Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უელბეკის ქართული რუკა და ტერიტორია


“ბიბლიოთეკის” ერთ-ერთ წინა სიუჟეტში მიშელ უელბეკის ვრცელი მოთხრობის - ,,ლანსაროტეს“ - ქართული თარგმანის შესახებ ვისაუბრეთ. დღეს კი ამავე მწერლის კიდევ ერთი და, ჩვენი აზრით, უმნიშვნელოვანესი რომანის თარგმანს წარმოგიდგენთ.

ეს რომანი - ,,რუკა და ტერიტორია“ - ქართულად თარგმნა დავით კახაბერმა და 2013 წელს დაისტამბა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში“. წიგნის რედაქტორია თეა ქიტოშვილი.

მიშელ უელბეკი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, რომლის მთელ შემოქმედებასაც თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვება ქართული თარგმანი. ამ ამბავს, როგორც ჩანს, ხელი შუწყო გიორგი ეკიზაშვილის მიერ ჯერ ,,ბრძოლის ველის განვრცობისა“ და შემდგომ ,,ელემენტარული ნაწილაკების“ ჩინებულად ამეტყველებამ. სწორედ ამ ორმა წიგნმა განსაზღვრა ,,ქართული“ უელბეკის ძირითადი ტონალობა. ამას ირმა ტაველიძისა თუ მერაბ ფიფიას ნამუშვრებიც მოჰყვა. სულ ბოლოს კი დავით კახაბერის თარგმანიც გამოჩნდა.

,,რუკა და ტერიტორია“ ფრანგულად 2010 წელს დაისტამბა და ამავე წელს რომანმა გონკურების პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ უელბეკის მწერლური მანერა თვითონ ევროპაშიც ძალიან ბევრს აღიზიანებს, ის მაინც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორია და მისი ყოველი წიგნი გამოსვლისთანავე ბესთსელერი ხდება.

კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მაკო ჯანჯიბუხაშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს:

მაკო ჯანჯიბუხაშვილი
მაკო ჯანჯიბუხაშვილი

"ცნობილია, რომ რომანებში ,,პლატფორმა” და ,,ელემენტარული ნაწილაკები“ უელბეკმა, რომ იტყვიან, ენობრივი თვალსაზრისით, ,,აიწყვიტა“. მას არა აქვს არანაირი ბარიერი: რასაც წერს, რის შესახებაც წერს და როგორც უნდა, ზუსტად ისე წერს. ისეთი ხმებიც ისმის, რომ ვერ იტანს ადამიანი, მკითხველი - შეიძლება, ძალიან სერიოზული მკითხველიც - უელბეკს და რაღაცნაირად თითქოს შეჩვევა გჭირდება ამ ენისთვის, მაგრამ მასზე ამდენი რომანის წაკითხვის შემდეგ გრჩება შთაბეჭდილება, რომ რაზეც წერს, მისი თემატიკა და ენობრივი სხეული არის ძალიან კარგად ფორმირებული. ზუსტად ისეთი სხეული აქვს, რა თემატიკასაც ირჩევს და ამ თვალსაზრისით არის გენიალური უელბეკი“.

უელბეკის პოპულარობას დიდწილად ეპატაჟი განაპირობებს, მაგრამ შეცდომა იქნებოდა, ეს ამბავი მთლიანად ეპატაჟისათვის დაგვებრალებინა და ამ მწერლის დიდი ნიჭიერება არ დაგვენახა.

ნიჭიერება კი იმითაც მჟღავნდება, რომ უელბეკმა შესანიშნავად იცის, როგორ ითამაშოს თანამედროვე საზოგადოების ყველაზე მტკივნეულ წერტილებზე, როგორ დაანახვოს დღევანდელ ადამიანს თავისი თავი ისე, რომ გამოაფხიზლოს და განსჯის უნარი დაუბრუნოს. ხოლო თუ გამოფხიზლებას გულისრევის შეგრძნებაც მოჰყვება, ეს მწერალს დიდად არ ადარდებს.

კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მაკო ჯანჯიბუხაშვილი ჩვენთან საუბარში უელბეკის შესახებ აღნიშნავს:

,,უელბეკი არ არის ისეთი მწერალი, მარკესივით, რომ შეგიყვარდეს; ეს არ არის ისეთი, მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანური მწერალი. უელბეკი არის ,,ავი სურათების მხატვარი“, ასე ვთქვათ, თანამედროვე სამყაროში, მაგრამ თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმაც, რომ ის არ ტყუის. გვიხატავს, რა თქმა უნდა, უტრირებულ სამყაროს, მაგრამ გვიხატავს სამყაროს ისეთს, როგორიც, ალბათ, არ გვინდა, რომ ეს სამყარო იყოს.

მისით არ დაწყებულა ასეთი სამყაროს ხატვა. თვითონაც ახსენებს, თუ არ ვცდები, რომელიღაც ერთ-ერთ რომანში ჰაქსლის და ამბობს, რომ ეს მისთვის საინტერესო მწერალია და, ბუნებრივია, უნდა იყოს კიდეც. და ჰაქსლი რატომ ვახსენე? ფაქტობრივად, მეოცე საუკუნის დასაწყისში, აი, ის სურათები, რაც ტოტალიტარულ და ჰიპერინდუსტრიულ სამყაროს შეეძლო მოეტანა კაცობრიობისათვის, - ერთი მხრივ, თითქოს წესრიგი, სტაბილურობა და, ამავე დროს, ის საშინელება, რის წინაშეც დგას თანამედროვე კაცობრიობა, - ეს საუკუნის დასაწყისში უელსმა, ჰაქსლიმ თუ ორუელმა დახატეს. და მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად, ერთგვარად - მხოლოდ სხვა მხრივ, სხვა კუთხით, თავისთავად ცხადია, და არა ისე პირდაპირ (იმიტომ რომ, თუნდაც სტილის თვალსაზრისით, აბსოლუტურად სხვაგვარი მწერალია) - თითქოს აგრძელებს ამ საშიში და სავალალო სურათების ხატვას უელბეკი“.

მიუხედავად იმისა, რომ მისგან შეიძლება ყველაფერს ელოდე, მართლა იმდენად საინტერესო და იმდენად თავისუფალია წერაში უელბეკი, ეს მაინც მოულოდნელობა იყო, მართლა ძალიან ახალი და ამის მერე რაღა უნდა დაწეროსო, იფიქრებს ადამიანი...
მაკო ჯანჯიბუხაშვილი

,,რუკა და ტერიტორიაში“ კი უელბეკი საკუთარი მწერლური და ესთეტიკური პრინციპების ერთგული რჩება, თუმცა თავიდან, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს რომანი რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რაც ამ მწერალს ადრე შეუქმნია.

აქ დასაწყისში არსად ჩანს უელბეკისეული სიხისტე და ულმობელობა საკუთარი პერსონაჟების მიმართ. თავიდან არც მისი საყვარელი თემა - სექსუალურობის, სექსისადმი ინტერესით ყველა ადამიანური ღირებულების გადაფარვა - მოგხვდებათ თვალში. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ყველა ეს თავისებურება სრულიად ახალ რეგისტრშია გადამტყდარი და უელბეკის ირონია და სარკაზმი ახალ, უფრო დახვეწილ წახნაგებს იძენს. ამ წახნაგების ერთგვარი გვირისტია ის, რომ მწერალს რომანში პერსონაჟად შემოჰყავს საკუთარი თავი, ოღონდ ამას აკეთებს არა ავტობიოგრაფიული პროზისათვის დამახასიათებელი მანერით, არამედ ისე, თითქოს ტექსტს სხვა ადამიანი წერდეს და თვითონ ყველა პერსონაჟს - მათ შორის საკუთარ თავსაც - უცხო კაცივით, ჩვეულებრივი მკითხველივით გარედან უყურებდეს.

როგორც მაკო ჯანჯიბუხაშვილი ამბობს:

,,მიუხედავად იმისა, რომ მისგან შეიძლება ყველაფერს ელოდე, მართლა იმდენად საინტერესო და იმდენად თავისუფალია წერაში უელბეკი, ეს მაინც მოულოდნელობა იყო, მართლა ძალიან ახალი და ამის მერე რაღა უნდა დაწეროსო, იფიქრებს ადამიანი. შემიძლია ვთქვა, რომ ,,რუკა და ტერიტორია“ არა კლასიკური გაგებით პოსტმოდერნისტული რომანია მხოლოდ, არამედ ესაა ირონია პოსტმოდერნიზმზე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს სპეციფიკა, რაც პოსტმოდერნისტულმა რომანმა მოიტანა- ეს იქნება ორმაგი კოდირება, ჰიპერტექსტები თუ ჟანრული გარღვევები - ეს არის კიდევ უფრო სხვა რაღაც: თან პირდაპირ მინიშნებებსაც გაძლევს და თან თითქოს გამოდის ამ სივრციდან და ამით არის ძალიან საინტერესო“.

სასიამოვნოა, რომ რომანის ქართული თარგმანი ძალზე ბუნებრივად და საინტერესოდ იკითხება. დავით კახაბერის მდიდარი ენა, რომელიც დიდი პროფესიული გამოცდილებიდან არის ამოზრდილი, მიშელ უელბეკს კიდევ უფრო მიმზიდველ მწერლად აქცევს და მხოლოდ ინფორმაციას კი არ გვიტოვებს ამ რომანზე, არამედ ტექსტს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ორგანულ ნაწილად, ჩვენი ლიტერატურის გამარჯვებად წარმოგვიდგენს.

XS
SM
MD
LG