კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, მათაც ემუქრებათ გათავისუფლება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ დისციპლინური წარმოება 6 თანამშრომლის მიმართ დაიწყეს.
მათგან ორი - ზაუტაშვილი და ივანოვ-ჩიქოვანი გაათავისუფლეს, ოთხთან დაკავშირებით კი „სხვა სახის დისციპლინური სანქციები“ გამოიყენეს.
მაუწყებლის განცხადების თანახმად, ეს ოთხი ადამიანია:
- გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტი თამარ მშვენიერაძე;
- ამავე გადაცემის წამყვანი იოსებ კაციტაძე;
- პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე;
- ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.
თავად მაუწყებელს გავრცელებულ განცხადებაში არ დაუზუსტებია, რა სახის სანქციები გამოიყენა.
რადიო თავისუფლებამ ნახა დოკუმენტი, რომელიც იოსებ კაციტაძესთან დაკავშირებით შეადგინა გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ჟურნალისტის გადაცდომად იგი მიიჩნევს „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას“ და წერს, რომ „ამის შედეგად დამსაქმებელს რეპუტაციული ზიანი მიადგა“.
11 აპრილს გამოცემული ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილი საყვედურს უცხადებს კაციტაძეს, აფრთხილებს 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე“.
ამასთან, კიდევ ერთი, რომლის მიმართაც მაუწყებელმა დისციპლინური სანქცია გამოიყენა, არის კახა მელიქიძე.
იგი მაუწყებლის ის თანამშრომელია, რომელმაც 3 თებერვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს (ბორდის) სხდომაზე ისაუბრა, თუ როგორ ერეოდნენ მის პროფესიულ საქმიანობაში და სთხოვდნენ მატჩის მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ჩვენებას.
მოგვიანებით, 23 მარტს, საქართველო-სომხეთის მატჩზე, მატჩის რეჟისორის მოვალეობა მას უკვე აღარ შეასრულებინეს.
იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკის გამო „რეპუტაციულ ზიანზე“ საუბრობს, გიორგი გვიმრაძე, - რომელმაც 30 ნოემბერს შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, - კვლავ არის მაუწყებლის პოდკასტის, 41-ე პარალელის თანაწამყვანი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად.
- გვიმრაძემ მაუწყებლის ძველ შენობაში 30 ნოემბერს მოქალაქეს, ქალს უთხრა: „შეგიძლია ამილოკო... რატო, ვითომ არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“.
- გვიმრაძე იმავე დღეს, იმავე შენობაში ხელით შეეხო მედიაკრიტიკოს ნინია კაკაბაძეს;
- 4 დეკემბერს მან დატოვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი მას შემდეგ, რაც კიმბელი ლოუსთან ინტერვიუ ჩაწერა და იგი წარადგინა, როგორც „აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში“, - რაც სიცრუე იყო.
- ამის მიუხედავად, გვიმრაძე პოდკასტის წაყვანას აგრძელებს.
მცირე ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, - რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნებისადმი“ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებდნენ, - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.
მათ ეს გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გააცნო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღეს საღამოს, 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში.
ფორუმი