2018 წლიდან ზუგდიდში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ახალი პროექტი ამუშავდება. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“, რომელიც წლებია მუშაობს ნარკოდამოკიდებულ პირთა უფლებების დაცვაზე, მათთვის ჯანდაცვის სერვისების შეთავაზების კუთხით აფართოებს სამიზნე ჯგუფს და, გაეროს ფინანსური მხარდაჭერით, წამების მსხვერპლთ გაუწევს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას.
ახალი პროექტი წამების მსხვერპლთათვის ზუგდიდში
- მომავალი წლიდან ზუგდიდში წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ახალი პროექტი ამუშავდება.
- ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონი“ წამების მსხვერპლთ გაუწევს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას.
- პროექტი გაეროს წამების მსხვერპლთა ნებაყოფლობითი ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
პროექტის დეტალების შესახებ ასოციაციის თანამშრომლებმა ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. „ქსენონის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანაშიას, განცხადებით, სწორედ მათი დახმარებით და მათთან თანამშრომლობით გაეწევა ბენეფიციარებს დახმარება:
„მოწვეულმა აუდიტორიამ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, არასამთავრობო სექტორიდან და სამოქალაქო სექტორიდან იმსჯელა იმ შესაძლო თანამშრომლობის გზებზე, რაც დაეხმარება საზოგადოებას ახალი შემთხვევების გამოვლენაში და მსხვერპლთა უკეთ დახმარებაში“.
შეხვედრაზე მყოფმა იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა რომან კედიამ გამოთქვა მოსაზრება, კარგი იქნება არსებობდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე დაწესებულებების ეფექტური საქმიანობისთვისო. მან პროექტის განხორციელებისას ასოციაციას თანადგომა გამოუცხადა:
„კარგი იქნება, რომ ამ კუთხით ერთიანი მიდგომები გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენც გვყავს ბენეფიციარები, რომლებიც ამ კუთხით დახმარებას საჭიროებენ. სამომავლოდ თუ იქნება ურთიერთთანამშრომლობა, ეს კარგ შედეგებს მოგვიტანს“.
არის სხვა მოსაზრებაც, რომ თავიდანვე, როცა გავრცელდება ინფორმაცია, დასაწყისიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართლის საქმე აწარმოოს დამოუკიდებელმა ორგანომ...ლევან პაპავა
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტზე საუბრისას რეგიონში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობაც შეაჯამეს. ითქვა, რომ ჯერ კიდევ არის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, ჯემალ ჭკადუას, განცხადებით, უნდა შეიქმნას პოლიციის ერთგვარი მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებს გამოიძიებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან დამოუკიდებლად. ეს მოსაზრება გაიზიარა სახალხო დამცველის რეგიონალური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა, ლევან პაპავამ. მისი თქმით, არსებობს ორი მოსაზრება იმაზე, თუ როდის შეიძლება ჩაერთოს საგამოძიებო მოქმედებებში მსგავსი ორგანო, თუკი მისი ფუნქციონირება დაიწყება. პირველი: ჩაერთოს მხოლოდ მაშინ თუ ჩაითვლება, რომ პროკურატურა და შსს აჭიანურებს კონკრეტული საქმის ძიებას.
„არის სხვა მოსაზრებაც, რომ თავიდანვე, როცა გავრცელდება ინფორმაცია, დასაწყისიდან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სისხლის სამართლის საქმე აწარმოოს დამოუკიდებელმა ორგანომ“, - განაცხადა ლევან პაპავამ.
რაც შეეხება პროექტს, რომლის განხორციელებასაც „ქსენონი“ მომავალი წლიდან აპირებს, ის გაეროს წამების მსხვერპლთა ნებაყოფლობითი ფონდის მიერ არის დაფინანსებული.