Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ენა წახდეს


(წერილები კანიდან - 4)

ორი წელია უკვე, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმებს აღარ თარგმნიან არცერთ ენაზე - არც ფრანგულად, არც ჩინურად, არც რუსულად. ნელ-ნელა დააკლეს ენები და ბოლოს მხოლოდ ინგლისური სუბტიტრები დატოვეს. თარგმნა ძვირი ჯდება, ინგლისური კი, ბერლინალეს ფესტივალის დირექციის მტკიცებით, ყველამ იცის, ვინც ბერლინალეზე ჩადის.

კანში ასე არ ფიქრობენ. აქ წარმოუდგენელია ფილმი აჩვენონ ფრანგული თარგმანის გარეშე. თუმცა საფრანგეთის კინოფესტივალები, როგორც ჩანს, მალე გამონაკლისი გახდება - ინგლისური უნივერსალური გახდა მთელი კინოს სამყაროსთვის.

ახლა კანის 68-ე კინოფესტივალის პროგრამებს გადავხედოთ. ჩვენს ყურადღებას მიიპყრობს ერთი ტენდენცია - აქ ნაჩვენები ფილმების უმრავლესობა ინგლისურ ენაზეა გადაღებული. ასეა კონკურსშიც. მიუხედავად იმისა, რომ 19 საკონკურსო ფილმს შორის ინგლისურ-ამერიკული ფილმი სულ სამია.

სამაგიეროდ ინგლისურად იღებს თავის ფილმებს ახლა ნორვეგიელი რეჟისორი ჰოაკიმ ტრიერი (მისი “ბომბებზე ხმამაღლა” კანის წლევანდელ კონკურსშია წარმოდგენილი), ინგლისურად საუბრობენ პაოლო სორენტინოს “სიჭაბუკეში” და, თქვენ წარმოიდგინეთ, იტალიური ზღაპრების იტალიური ეკრანიზაცია, მატეო გარონეს “ზღაპრების ზღაპარიც” ინგლისურენოვანია.

სკანდინავიის ქვეყნებში ამ ტენდენციას ყველა შეეგუა. აქაური ბაზარი არ არის იმხელა, რომ, დავუშვათ, ნორვეგიულ ენაზე გადაღებულმა ფილმმა თავისი თავი შეინახოს. ინგლისური კი სკანდინავიის ქვეყნებში მართლაც თითქმის ყველამ იცის. ამბობენ, რომ ზოგიერთი ფინელი, შვედი ინგლისურენოვან ამერიკელზე უკეთესად მეტყველებს ინგლისურად.

კანის წლევანდელ ფესტივალზე არაერთმა კინოკრიტიკოსმა გამოთქვა შეშფოთება “ენობრივი გლობალიზაციის” გამო კინოში. მიზეზის განმეორებას აზრი აღარ აქვს, მიზეზი ყველამ იცის. ეს მიზეზი ორი სიტყვით გამოიხატება წლევანდელი ფესტივალის კარგი საკონკურსო ფილმის სათაურში - “ბაზრის კანონი”.

ფრანგი რეჟისორის, სტეფან ბრიზეს ფილმში, შუახნის მამაკაცი, რომელიც 20 თვეა უმუშევარია, ბოლოს და ბოლოს სკაიპით გაივლის “გამოცდას”, მიაგნებს სამსახურს. ახლა მან იცის, რომ კარგად უნდა იმუშაოს და იმასაც შეეგუოს, რომ რაც უფრო კარგად იმუშავებს... მით უფრო ადვილად დაითხოვენ სამსახურიდან სხვას - მასზე ნაკლებად სწრაფს, ნაკლებად მოხერხებულს, მაგალითად. ან ნაკლებად ღონიერს თუ ნაკლებად სიმპათიურს... (“ბაზრის კანონს”, მიუხედავად იმისა, რომ ავტორი თითქმის ღიად ბაძავს ძმებ დარდენებს, აქვს შანსი, ვიხილოთ გამარჯვებულებს შორის, მთავარი როლის შემსრულებელი, ვინსენ ლინდონი კი “პალმის” ერთ-ერთი კანდიდატია.)

დავუბრუნდეთ ენას და ამ ენაზე დაწერილ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სიმბოლოს - დოლარს.

დიახ, დიახ დოლარს. სხვათა შორის, სწორედ ასე მონათლა ბავშვი ახალგაზრდა კაცმა ჩინელი რეჟისორის, ცია ჩჟანკეს საკონკურსო ფილმში “მთებს შეუძლიათ სიარული”. 1999 წლის ჩინეთში (ფილმი იწყება 2000 წლის შეხვედრით ჩინეთის ერთ პროვინციულ ქალაქში) სურათის გმირი დარწმუნებულია, რომ ეკონომიკური ბუმი და გლობალიზაცია ჩინეთისთვის მოახლოებულია. 2014 წლის ჩინეთში მას უკვე 5 წლის შვილიჰყავს, სახელად “დოლარი”. 2025 წელს კი ეს დოლარი ახლა უკვე კარგად დაბერებულ მამასთან ერთად ავსტრალიაში ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. უბრალოდ, ერთი პრობლემა აქვს - არ იცის ჩინური ენა და მამამისს “გუგლის” სათარგმნი პროგრამით ელაპარაკება.

ბოლოს და ბოლოს კანის ფესტივალს დაუბრუნდა კინო, რომელიც პირადად მე ასე ძალიან მიყვარს - კინო, რომლის მთავარი მოქმედი გმირი არის დრო, ისტორია, ფაქტურა, ფოტოგენია... რომელშიც უფრო მეტი ყურადღება ექცევა არა იმას, თუ რას აკეთებენ ადამიანები, არამედ იმას თუ როგორ აკეთებენ, როგორ ცხოვრობენ. ჩინური კინოს მეექვსე თაობის ლიდერად აღიარებული ცია ჩჟანკე (თავის დროზე “წითელ ზონაში” ვუჩვენეთ მისი ფილმი “24 ქალაქი”) გაგვახსენებს ეიზენშტეინის ჯერ კიდევ 20-იანი წლების ბოლოს დაწერილ წერილს იაპონურ კინოზე, რომელშიც მონტაჟის და ისტორიის ოსტატი რუსი რეჟისორი ამტკიცებდა, როგორც კი მსოფლიო კინოში კრიზისი დაიწყება, დასახმარებლად მას აღმოსავლეთიდან - ჩინეთიდან და იაპონიიდან მოევლინებიანო.

სხვათა შორის, ფილმი “მთებს შეუძლიათ სიარული” ეიზენშტეინის კიდევ ერთ განუხორციელებელ პროექტს გაგვახსენებს - კარლ მარქსის “კაპიტალის” ეკრანიზაციას. თავის დროზე “მემარცხენეების ბიბლიის”კინემატოგრაფიულ ენაზე ამეტყველება სცადა ბერნარდო ბერტოლუჩიმ “მეოცე საუკუნეში”, სადაც, ჩემი აზრით, ოდნავ ზედმეტად გაიტაცა სასიყვარულო სამკუთხედის მოტივმა. ჩინელი რეჟისორი ამ ცდუნებას ასცდა. არადა ყველა ელოდა, რომ სამი მეგობრის ეს ამბავი - ორი ვაჟისა და ერთი მათი საერთო სიყვარულის, ნამდვილი ჩინელი მზეთუნახავისა (ამ როლს რეჟისორის ცოლი ასრულებს), აუცილებლად გადაიზრდებოდა მელოდრამატიზმში. არაფერი მსგავსი - ცია ჩჟანკემ პირადი დრამა იმდენად განაზოგადა, რომ, ფაქტობრივად, დღევანდელი (და ხვალინდელი) ჩინეთის სურათი დახატა. და არა მარტო ჩინეთისა.

მაშ როგორი იქნება სამყარო 2025 წელს? როგორ ვილაპარაკებთ? რა ენაზე ვილაპარაკებთ? როგორ გვეყვარება? როგორ დავლევთ ჩაის და როგორ დავიჭერთ ხელში მობილურ ტელეფონებს? აი, ბატონო, ნახეთ ეს შესანიშნავი ჩინური ფილმი და შეადარეთ - როგორები ვიყავით, როგორები ვართ და როგორები ვიქნებით... რა მოხდება მაინც ამ 2025 წელს? რამდენად გვემახსოვრება სიტყვები “სამშობლო”, “სიყვარული”, “დედა” საყოველთაო კომპიუტერიზაციისა და საყოველთაო... ინგლისურის ეპოქაში?

დიდ კინოფესტივალზე კარგი ფილმის ნახვა გარკვეულ დისკომფორტს ქმნის - კარგ კინოს სხვა ფილმები მიჰყვება და კარგი ფილმის შთაბეჭდილება ნელ-ნელა იკარგება მორიგი ნევროტული, პრეტენზიული კინოთი. ახლა მთავარია, “მთები” უსამართლოდ არ დაჩაგროს კანის ფესტივალის ჟიურიმ. გაგახსენებთ, რომ ჟიურის ამერიკელი რეჟისორები, ძმები კოენები ხელმძღვანელობენ. ჟიურის სამუშაო ენა კი ინგლისურია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG