოდებს, რომელში თანამონაწილეობაც, ანუ ერთად ჩადენილი სისხლისღვრა, კოლექტიური ერთობის ფსიქოლოგიური ფაქტორია. პრელოგიკური აზროვნების ეს პრინციპი უფრო ძლიერიც კია, ვიდრე ლოგიკური თუ გონებრივი არგუმენტაცია, განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებებში, სადაც ლოგიკური აზროვნების დეფიციტია.

პრელოგიკური აზროვნების ტიპური ნიმუშები უხვად გამოჩნდა 17 მაისს და მომდევნო დღეებში პოგრომის ორგანიზატორთა, მასში მონაწილეთა თუ ამ ძალადობის გამმართლებელ-გამაუბრალოებელთა კომენტარებსა თუ არგუმენტებში. საუკეთესო მაგალითი „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა“, ანუ თუ ადამიანი, განსაკუთრებით მოზარდი, საჯარო სივრცეში ჰომოსექსუალ წყვილს დაინახავს ან მას ეტყვიან, რომ ჰომოსექსუალობა არაა არც გარყვნილება, არც დაავადება, არამედ ისაა სექსუალური გემოვნების ნაირსახეობა, როგორც ეს ლოგიკურად მოაზროვნეთათვის გაიგება, მაშინ ისიც, რომ გაიზრდება, ჰომოსექსუალი გამოვა. ამგვარი გულუბრყვილობის უკან იმალება ადამიანის უუნარობა, საკუთარი პირველყოფილი შიში მისთვის უცხო ან უცნობი მოვლენების მიმართ განსჯისა და გონებრივი ძალისხმევის მეშვეობით გაანეიტრალოს. ხშირ შემთხვევაში კი ჰომოფობია, ისევე როგორც უცხოსა და განსხვავებულისადმი ზიზღნარევი შიში იმითაა გამოწვეული, რომ ამ შიშით დასნეულებული „განსხვავებულში“ საკუთარ თავს, საკუთარ ფარულ ვნებებსა და ლტოლვებს ან თუნდაც საიდუმლო პრაქტიკებს ამოიცნობს და საკუთარი საიდუმლო რომ უკეთ დაფაროს, საჯაროდ გამოხატავს ზიზღსა და აგრესიას იმათ მიმართ, ვისთვისაც ასეთი რამ არაა შემზარავი ან „მომაკვდინებელი ცოდვა“. ფროიდი ქსენოფობიას, უცხოს, განსხვავებულის მიმართ შიშს საკუთარი ცნობიერებიდან განდევნილთან ან გასაიდუმლოებულთან იგივეობით ხსნის: „უცხო“ დავიწყებული ან დამალული საკუთარი სურვილია, რომლის დანახვაც ადამიანში პანიკურ შიშს აღძრავს, რათა მისი საიდუმლო არ გამჟღავნდეს და ის აგრესიული ქმედებით ცდილობს საკუთარი შიშის გადალახვას. სწორედ ამ შიშით მოტივირებული აგრესიით იკვებება ფაშიზმი, რომელიც ძალაუფლებას დახარბებულ პოპულისტთა საუკეთესო იარაღია მოძალადეობრივი და ტოტალიტარული პოლიტიკური სისტემების შესაქმნელად, რომლებიც ყოველთვის მაღალი ზნეობისა და მორალის იდეალებით ინიღბებიან.

17 მაისის მარბიელთა ლაშქარს ერთ-ერთ ადვოკატად ზოგიერთი „მემარცხენე“ პოპულისტიც გამოუჩნდა, რომელთა აზრითაც, ეს კეთილშობილი ადამიანები გაჭირვებამ და სოციალურმა ჩაგვრამ გაამწარა: „მათ არ ჰქონიათ განათლების მიღების საშუალება!“ დამნაშავე კი „ლიბერალებად“ შერაცხული საშუალო ფენაა, რომელმაც საკუთარი იდენტობის ჩვენებით თურმე ჩაგრული ხალხი გააღიზიანა. სოციალური და ეკონომიკური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია ფაშიზმისა და ფუნდამენტალიზმის ასახსნელად. თუმცა ამ არგუმენტის აბსოლუტიზაცია ერთ მეტად სახიფათო და მცდარ მომენტს შეიცავს, რომელიც სოციალურად დაუცველებსა და ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფებს პოტენციურ მოძალადეებად წარმოსახავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ადამიანების დამგეშები სწორედაც რომ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შეძლებულ ფენას – სამღვდელოებას წარმოადგენენ. მათ გვერდით, თანაც გამორჩეულად ობსკურანტული იდეებით, არც უმდიდრესი ფენის წარმომადგენელთა გამოჩენა ყოფილა შემთხვევითი, რომლებისთვისაც ეს ხალხი საკუთარი ძალის დემონსტრაციის იარაღია. ბოროტება, რომლის ზეიმიც 17 მაისის საკრალური მსხვერპლშეწირვა იყო, სწორედ ასეთ ბანალურობებზე დგას. ეს დღე, რომელსაც აგრესიული ფუნდამენტალიზმის გამოკვეთილმა ლიდერმა – კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ქართველი ერის იდენტობის დაცვისა და დემონსტრაციის დღე უწოდა, საქართველოში ზნეობრიობის, მორალისა და ყველა იმ იდეალის განადგურების სიმპტომი იყო, რომელიც ერთ დროს თავად ქრისტიანობამ იქადაგა. ამ ახალი ეროვნული იდენტობის სახე – პირუტყვული ძალადობა, აგრესია, დემაგოგია კი ყველაზე ფართო მასშტაბიანი ამორალურობისა და ზნეობრივი გათახსირების დემონსტრაცია იყო, რომლის დაძლევასაც მრავალი წელი დასჭირდება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG