Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შეცვალე ხედვა“ - აქცია ადაპტირებული გარემოს მოთხოვნით


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ასოციაცია „დეამ“ გარემოს ადაპტაციის მიზნით ზუგდიდში ჩატარებული სამუშაოები და ამ კუთხით დღეს არსებული ვითარება შეისწავლა. კვლევის მიზანი იყო დადგენა, როგორია ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილების აღსრულების ხარისხი სახელმწიფო სამოქმედო გეგმის მიხედვით.

როგორც ასოციაციის წარმომადგენელმა ივეტა წითაშვილმა აღნიშნა, გარკვეული პოზიტივი შეიმჩნევა, თუმცა ბევრად მეტი მაინც ნეგატივია. მისი განმარტებით, თვითმმართველობა შშმ პირებს ჯერ კიდევ მხოლოდ სოციალური დახმარებისა და სამედიცინო სერვისის მომხმარებლებად აღიქვამს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადაპტირებული გარემო მხოლოდ პანდუსს არ გულისხმობს და ის სხვა კრიტერიუმებითაც განისაზღვრება.

„ვერანაირი კანონმდებლობა ვერ აიძულებს თვითმმართველობას შეცვალოს არსებული გამოწვევები და მოახდინოს ცვლილებები, თუ არ შეიცვალა ხედვა. მივმართავთ ხელისუფლებას, შეცვალოს ხედვა, შეცვალოს დამოკიდებულება და ის ფორმალური პანდუსები, რაც დღეს ქალაქშია მიშენებული“, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ივეტა წითაშვილმა.

კვლევის შედეგების გაცნობის პარალელურად, ასოციაციამ საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირა საპროტესტო აქციითაც „შეცვალე ხედვა“. „დეას“ წევრები შეიკრიბნენ ზუგდიდის ბაზრის სიახლოვეს, ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაც პანდუსი სტანდარტების დარღვევით არის დამონტაჟებული.

აქციის მონაწილეებმა ფერადი ქაღალდები გააკრეს მიწისქვეშა გადასასვლელის კედელზე, წარწერით: „არა დისკრიმინაციას“, „შესაძლებლობათა თანასწორობა“, „მოქალაქეობის და გადაადგილების თავისუფლება“, „შეცვალე დამოკიდებულება“, „შესაძლებლობათა შეზღუდვა არ არის ნაკლი“.

ასოციაცია ხელისუფლებას თანხების სწორი გადანაწილებისკენ მოუწოდებს. „დეას“ აღმასრულებელი დირექტორის, მადონა ხარებავას, განცხადებით, გასაგებია, რომ თვითმმართველობას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა სრულად მოახდინოს გარემოს ადაპტირება. მისი თქმით, სწორედ ამიტომაც პრობლემა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოგვარდეს:

„ნაწილი თანხებისა უნდა წამოვიდეს რეგიონული სამინისტროსგან და ნაწილი უნდა იყოს ჩადებული ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან. ისე, რომ სიმძიმე მარტო თვითმმართველობაზე გადავიტანოთ, ჩვენ ასეც არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები“.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოს სრულად ადაპტაციისთვის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, ეკატერინე თოდუას, განცხადებით, მათ ორი წლის წინ ჩაბარდათ სახელმწიფო სამოქმედო გეგმა, რომელიც, ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, წლების წინ დარღვევით აშენებულის გამოსწორებასაც ითვალისწინებს. მისი სიტყვებით, ბუნებრივია, მოკლე დროში ამის მოხერხება ძალიან რთულია:

„აუცილებლად ყველა სავაჭრო სივრცე, სავაჭრო ობიექტები იქნება, საოფისე თუ სხვა საზოგადოებრივი ობიექტები, ყველა არის შეღწევადი და შეძლებისდაგვარად ადაპტირებულია. რაც შეეხება უკვე აშენებულ შენობა-ნაგებობებს, მითითებებია გაცემული. ზოგმა გამოასწორა, ზოგმა ვერ. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და დღემდე მოკვლევა ტარდება. ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ისეთი მემკვიდრეობა გვერგო, რომ წარმოუდგენელია ამის ერთბაშად გამოსწორება“.

თავის მხრივ, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემების აღმოფხვრას მეტი პროფესიონალიზმი და კომპლექსური მიდგომა სჭირდება.

XS
SM
MD
LG