Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ჟვანია - ლიტერატურული კაფეების ქსელის დამფუძნებელი


27 მარტი, კვირა
იმ კვირამ უკვე ჩაიარა - სტუმრებით, ბავშვებით, ხმაურით, მზით იყო სავსე. ეს კვირა წვიმიანია და ჯერ კიდევ ინახავს ამოუცნობ საუდუმლოებას. არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს დღის ბოლომდე...

28 მარტი, ორშაბათი
დილა მთლიანად ჩემია. ბავშვები სკოლაში მიდიან, დედაჩემს სძინავს. შემიძლია ნელა გავიღვიძო; შევიგრძნო, როგორ შემოდის ფანჯრიდან გაზაფხულის სითბო. ბაქრაძის ქუჩაზე ვცხოვრობ. საკვირველია, მაგრამ აქაურობამ შეინარჩუნა სიმყუდროვეც, სილამაზეც. ამ სახლში გრძნობ, რომ ძალიან ძველ და მშვენიერ ქალაქში ცხოვრობ.

ვლოცულობ (სამწუხაროდ, ძალიან მოკლედ) - ჩემზე, ჩემს შვილებზე, რატომღაც მახსენდება ზურას მეგობრები და იმათზეც...

ვაყენებ ყავას და ჩემი ტვინი ნელ-ნელა იწყებს გაღვიძებას. გამიტყდა ყავადანი, წკრიალით დაიმსხვრა. არ მიკვირს, ამ ბოლო დროს ჩემ გარშემო ნივთები საოცარი სისწრაფით იმსხვრევა. იმედია, კარგის ნიშანია.

დილაობით ყოველთვის ვკითხულობ. ამ დროს ჩემი ტვინი ყველაზე ზუსტად აზროვნებს. ამჯერად - სალმან რუშდის „ჯამბაზი შალიმარი“. ვკითხულობ და ყოველთვის რაღაცა გადმომაქვს განწყობილებაში. მოგაქვს რაღაც ამბავი, როგორც სათამაშო, რომლითაც დღის განმავლობაში გაერთობი.

აბაზანიდან წყლის ხმა მეძახის. ჩემს აბაზანას დიდი ფანჯარა აქვს და მზით არის სავსე.

თავისუფლების დღიურები - ნინო ჟვანია
please wait

No media source currently available

0:00 0:08:22 0:00


29 მარტი, სამშაბათი
საღამომდე სამსახურში ყოფნა მომიწია. ბუღალტერია, დოკუმენტები, რუტინა. კარგია, რომ წლიური ბრუნვა გაგვეზარდა და მილიონს გადავცდით. ცუდია უსაშველოდ გაზრდილი ფასები და გადასახადები, რაც მოგებას მიზერულამდე ამცირებს. მოკლედ, შეკითხვა ყოფნა-არყოფნაზე აქაც აქტუალურია.

ბუსა „დეთენშენზეა“, ანუ სკოლაშია დასჯილი.

ბავშვებისათვის ხამანწკები შევწვი ცომში, პირველად გავაკეთე და კარგია, რომ მოეწონათ. ისინი ხომ ჩემი ყველაზე კრიტიკული მომხმარებლები არიან.

თეატრში მივდივარ. ჭოლამ „დეკამერონი“ დადგა. ძალიან მინდა, რომ მომეწონოს...

სკოლა რომ დავამთავრე, თეატრში მინდოდა მემუშავა. ალბათ ეს იმის ბრალი იყო, რომ ამ დროს საოცარი სპექტაკლები იდგმებოდა: „კავკასიური“, „რიჩარდი“, „ჩემი პატარა ქალაქი“... პლეხანოვზე ვცხოვრობდი და თეატრალურ სახელოსნოში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ისიც იყო, რომ ცეკვა და სიმღერა მიყვარდა, და ჩემი თამაშიც ეგ იყო - მსახიობობა და წიგნის კითხვა. ჭოლა ჩემი სკოლელი იყო, ისიც პლეხანოვზე ცხოვრობდა. უფრო მერე დავუმეგობრდი, თბილისის ომის დროს, როცა სახლიდან გასვლა საშიში იყო და სულ ერთად ვიყავით. ამ დროიდან მოყოლებული, მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაქვს. არც ერთი პრემიერა არ გამომიტოვებია, თეატრალურ სარდაფში ზურასთან ერთად დავდიოდი. ჭოლა ამბობს, ერთადერთი პოლიტიკოსი იყო, რომელიც თეატრში მოვიდა და ერთი ყუთი კონიაკი მოიტანაო. როგორც შეგვეძლო, ვეხმარებოდით ერთმანეთს, ხან ჩვენ გვიჭირდა, ხან - იმათ... ვატო კახიძე კი მამაჩემისგან გავიცანი, მისი ნათლია იყო. 2 დეკემბერს მიშიკოს ბოლო დაბადების დღე ჩემთან გადავიხადეთ. ძალიან მოვილხინეთ, პიანინო სუფრასთან გადმოიტანეს და ვატოს ზურგს უკან დაუდგეს, რომ სუფრას არ მომცდარიყო...

რუტინა, რუტინა, რუტინა. პრობლემები, დოკუმენტები, გადასახადები.

მოვახერხე და ერთი საათით კალინინზე გავძვერი, კაფესთვის მაგიდები მჭირდებოდა. აქ ძველი ავეჯის რამდენიმე მაღაზიაა. ძალიან მიყვარს ამ მაღაზიებში ქექვა, ვისვენებ.

30 მარტი, ოთხშაბათი
საღამოს „მილენიუმის“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვიყავი „მარიოტში“. ეს პროექტი ზურას დროს დაიწყო. მახსოვს, თავიდან 50 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი და ზურამ ძალიან იბრძოლა, რომ თანხა 295 მილიონამდე გაზრდილიყო. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია სამცხე-ჯავახეთის გზა. იქით ზურა ხშირად დადიოდა, ფოკის მონასტერში მეგობარი ჰყავდა - დედა ელისაბედი. ურეკავდა და ხუმრობით ეუბნებოდა: გზის გასაყვანად ფული გვჭირდება, ილოცეთ, ახლა გამოჩნდება თქვენი მონაზნობაო...

გვიჩვენეს დოკუმენტური ფილმი, სადაც პრეზიდენტმა დიდხანს ილაპარაკა პროექტის წარმატებაზე, ამერიკელებიც აღფრთოვანებული ჩანდნენ. ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი, გამოვიპარე. არ შემიძლია მე ამათთან ერთად შამპანურის სმა.

როცა ვისტრესები, ძილი მიტყდება - ზუსტად 3 საათზე მეღვიძება. სამაგიეროდ, მერე სიზმრებს ვნახულობ: მთელი ღამე რაღაც ბაღებში დავრბოდი, ალბათ იმიტომ, რომ ნერგები ვიყიდე და დასარგავად ჯერ ვერ მოვიცალე.

ყველაზე დიდი ბედნიერება: სახლში რომ მოვედი, ბავშვები დამხვდნენ! იმათაც ვენატრები და მთელი საღამო არ გაჩერებულან: ყვიროდნენ, მეკითხებოდნენ, მხეცობდნენ.

„მედისკუსიე, მედისკუსიე“ - მოითხოვდა ბუსა.

31 მარტი, ხუთშაბათი
გუშინ რატი ამაღლობლის დაბადების დღე იყო... არ ვიცი, როგორ ახერხებს საერთაშორისო პენ-კლუბი მწერალთა ორგანიზებას, იმიტომ რომ საქართველოში ამის გაკეთება საკმაოდ გაძნელდა. როგორც ჩანს, მწერლები იმდენად ინდივიდუალისტები არიან, რომ მათი გაერთიანება წარმოუდგენლად რთულია, მაშინაც კი, როცა საერთო ინტერესები აქვთ. თუმცა, თუკი მოთმინებას გამოვიჩენთ, იმედი მაქვს, ეს პროექტი საქართველოში მაინც შედგება. პირველი ნაბიჯები ყოველთვის ყველაზე ძნელია.

არა, არა, წერა ნამდვილად არ არის ჩემი საქმე! აი, სიმღერა და, საერთოდ, მუსიკა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - ჯაზი.

გუშინ დათო მაზანაშვილი მოვიდა და თავისი გამოცემული ნოტები მოიტანა: „ჯაზი ბავშვებისთვის“. ვკითხე, სად შეიძლება მოგისმონო-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არსად უკრავს, რადგან ქალაქში აღარ დარჩა ადგილი, სადაც ჯაზს მოუსმენენ. არადა, ცოდვაა, ასეთი მუსიკოსი სახლში ჩაკეტო.

ღამე მარკუს მილერს ვუსმენდი.

იდეალური დღიური, რაც ახლახან წავიკითხე, ბეგბედერის ფრანგული რომანია. რა გასაოცარი მწერალია! ძალიან თანამედროვე, თამამი; რა ოსტატურად ხსნის კულტურულ და პიროვნულ პლასტებს! პრინციპში ხელოვნება ყველაზე უკეთ ახერხებს მსოფლიოს გაერთიანებას, შეკვრას, ადამიანს იმის განცდას ანიჭებს, რომ სამყარო საერთოა, ყველასია - სიხარულიც და უბედურებაც.

1 აპრილი, პარასკევი
ამ ბოლო დროს ჩემი ქველმოქმედება მენეჯმენტამდე დავიდა. იმ ბავშვებს, რომლებსაც ვეხმარები, თითქმის ვერ ვხედავ. სამაგიეროდ, აქტიურად ვებრძვი პრობლემებს მენეჯმენტში, დონორებს, ბიუროკრატიას; ვცდილობ ეფექტიან კომუნიკაციას...

ლევან აბრამიშვილი. მისი ნახატი წამოვიღე და კაფეში დავკიდე. მომწონს ნამუშევარიც, ბიჭიც. სულ ოცი წლისაა.

კაფეში შევედი და იქ ირაკლი იმნაიშვილი დამხვდა. არადა, ორი დღის წინ ველაპარაკე ლონდონში, გადმოგირეკავო. უყვარს ასეთი სიურპრიზების გაკეთება. გამიხარდა, მაგრამ ჩემზე მეტად ჩემს შვილებს გაუხარდებათ. ირაკლის ბავშვებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. არასოდეს დამავიწყდება ამ ზაფხულს, ღამის ლონდონში, „ტეიტს მოდერნიდან“ ტაუერამდე ველოსიპედებით გასეირნება!

საღამოობით რამის კეთება შეუძლებელია. ბავშვები გიჟობენ...

გუდაურში ვიყავი. პარასკევს, გვიან, ღამის 12 საათზე ჩავედით იმ იმედით, რომ დილას ადრე ავდგებოდით და ვისრიალებდით. ჩემს ერთ მეგობარს დავურეკე. უცნაურ განწყობაზე იყო: სრულიად ერთნაირი ინტონაციით ხან მე მელაპარაკებოდა და ხან - თავის ძაღლს; ვეღარ გავიგე, როდის მე უნდა მეპასუხა და როდის - იმას. ხალისი დამეკარგა.

2 აპრილი, შაბათი
დილით რომ გავიღვიძე, თოვდა, მაგრამ თბილოდა და ჩვენამდე უკვე წვიმა აღწევდა. სასრიალოდ წასვლას აზრი არ ჰქონდა. ბავშვებიც კი მალე უკან დაბრუნდნენ, სრულიად გალუმპულები. სრიალის ნაცვლად მე და სალომე მეფურიშვილი სამზარეულოში ვისხედით და ვჭორაობდით. მიყვარს ქალებთან ჭორაობა. კაცები არასოდეს არ არიან ასე გულახდილები.

საღამოს ტელეფონზე ერთი ზარი დამხვდა, რომელმაც გამახარა. ეჰ, მგონი, პირად ცხოვრებაში ბედი არა მაქვს. საღამოა და სიამოვნებით გავისეირნებდი.

დღიურის წერა მომეწონა. რომ დავამთავრე და გადავიკითხე, ვიგრძენი, რომ დღიურმა თითქოს მომაწესრიგა. სინამდვილეში სულ მიჯნაზე ვარ.

ტოლსტოის და მისი ცოლის დღიურები გამახსენდა. რატომღაც ყოველდღე წერდნენ და სავალდებულო იყო, ერთმანეთისთვის წაეკითხათ. მგონი, მაგიტომაც იყო, ის კაცი 80 წლისა სახლიდან რომ გაიქცა...
XS
SM
MD
LG