ადოლფ ჰიტლერის წიგნი „მაინ კამპფი“ („ჩემი ბრძოლა“), რომელიც მთელ რიგ ქვეყნებშია აკრძალული, ახალი წლის პირველი დღეებიდან ლეგალურად გაიყიდება გერმანიის ტერიტორიაზეც - პირველად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. გასული წლის 31 დეკემბრამდე წიგნის გამოცემის უფლება ეკუთვნოდა ბავარიის ხელისუფლებას, მაგრამ ამ უფლების ვადა ამოიწურა. „მაინ კამპფის“ ახალი ორტომიანი გამოცემა სპეციალისტების პროფესიონალური კომენტარებით არის აღჭურვილი. ისტორიკოსების კომენტარებით წიგნის გამოცემას მოწონებით შეხვდნენ ებრაული თემის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ასეთი სახით წიგნი ხელს შეუწყობს ჰოლოკოსტის - მეორე მსოფლიო ომის წლებში მილიონობით ებრაელის განადგურების - უკეთ გაგებას. წიგნის ხელახალი გამოცემა მოამზადა მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა, რომელიც იმედოვნებს, რომ ამ გზით ხელს შეუწყობს ნაცისტური პროპაგანდის გამოაშკარავებას. ადოლფ ჰიტლერის წიგნში, „მაინ კამპფში“, ავტორის რასისტული და ანტისემიტური მოსაზრებებია ასახული. ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მისი ეს ნაშრომი ნაცისტებისთვის ერთგვარ „წმიდა წერილად“ იქცა.
ამავე თემაზე
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1