Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიელ შარონი


ორშაბათს ისრაელის სამხრეთში, ოჯახის ფერმაზე, თავისი მეორე ცოლის გვერდით დაასაფლავეს არიელ შარონი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც რვა წლის განმავლობაში იყო კომაში და 11 იანვარს 85 წლისა გარდაიცვალა.

არიელ შარონი, 1928 წელს დაბადებული ბრიტანულ პალესტინაში, ბელორუსიიდან ჯერ საქართველოში, თბილისში გადასახლებული, ერთხანს იქ მცხოვრები, შემდგომ ემიგრირებული ებრაელების ვაჟი, იყო პოლიტიკოსი, რომელსაც ერთნი თაყვანს სცემდნენ, სხვებს კი სძულდათ. ისრაელებისთვის შარონი იყო სამხედრო პირი, გენერალი, მეომარი, რომელიც ბოლო წლებში წარმოჩნდა როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი, ისრაელის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვაში დაუღალავი კაცი. როცა 2006 წელს შარონს ფართო ინსულტი დაემართა, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, ის ასე დაახასიათა:

„კარგი კაცი იყო, ძლიერი კაცი - კაცი, რომლისთვისაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ისრაელის ხალხის უსაფრთხოებას. ის იყო კაცი, რომელსაც საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა მშვიდობაზე“.

პალესტინელთათვის კი შარონი არის „ყასაბი“, რომელსაც პალესტინელთა სისხლში აქვს ხელები გასვრილი. მას ბრალდება, არაპირდაპირ, 1982 წელს ლიბანში - საბრასა და შატილას ლტოლვითა ბანაკებში - პალესტინელთა ხოცვა-ჟლეტა. შარონს მეტსახელად „ბულდოზერი“შეარქვეს იმის გამო, რომ პალესტინელთა საცხოვრებლები გაანადგურა და პალესტინელთა ტერიტორიის, იორდანეს დასავლეთი ნაპირის გარშემო გალავნის აშენებას ჩაუდგა სათავეში. ამ კედელს, იდეის მიხედვით, ისრაელზე პალესტინელთა თავდასხმები უნდა აეცილებინა თავიდან.

„მე, არიელ შარონი, ვაჟი განსვენებული შმუელისა და დვორასი, ვფიცავ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვიყო პატიოსანი და დავიცვა ისრაელის სახელმწიფოს კანონები“, - ამ სიტყვებით დადო ფიცი შარონმა 2001 წელს, როცა პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. ეს მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი იყო. მანამდე ის იყო კაბინეტის წევრი - სხვათა შორის, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.

ეს დაიწყო 50-იან და ადრეულ 60-იან წლებში, ყოფილი პრემიერის, დავიდ ბენ-გურიონის მმართველობის დროს. ცნობილია ბენ-გურიონის გამონათქვამი, შარონი წითელ შუქნიშანზე არ ჩერდებაო...
ბარნარდ ზუსერი
შარონმა წარმატებული სამხედრო კარიერა განვლო. ის მონაწილეობდა ისრაელსა და არაბებს შორის არსებულ ყველა კონფლიქტში. არიელ შარონი თავის სამშობლოში სამხედრო გმირად არის აღიარებული. ისრაელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ბარნარდ ზუსერი 2006 წელს, როცა შარონი კომაში ჩავარდა, ამბობდა, შარონი ისრაელის ყველა პოლიტიკური თუ სამხედრო ნაბიჯის გამწევი ძალა იყოო:

„ეს დაიწყო 50-იან და ადრეულ 60-იან წლებში, ყოფილი პრემიერის, დავიდ ბენ-გურიონის მმართველობის დროს. ცნობილია ბენ-გურიონის გამონათქვამი, შარონი წითელ შუქნიშანზე არ ჩერდებაო. ეს გამოჩნდა ლიბანის ომში, როცა შარონი თავდაცვის მინისტრი იყო და კაბინეტის, განსაკუთრებით კი, პრემიერ მენახიმ ბეგინისგან განსხვავებულ სტრატეგიას მიმართავდა და ახორციელებდა კიდეც - კაცმა რომ თქვას, ახორციელებდა ბრწყინვალედ, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ტრაგიკულად“.

მართლაც ასე იყო: ლიბანში შეჭრის შედეგად, პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციამ შეწყვიტა ისრაელზე თავდასხმების მოსაწყობად ლიბანის გამოყენება. მაგრამ საბრასა და შატილაში ლიბანელ ქრისტიანთა შეიარაღებული რაზმების მიერ პალესტინელ ლტოლვილთა ამოჟლეტა შარონს ბრალდება. ის ისრაელის ტრიბუნალმა ამ ხოცვა-ჟლეტაში არაპირდაპირ დამნაშავედ ცნო, რის გამოც შარონი მინისტრობიდან გადადგა. პალესტინელთათვის სწორედ ისაა დამნაშავე ხოცვა-ჟლეტაში. ამ ტრაგედიას გადარჩენილებმა შარონს უჩივლეს, მაგრამ, საერთაშორისო სამართლით, უცხო ქვეყნის მიერ არ შეიძლება მთავრობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების გასამართლება საომარი დანაშაულისთვის. შარონს იხსენებენ 2000 წელს იერუსალიმში, მუსლიმთა და იუდეველთა სადავო ადგილზე, ტაძრის მთაზე მისვლის გამოც, როცა მისი ეს ნაბიჯი, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა, პალესტინელებმა პროვოკაციად შეაფასეს და დაიწყო პალესტინელთა მეორე ინტიფადა, ამბოხება.

დღეს უკანასკნელ გზაზე მივაცილებთ ჯარისკაცს, გამორჩეულ ჯარისკაცს, მეთაურს, რომელმაც იცოდა, როგორ გაემარჯვა, ლიდერს, რომელიც ოცნებობდა, კაცს, რომელიც გვხიბლავდა ყველაზე რთულ ვითარებაში...
შიმონ პერესი
შარონი ადრე პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების მშენებლობის ავანგარდში იყო, მაგრამ რაღაც მოხდა 2005 წელს, როცა ის ღაზის სექტორიდან და იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგიერთი არეალიდან დასახლებების გატანის ინციატივით გამოვიდა. ეს შარონს არ მოუწონეს მემარჯვენეებმა, რის გამოც მან დატოვა თავისი პარტია, ლიკუდი, ხოლო მემარცხენე პოლიტიკური სპექტრი მის მხარეს აღმოჩნდა. შემდგომში ღაზის სექტორსა და მის გარშემო განვითარებული მოვლენები ბევრს აფიქრებინებს, რომ იმის მიზეზი, რაც მოხდა, შარონის შეცდომა იყო. არიელ შარონს ერთხელ ერთი რეპორტიორისთვის უთქვამს: ერთ რამეს ვცდილობ მივაღწიო - მშვიდობასო. თუმცა ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობა დღემდე ვერ იქნა მიღწეული.

იერუსალიმში, ისრაელის პარლამენტში, ორშაბათს, სანამ შარონის ცხედარს მშობლიურ ჰავატ შიკმიმში გადაასვენებდნენ, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა სიტყვა წარმოთქვა:

„დღეს უკანასკნელ გზაზე მივაცილებთ ჯარისკაცს, გამორჩეულ ჯარისკაცს, მეთაურს, რომელმაც იცოდა, როგორ გაემარჯვა, ლიდერს, რომელიც ოცნებობდა, კაცს, რომელიც გვხიბლავდა ყველაზე რთულ ვითარებაში“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG