Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეხვედრები საპატრიარქოში


“რა ფილმს უჩვენებთ შაბათს? განრისხდა საპატრიარქო,” მითხრა ნიკა ტაბატაძემ 2004 წლის შემოდგომაზე, როცა მეც და ნიკაც ჯერ კიდევ რუსთავი 2-ში ვმუშაობდით. უბრალოდ, ნიკა ტელევიზიის დირექტორი იყო, მე კი გადაცემა “ფსიქოს” წამყვანი.

“ვაგრძელებთ კიშლოვსკის რეტროსპექტივას, მეექვსე “დეკალოგია”, მორალურზე მორალური ფილმი. იმედია, კათოლიკე რეჟისორებსაც არ გამოუცხადეს დევნა” - გაოცებულმა და ცოტა ნაწყენმა ვუპასუხე.

“არა. ანონსი ნახეს და საპატრიარქოდან დამირეკეს, ჩვენს წმინდანს, მარია მაგდალინელს აყენებს შეურაცხყოფასო.”

ანონსი არ მახსოვდა. ერთად შევხედეთ. ისიც არ მახსოვდა, რომ დეკალოგის ამ სერიის მთავარ გმირს მარია მაგდალინელი ჰქვია.

“მარია მაგდალინა ყოველ ღამით იცვლის საყვარლებს. ტომეკი კი უთვალთვალებს მას და ხვდება, რომ უყვარს მეზობელი ქალი.”

ამ ტექსტის და ზბიგნევ პრეიზნერის ულამაზესი მუსიკის ფონზე გადიოდა ანონსი რუსთავი 2-ის ეთერში.

“ფილმის მოხსნას მოითხოვენ ეთერიდან. თუ არა და, ხვალ გრანდიოზულ აქციას მოგიწყობთ ოფისთან და გვახარიას ვამხელთ სატანასთან გარიგებაშიო”... ეს მითხრა ღიმილით და თვალი გამისწორა. აინტერსებდა, რამდენად მზად ვარ ასეთი წყევლა-კრულვისთვის.

რაღაც მსგავსი აქცია ვაჟა-ფშაველაზე, რუსთავი 2-ის ოფისთან ადრეც მოეწყო. ის ხალხი, ვინც თავის თავს “მრევლს” უწოდებს ზარებით, სანთლებით და ხატებით მოვიდა. ჰო, პლაკატი ეჭირათ კიდევ ხელში: “მოაშორეთ გვახარია ცისფერ ეკრანს!”. როგორც აღმოჩნდა, პროგრამაში ნახეს მარტინ სკორსეზეს “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” და გადაწყვიტეს, რომ ფილმი “ფსიქოში” გადიოდა. ცოტა გაუკვირდათ, როცა შეიტყვეს, რომ არასდროს მიფიქრია ამ სურათის “ფსიქოში” ჩვენება და საერთოდ არ ვარ სკორსეზეს თაყვამისმცემელი.

გაიგეს და დაიშალნენ. რუსთავი 2-მა სკორსეზეს სურათი ეთერიდან მოხსნა.

“დაურეკე რა შორენას და უთხარი, რომ ბიბლიურ მარია მაგდალინელთან კიშლოვსკის ფილმის გმირს არაფერი აკავშირებს სახელის გარდა” - ვთხოვე ნიკას, თუმცა ამას რომ ვეუბნებოდი, ვიგრძენი, რომ პირველად ცხოვრებაში მომეცა შანსი, პირადად გამეცნო ხალხი, ვინც მწყევლიდა და მაგინებდა. ველაპარაკებოდი ნიკას და ვხვდებოდი, რომ მომინდა ამ ადამიანებისთვის შემეხედა თვალებში და ერთი-ორი ძალიან ტკბილი სიტყვა მეთქვა მათთვის.

“გინდა წავალ საპატრიარქოში? ავუხსნი ყველაფერს.”

მაგის თქმა ვერ გაგიბედე, თუმცა სწორედ ამას მოითხოვენო, მითხრა გახარებულმა ნიკამ. დარეკა ქალბატონ შორენასთან და შეხვედრაც დაინიშნა.

ეს “დაბარებები” უცხო არ იყო ჩემთვის. დიდი ხნის წინ, საბჭოთა ეპოქაში, ერთხელ ცეკაში დამიბარეს, ქართველ მწერალთა გაზეთს “ფაშისტური” როგორ უწოდე, ბოდიში მოიხადეო. ერთხელაც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის პატარა ოთახში “გასაუბრებაზე”, დასავლეთ გერმანიაში გამგზავრების წინ. საპატრიარქოში დაბარებების და საქმის გარჩევების შესახებ გაგონილი მქონდა ლაშა ბუღაძისგან, რომელსაც შავი დღე აყარეს და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს “პირველი რუსის” გამოქვეყნების შემდეგ.

მაგრამ როგორც კი საპატრიარქოში მივედი, მივხვდი, რომ მოლოდინი არ გამართლდა, წარმოდგენილი მიზანსცენა არ “აიგო” და დრამატურგია, რომელიც ჩემთვის ჩავწერე, სულ სხვანაირად განვითარდა.

“ჩვენ არა, კაცო, ჩვენ კინოსთან რა გვესაქმება?! ერთი-ორი გადარეული გვყავს შემოჩენილი და ისინი ემზადებიან აქციისთვის. საპატრიარქოს სთხოვეს რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ მოვაწყობთ აქციასო, უწმინდესს დაემუქრნენ.”

მგონი ანდრიაძეა ეს კაცი, ვინც ამ სიტყვებით დამხვდა და პატარა ოთახში შემიყვანა. ოთახს გარედან წარწერა ჰქონდა “უცხო პირები ნუ შეგვაწუხებთ.”

“ქალბატონი შორენა არ მოვა?” - ვიკითხე აღელვებულმა. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი გამეცნო ქალი, რომელიც, როგორც ამბობდნენ, “ატრიალებდა” ქართულ ტელევიზიებს და საერთოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მე კიდევ ჭკუას ვკარგავ ქალებზე, რომლებიც მამაკაცებს “ატრიალებენ.”

ქალბატონი შორენა არ გამოჩნდა. საპატრიარქოდან შეხვედრას დაესწრო ვინმე ცხოვრებაძე (დამავიწყდა მისი თანამდებობა)... და რაც მთავარია, მოვიდა ის ორი ქალი, ვინც აქციის მოწყობით იმუქრებოდა. ერთ-ერთი, ყიფიანის ქალი იყო, როგორც თავად გამეცნო, გაზეთ “მადლის” რედაქტორი.

უი, არ ვიცი. შეიძლება “მადლი” კი არა, “მრევლი” ერქვა იმ გაზეთს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს. გავაგრძელოთ.

ვიცი, რაზეც დამიბარეთ, გაუგებრობაა-მეთქი. მოვუყევი რაზეცაა კიშლოვკის ფილმი, ყველაფერთან ერთად არაჩვეულებრივი მუსიკაა-მეთქი და წავიმღერე.

ხასიათი მაქვს ასეთი. როცა მეშინია, ექსცენტრიულად ვიქცევი.

ამ დროს მეჩვენება კიდეც რაღაცები. მომეჩვენა, რომ ეს ბატონი ცხოვრებაძე რაღაც უცნაურად მათვალიერებდა. ქალი რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი, რომ უხერხულად ვზივარ და იმიტომ მიყურებს ასე.

ეს რაზე გამახსენდა, იცით? ამ ქალმა, “მადლის” (თუ “მრევლის”) რედაქტორმა მითხრა, თქვენს გადაცემას ჩვენ არ ვუყურებთ, მაგრამ ხომ შეიძლება “გადაგვერთოს” ტელევიზორი და თვალი გაგვეპაროსო. აი, მეტროსთან პორნოგრაფიულ ჟურნალებს რომ ყიდიან, რამდენჯერმე ცნობისმოყვარეობამ წამძლია, მერე მოძღვარს ვუთხარი აღსარებაში და დამტუქსა ამის გამოო.

“თბილისში პორნოგრაფიას ყიდიან მეტროსთან?” - გავიკვირვე.

“ვითომ არ იცით, ბატონო გოგი.”

არ ვიცი-მეთქი, “საერთოდ, გაგიკვირდებათ და არ მიყვარს პორნოგრაფია” - ასე ვუპასუხე.

“თქვენ ალბათ მოგბეზრდათ” - განაცხადა ქალბატონმა ყიფიანმა და საქმეს მიუბრუნდა.

“თუკი ეს ფილმი ჩვენს წმინდანს არ ეხება, გაუშვით. ოღონდ ეს ანონსი აღარ დაგვანახოთ.”

კაი-მეთქი.

შეხვედრა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. ვილაპარააკეთ აქეთურზე, იქითურზე. ეკლესიაზე, კინოზე, სექსზე... და დავიშალეთ.

წასვლის წინ იმ წვერებიანმა კაცმა, ყურადღებით რომ მათვალიერებდა, თავისი ტელეფონი ჩამაწერინა. ეხლაც უნდა მქონდეს სადღაც ის ფურცელი. დარეკე ხოლმეო.

რუსთავი 2-ში რომ მივედი, ნიკას კომპრომისის ხელოვნებაზე ველაპარაკე. ანონსი მოიხსნა, მაგრამ საქმე გაკეთდა - კიშლოვკის ფილმი მაინც გავიდა ეთერში.

ქალბატონი შორენა კი მაინც ვერ გავიცანი. და, როგორც ჩანს, არც არასდროს შედგება ჩვენი შეხვედრა. ასაკთან ერთად კონფორმისტი ხდება კაცი (და ქალიც). სითბო და ვიტამინებით მდიდარი საჭმელი უყვარს და აღარც არავინ “ათვალიერებს.”

თუმცა, იმედი მაქვს, გამოჩნდებიან ახალგაზრდები, რომელთაც აუცილებლად “გამოიძახებენ” ჩვენი ქვეყნის ყველაზე გავლენიან უწყებაში... გაიცნობენ და მერე გვიამბობენ, როგორ ჩაიარა შეხვედრამ ოთახში, სადაც წარწერაა გამოკრული: “უცხო პირები ნუ შეგვაწუხებთ.”

* * *

საქმე გაკეთდაო, გვითხრეს უმრავლესობის წევრებმა ამ დღეებში.

შედგა პატრიარქთან მოლაპარაკება და პარლამენტმა გაითვალისწინა უწმინდესის და უნეტარესის შენიშვნებიო... ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონს მაინც მივიღებთ. თუმცა საქართველოს პატრიარქის მოსაზრების გათვალისწინებითო. ეს მოსაზრება კი ყველამ მოვისმინეთ - ილია მეორემ განაცხადა: “ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი. ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს, რა სჭირდება თითოეულ რაიონს.”

ცხადია, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი მოსაზრება ამ კანონპროექტზე და, მით უმეტეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია ქვეყანაში. თვით ბიძინა ივანიშვილზე უფრო ავტორიტეტული.

თუმცა ივანიშვილი ხომ წავიდა? წავიდა სამოქალაქო სექტორში და დაგვიბარა, ქარიზმატული ლიდერების და ავტორიტეტების დრო გავიდაო. ეს კი დაგვიბარა, მაგრამ არც ეგრე ყოფილა მთლად საქმე. ფაქტია - ხელისუფლების წარმომადგენლები (მაინც ვერ გაარკვია ქართულმა მედიამ, კონკრეტულად ვინ) დაიბარეს საპატრიარქოში... და ათქმევინეს, გავითვალისწინეთ შენიშვნებიო.

რა შენიშვნები? ის, რომ ხელისუფლება უნდა “განიხილავდეს” ადამიანების ცხოვრებას? ეს ხომ გავიარეთ უკვე? ეს სისტემა ხომ დაინგრა? ხომ ვამბობდით, “9 წელი ხელისუფლება როგორც მარიონეტებს, როგორც თოჯინებს, როგორც ბაღა-ბაგის ბავშვებს ისე გვექცეოდა”?

როგორც ჩანს, ის, რასაც მართლაც “სისტემა” ჰქვია, ძალაუფლების ვერტიკალზე აგებული მენტალობა, საქართველოში არ დანგრეულა და კიდევ დიდხანს არ დაინგრევა. ამ ქვეყანაში არ ენდობიან არა იმდენად ადგილობრივ ხელისუფლებას, რამდენადაც არ ენდობიან ადამიანებს. ამ ქვეყანაში, უბრალოდ, არ უყვართ ადამიანები, ამიტომაც სისტემის შენარჩუნებისთვის მათ მართვას ანიჭებენ უპირატესობას.

მათ მართვას და მათ გამოძახებას. აქაც იერარქიის მიხედვით. ჩინოსნებს ბროლის ჭაღებით და ხალიჩებით გაფორმებულ დარბაზებში, ჭიქა კონიაკთან. “პროლეტარიატს” კი ოთახებში, სადაც უცხო პირებისთვის შესვლა აკრძალულია და სადაც თვით ქალბატონი შორენაც კი არ კადრულობს შესვლას.

* * *


ტექსტის გამოქვეყნებას ვაპირებდი, როცა გაირკვა, რომ ვაგზლის მოედანზე კიდევ ერთი უსახლკარო ადამიანი გარდაიცვალა.

იმედი მაქვს ის ბატონები და ქალბატონები, რომლებმაც ორგანიზაცია „იდენტობას“ თავშესაფრის გახსნაში შეუშალეს ხელი, თავიანთ მოძღვრებს ახლა იმას კი არ ეტყვიან, შევცოდე და პორნოჟურნალისკენ გამექცა თვალიო, არამედ თავიანთ მოძღვართან ამ მძიმე ცოდვას მოინანიებენ.

მაგრამ დატუქსავს თუ არა მათ მოძღვარი? აი ესაა ამ ქვეყნის მთავარი კითხვა დღეს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG