გერმანიაში 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემის იუბილეს სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნავენ. რუსეთი, საბჭოთა კავშირის მთავარი მემკვიდრე, ამ იუბილეს მდუმარედ ხვდება. რუს ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 25 წლის წინ ბერლინის კედლის დანგრევამ საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთს და დასავლეთს შორის დაძაბულობამ ისევ იმატა და შეიძლება ითქვას, ცივი ომის პერიოდის შემდეგ პიკს მიაღწია. ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ რუსეთი ახალი ბერლინის კედლის მშენებლობას შეუდგა.
მოსკოვის შუაგულში ბერლინის კედლის ნაჭერი საკმაოდ უყურადღებოდ არის მიტოვებული. მოზრდილ ნანგრევს შუაში ბზარი აქვს და იქიდან მეტალით დამზადებული პეპლები ამოდიან. სახაროვის ცენტრის თანამშრომლის, ნატალია სამოვარის თქმით, კომპოზიცია თავისუფლების წყურვილს განასახიერებს.
„პეპლები თავისთავად ძალიან სუსტი არსებები არიან, რომელთაც თითქოს ბეტონის დაძლევის საშუალება არ აქვთ. თუმცა, ისე ხდება, რომ ბეტონი სკდება და ამ ნაცრისფერი, მძიმე, მკვდარი სხეულიდან იბადება ყველაზე მსუბუქი და ლამაზი სიცოცხლე, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ეს გათავისუფლების ძალიან რთულ და ლამაზ პროცესს განასახიერებს“ - აღნიშნავს ნატალია.
25 წლის წინ, 1989 წლის 9 ნოემბერს, ბერლინის კედლის ორივე მხარეს მიმდინარე მრავალდღიანმა საპროტესტო აქციამ კულმინაციას მიაღწია. თვითონაც აღელვებული სასაზღვრო დაცვა პრაქტიკულად უმოქმედოდ იდგა, როცა პირველად 1961 წლის შემდეგ, კედლის სხვადასხვა მხარეს მდგარი ბერლინელები ერთმანეთს დაბრკოლებების გარეშე ეხვეოდნენ.
იური პივოვაროვი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან ამბობს, რომ მაშინ რუსეთში ამ ფაქტისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა იყო. ერთის მხრივ იყო გარდაქმნების და დემოკრატიული ცვლილებების მოლოდინის ეიფორია და მოლოდინი. მეორეს მხრივ კი მოსახლეობის მეორე ნაწილი კომუნისტების მეთაურობით ნანობდა და თვლიდა, რომ ეს საბჭოთა კავშირის დანგრევას მოასწავებდა. რაც, ანალიტიკოსის თქმით, ზუსტად ისევე ახდა, როგორი პროგნოზებიც 25 წლის წინ კეთდებოდა.
ბევრს ახსოვს რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეფასება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევას „მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა. პუტინის რეიტინგი მოსახლეობაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამჟამად 85 პროცენტს აღწევს. თუმცა, დმიტრი ტრენინის, კარნეგის მოსკოვის ცენტრის დირექტორის აზრით, თანამედროვე რუს მოსახლეობაში საბჭოთა კავშირის ნგრევის აღქმაც არაერთგვაროვანია.
„საბჭოთა კავშირის დანგრევა და კომუნისტური რეჟიმის კოლაფსი ორი სხვადასხვა რამ არის... რუსი ხალხისთვის მნიშვნელოვანი არა იმდენად იმპერიის კოლაფსი იყო, რამდენადაც წყობის, კეთილდღეობის, ცხოვრების სტილის შეცვლა“ - ამბობს ის.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბერლინის კედლის ნგრევის იუბილეს დასავლეთს და რუსეთს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა და განსხვავებული დატვირთვა ენიჭება. მათ შორისაა იური პივოვაროვიც, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიიდან.
„გადატანითი მნიშვნელობით შესაძლებელია იმაზე საუბარი, რომ კრემლის ახლანდელ პოლიტიკას და რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ბერლინის კედლის აღმართვისკენ მივყავართ. ოღონდ ვიტყოდი, რომ ბერლინის კედელი ამჟამად არა გერმანიაში, არამედ რუსეთ-უკრაინის საზღვართან შენდება. რუსეთი ამჟამად ყველაზე საშიშ ფაზაშია, რომელიც ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ ყოფილა“ - აღნიშნავს ის.
მოსკოვში, გერმანიის საელჩოში ბერლინის კედლის დაცემის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყო. ექსპონატებს შორისაა ნამუშევრები, რომლებშიც 25 წლის წინანდელი მოვლენები და მათზე გამოძახილი აისახა. დმიტრი ვრუბელის ფერწერული ტილოს სათაურია „ღმერთო, დამიცავი ამ დამღუპველი სიყვარულისგან“. ნამუშევრის ავტორი თვლის, რომ ბერლინის კედელი ადამიანებში ახალი კედლით ჩანაცვლდა, რომელიც ორ სამყაროს, დასავლეთს და აღმოსავლეთს ერთმანეთს ისევ აშორებს.