დღის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე თუ გადართავთ, ან „მოამბე“ დაგხვდებათ, ან მხატვრული ფილმები „ჭრიჭინა“, „ანჟელიკა, ანგელოზების მარკიზა“, დოკუმენტური ფილმი ალენ დელონზე; საღამოს რომელიმე კინოკლასიკას ნახავთ, ან ისევ შემეცნებით-დოკუმენტურს, მაგალითად, უცხოელ მხატვრებზე.
ამ დროს, თვეზე მეტია, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მრავალათასიანი ყოველდღიური აქციებით საქართველოს მოქალაქეები ახალ არჩევნებს და საპროტესტო დემონსტრაციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული 50-მდე ადამიანის გათავისუფლებას ითხოვენ, არ ცნობენ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ამ არჩევნების შედეგად შეკრებილი პარლამენტის, ამ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობის, პირველი არაპირდაპირი არჩევნების წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ პროდასავლური კურსის ცვლილებისთვის აკრიტიკებს და მის ლიდერებს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრის, კრემლის ინტერესების გატარებისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო სანქციებს უწესებს; სამსახურიდან ათავისუფლებენ გამოცდილ საჯარო მოხელეებს, მათ, ვინც უერთდება საპროტესტო აქციების მოთხოვნებს…
თვეზე მეტია, რაც „პირველი არხის“ შენობასთანაც, თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე მოთხოვნა ისმის: დაეთმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი ხალხს. ამ მოთხოვნას იზიარებს არხის თანამშრომელთა ერთი ნაწილიც. ფილმებისა და სერიალების ნაცვლად ისინი სოციალურ-პოლიტიკური გადაცემის გაშვებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ისეთი პოლიტიკური კრიზისისას, როგორიც ახლაა საქართველოში, სრული სურათის საჩვენებლად „მოამბე“ არ კმარა.
საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონი ავალდებულებს საუკეთესო საეთერო დროს „აუდიტორიის დროულ და ყოველმხრივ ინფორმირებას“.
პირველი არხი საეთერო ბადეს არ ცვლის.
ტელევიზიის შენობა კოსტავას გამზირზე, რომლის კიბეებზეც აქტივისტები იკრიბებიან, მალე დაიცლება - მაუწყებელი ახალ შენობაში გადადის და ამ საბაბით რამდენიმე თვეა ეთერში მხოლოდ ფილმებს, სერიალებსა და ახალი ამბების გამოშვებებს უჩვენებს.
30 ნოემბრიდან, სახალხო პროტესტის პასუხად ტელევიზიის საეთერო ბადეში „საგანგებო ეთერი“ დაემატა - გადაცემა, სადაც ხელისუფლების პოლიტიკის ოპონენტებს 30-45 წუთი აქვთ პირდაპირ ეთერში წამყვანის კითხვებზე საპასუხოდ. თუმცა ახლა სათუო გახდა თავად ამ ეთერის გაგრძელებაც.
როგორ “მოიპოვა” საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის 40 წუთი ხალხმა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქციები 30 ნოემბრიდან იწყება და ამ დროს, უკვე მესამე დღეა, პარლამენტის წინ შეკრებილ ათიათასობით დემონსტრანტს პოლიცია ღამ-ღამობით წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით შლის. აკავებენ და სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, ძალადობენ ჟურნალისტებზე. პროტესტის ეს ტალღა სადავო პარლამენტის მიერ ახლად დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლას მოჰყვა - „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღო.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მისული ხალხი „პირველ არხს“ სიმართლის დამალვასა და მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებდა და პირდაპირ ეთერს ითხოვდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ „პირველ არხთან“ შეკრებილებს ეთერი დაუთმეს.
მეორე დღეს კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერის მოპოვება 2007 წლის 7 ნოემბერს, იმხანად ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრას შეადარა.
რთული და რამდენიმეეტაპიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საბოლოოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 8 დეკემბრიდან დაიწყო ყოველდღიური გადაცემა, რომელსაც დემონსტრანტები „მოპოვებულ ეთერს“ უწოდებენ.
ამას არ ეთანხმება „პირველი არხი" - ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ყოველთვის უთმობდა ეთერს განსხვავებულ აზრს.
“ცოცხალი ეთერი მექანიკის ნაცვლად”
როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სექტემბერში ახალ შენობაში დაიწყო აპარატურის გადატანა, შეცვალა მაუწყებლობის ფორმატი და ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა, გარდა „მოამბისა“, რადიოეთერში გადაიტანა.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, განსაკუთრებით კი 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში ვითარება დაიძაბა, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელი „ცოცხალ ეთერს“ აღარ დაუბრუნდა - მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია აქციებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თანამშრომლების ნაწილის აზრით, ყურადღების მიღმა რჩებოდა კომპლექსური ამბები, რომლებიც პროტესტს ახლდა თან.
„სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოლო ხანია ვერ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს, არ ასახავს მოვლენებს სიღრმისეულად და მიუკერძოებლად“, - წერდნენ თანამშრომლები ჯერ კიდევ 3 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც 80 ადამიანმა მოაწერა ხელი.
საჯარო განცხადების მიღმა თანამშრომლების ნაწილმა ხელმძღვანელობას ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი კვლავ წერილობით მიმართა - “რეალური სივრცის”, “ამ შაბათ-კვირის” და სხვა რედაქციების წევრები (ჟურნალისტები, რეჟისორები, მემონტაჟეები, ხმის რეჟისორები) დღის ეთერში “მექანიკის” ნაცვლად სოციალურ-პოლიტიკურ გადაცემებს ითხოვდნენ.
საპასუხოდ, 20 დეკემბერს, თანამშრომლებმა მიიღეს წერილი, სადაც არხის მენეჯმენტი ირიბად უარზე მიანიშნებდა და ახსენებდა მათ, რომ „პირველ არხს“ ახლა რთული პერიოდი ჰქონდა - ახალ შენობაში გადასვლის გამო სრულფასოვან მაუწყებლობას გაზაფხულამდე ვერ შეძლებდა.
„გვგონია, რომ როდესაც ეს მოცემულობა გვაქვს გარეთ, საზოგადოებრივ მაუწყებელს ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია, უნდა იყოს კიდევ უფრო ინტენსიური, დატვირთული, მართლა გადამოწმებული, მიუკერძოებელი ინფორმაციით, პროგრამებით, გადაცემებით. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, რომლებიც კარგია, მაგრამ არაფერ კავშირში არაა იმასთან, რაშიც ვცხოვრობთ“, - მითხრა თამარ მშვენიერაძემ, „რეალური სივრცის“ რეპორტიორმა.
მას „პირველი არხის“ კიბეებთან 24 დეკემბერს შევხვდი, როდესაც საპროტესტო აქციების მონაწილე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები პრესკონფერენციას მართავდნენ.
ადმინისტრაციამ ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და მემონტაჟეებს პრესკონფერენციისთვის შენობის პრესკლუბი არ დაუთმო.
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ახალი გადაცემები, გვაქვს ამის ადამიანური რესურსი და ამის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ერთადერთი, რაც არ გვაქვს, არის ნება და გადაწყვეტილება, რომელიც დასვამს ამოცანებს და ჩვენ მზად ვართ, ეს ამოცანები უმოკლეს დროში შევასრულოთ“, - თქვა „მოამბის“ წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე.
მის პოზიციას სხვა თანამშრომლებთან ერთად იზიარებს „პირველი არხის“ რეჟისორი კახა მელიქიძე. საზოგადოებრივ მაუწყებელში ის 1989 წლიდან მუშაობს, ბოლო 15 წელია, გარე გადაღებების გუნდშია და პირდაპირ ეთერში აშუქებს სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს.
მელიქიძე ამბობს, რომ ტელევიზიას აქვს მოძრავი სატელევიზიო სადგურები, რომელთა აწყობაც ნებისმიერ ადგილზე შეიძლება:
„მაგალითად, მივდივართ სიმფონიური ორკესტრის გადასაღებად, შევდივართ დარბაზში, შეგვაქვს ეს აპარატურა, დაახლოებით 3-4 საათში აწყობილი გვაქვს და შეგვიძლია პირდაპირი ეთერის სიგნალი მივცეთ… ფოიეც შეგვიძლია მოვაწყოთ ისე, რომ პირდაპირი ეთერი გვქონდეს. 6-საათიანი პირდაპირი ეთერები გვაქვს გაკეთებული ასე“.
კახა მელიქიძე მიხსნის, რომ ამისთვის ტექნიკური პერსონალიდან, ოპერატორების გარდა, სულ მცირე, ორი, მაქსიმუმ კი, ხუთი ადამიანი საკმარისი იქნება.
“ხალხის ხმა გაგვაგონეთ!”
„პირველი არხის“ თანამშრომლების ნაწილის გარდა, ცოცხალი ეთერის მოთხოვნით, 30 ნოემბრის შემდეგ კოსტავას ქუჩაზე, ტელევიზიის შენობის კიბეებთან თითქმის ყოველდღიურად იკრიბებიან რეჟისორები, განათლების სპეციალისტები, ჟურნალისტები, აქტივისტები…
ბევრმა მათგანმა ერთმანეთი სწორედ 30 ნოემბერს გაიცნო. საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რომლის ბიუჯეტი მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან 101 მილიონი ლარია, ხალხის ხმა უნდა ისმოდეს, - ამბობენ ისინი.
„ჩვენი მოთხოვნაა, არხმა შეასრულოს თავისი ფუნქცია - იმაუწყებლოს იმ კრიზისის გათვალისწინებით, რომელშიც ვართ“, - ამბობს კინოდოკუმენტალისტი სალომე ჯაში.
ჯაში საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ტელევიზიის მენეჯმენტთან მოლაპარაკებებშიც მონაწილეობს. ამ საორგანიზაციო ჯგუფში 10-15 ადამიანია. მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა საინიციატივო ჯგუფს ეძახის.
მათი მონაწილეობით არჩევენ სპიკერებს „პირველი არხის საგანგებო ეთერისთვის“, რომელიც ბოლოს 30 დეკემბერს გავიდა და ამ დრომდე უცნობია, გაგრძელდება თუ არა. გადაცემა 6 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ პასუხობდა შეკითხვებს, განახლდებოდა თუ არა "საგანგებო ეთერი". 9 იანვარს „პირველმა არხმა" განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ 13 იანვრიდან განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს, თუმცა უცნობია იგულისხმება თუ არა აქ „მოამბის საგანგებო ეთერი".
გადაცემას „პირველი არხის“ ჟურნალისტები მაკა ცინცაძე და თამთა სანიკიძე უძღვებოდნენ. ეს სწორედ ის ეთერია, რომელსაც მოქალაქეებმა „მოპოვებული“ უწოდეს.
მაკა ცინცაძეს ამავე გადაცემის ეთერში არაერთხელ უთქვამს, რომ ეს ფორმატი პოლარიზაციას აღრმავებს. მისთვის მიუღებელია ისიც, რომ სპიკერებს რედაქცია არ არჩევს.
აქტივისტებმა 26 დეკემბრიდან „პირველი არხის“ შენობის წინ „სახალხო ეთერი“ დაიწყეს. ისინი ტელევიზიის კიბეებიდან ფეისბუკზე შექმნილი გვერდის „ამომრჩევლების“ პირდაპირ ეთერში გადიან. სტუმრები ხმის გამაძლიერებელში საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, ფონად კი ბანერები აქვთ, სადაც მათი მთავარი სათქმელი რამდენიმე სიტყვაშია თავმოყრილი. ამ დროს, როგორც წესი, „პირველ არხი“ სერიალ „გულს“ ან მხატვრულ ფილმს უჩვენებს.
„სახალხო ეთერი“ გამოიყენეს სამსახურის გარეშე დარჩენილმა ტყიბულელმა მაღაროელებმა და ყოფილმა საჯარო მოხელეებმა, რომლებიც ამბობენ, რომ სამსახურიდან ხელისუფლებისადმი ოპოზიციური განწყობების გამო გაათავისუფლეს; ასევე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთა თანამოაზრეებიც 18 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ფოიეში ათენებენ და ასე უჭერენ მხარს პროევროპულ აქციებზე დაკავებულებს, მათ შორის, პოპულარულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს.
„სახალხო ეთერის“ ერთ-ერთი ინიციატორია მასწავლებელი გიორგი ჭანტურია. ის პროტესტს „პირველი არხის“ წინააღმდეგ პირველი დღიდან შეუერთდა და „საგანგებო ეთერისთვის“ სპიკერების შერჩევაშიც იყო ჩართული.
„ადამიანებს აქვთ სათქმელი და ამის საშუალება არ ეძლევათ“, - მეუბნება ჭანტურია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი „დღის ეთერის“ მოთხოვნის საპასუხოდ ამბობს, რომ „დაუშვებელია მასზე ["პირველ არხზე"] დემოკრატიის სახელით ხორციელდებოდეს მსგავსი ტიპის ზეწოლა”.
არც ამ და არც სხვა განცხადებებში საზმაუს თანამშრომლებმა ვერ მიიღეს მკაფიო პასუხი, რას იზამს ხელმძღვანელობა, შექმნის თუ არა „ცოცხალ ეთერს“ დღის სამაუწყებლო ბადისთვის.
ამ შეკითხვებით რადიო თავისუფლებამაც მიმართა „პირველ არხს“ - გვირჩიეს, რომ მანამდე გაკეთებული განცხადებებით ვიხელმძღვანელოთ.
ჩვენ შევეცადეთ ტელევიზიის იმ თანამშრომლებთანაც გასაუბრებაც, ვინც კოლეგების საპროტესტო განწყობებს არ იზიარებენ. „საგანგებო ეთერის“ წამყვანმა თამთა სანიკიძემ და ერთ-ერთმა პროდიუსერმა ნინო თარგამაძემ ინტერვიუსგან თავი შეიკავეს. ვეცადეთ წამყვან მაკა ცინცაძესთან და პროდიუსერ თამარ გოგესაშვილთან დაკავშირებასაც, თუმცა უშედეგოდ.
საზმაუდან ვერც რეიტინგთან დაკავშირებულ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი - კერძოდ, რამდენი ადამიანი უსმენს მაუწყებლის რადიოს და რამდენი პროცენტი უყურებს ტელევიზიას: „უკვე წლებია, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს საქართველოში მოქმედი რეიტინგების მთვლელი კომპანიების მომსახურებით, რამდენადაც ორი კომპანიის მონაცემი ხშირად ერთმანეთისგან განსხვავდებოდა რადიკალურად“, - მოგვწერეს პასუხად.
მართალია, რადიო- და ტელემაუწყებლობის სიგნალი მთელ საქართველოს ფარავს, მაგრამ ბუნდოვანია, აღწევს თუ არა ხალხის ხმა საზოგადოებამდე იმ ტელევიზიიდან, რომლის შენახვაც მოქალაქეებს მილიონობით ლარი უჯდებათ.
„მახინჯი იხვის ჭუკი“ - საზმაუს დაფინანსება და მუდმივი კრიტიკა მიკერძოებულობაზე
საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში 2004 წელს დაფუძნდა. მანამდე, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ჩათვლით, პირველი და მეორე არხი - საქტელერადიო მაუწყებლობა - ოფიციალურად სახელმწიფო მაუწყებლობა იყო.
„პირველ არხს მე მადლობას ვერ გადავუხდი ვერავითარ შემთხვევაში, ძალიან უკმაყოფილო ვარ ამ არხის მუშაობით. ხომ უნდა იყოს ერთი არხი, რომელიც ხელისუფლებაზე იმუშავებს? თქვენ ხართ, პრაქტიკულად, სამთავრობო ტელევიზია... უნდა გააშუქოთ მოვლენები ისე, როგორც საჭიროა. მაშინ, რატომ აცხადებთ, რომ ხართ სახელმწიფო ტელევიზია? არ შეიძლება, აქეთაც იყო და იქითაც“, - ამბობდა საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციის წინ, რასაც მისი გადადგომა მოჰყვა.
ამ განცხადებიდან ერთ წელიწადში, 2004 წლის შემოდგომაზე, ახალმა პარლამენტმა მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ, სადაც ჩაწერა, რომ ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ყოფილიყო „პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი“ არხი.
არხის კრიტიკა მისი ფუნქციების შეცვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისასაც გაგრძელდა. ოღონდ ამჯერად ტელევიზიას არა ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ.
2007 წლის არჩევნებზე მომზადებულ ანგარიშში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ ახალი ამბები საზოგადოებრივ მაუწყებელზე გარკვეულწილად უფრო დაბალანსებული იყო ყველა კანდიდატისათვის გამოყოფილი დროის ფარგლებში, გადაცემების ტონი ყოფილი პრეზიდენტის [სააკაშვილი] მხარდამჭერი იყო“.
2024 წლის დასკვნაში ეუთო/ოდირმა დაწერა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა პოლიტიკური ძალის შესახებ ძირითადად [89%] ან პოზიტიური, ან ნეიტრალური ტონი იყო გამოყენებული, თუმცა გაშუქება არ იყო დაბალანსებული, და 61% მმართველ პარტიაზე მოდიოდა.
წლების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ოპოზიცია ტელევიზიას ადანაშაულებდა, რომ მათი სათქმელი მილიონამდე ამომრჩეველთან ვერ მიდიოდა: „მოგვეცეს უფლება, რომ საზოგადოებას ველაპარაკოთ“, - ამბობდა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და საზმაუს შენობის წინ გამართულ აქციაზე პირდაპირ ეთერს ითხოვდა. ეს იყო 2008 წლის იანვარში.
2009 წლის აპრილში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს ოთხმა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ტელევიზია არასათანადოდ აშუქებდა. ოპოზიციის და აქტივისტების ნაწილი ტელევიზიის შენობის პიკეტირებას ახდენდა, სირცხვილის დერეფნებს უწყობდა თანამშრომლებს და ჰქონდა „სირცხვილის დაფაც“, სადაც გამოკრული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი წევრისა და ჟურნალისტის ფოტოები.
2012 წელს პროტესტი მოჰყვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ე.წ. ციხის კადრების ეთერში ერთი დღის დაგვიანებით გაშუქებასაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, მაშინ ეს კადრები „პირველი არხის“ გარდა ყველა ქართულმა ტელეარხმა აჩვენა, „პირველმა არხმა“ კი მეორე დღეს 16-საათიან გამოშვებაში, მეოთხე სიუჟეტად გაუშვა. ამ დროს უკვე დაწყებული იყო ხელისუფლების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები.
„იმის ნაცვლად, რომ პირდაპირი ეთერი დაეთმოთ, მაგალითად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ირგვლივ ცოცხალი დისკუსიისათვის, "პირველმა არხმა" საინფორმაციო გამოშვების შემდეგ პრაიმტაიმში მულტიპლიკაციური ფილმი "მახინჯი იხვის ჭუკი" გაუშვა“, - წერდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 2012 წლის 19 სექტემბრის საღამოზე.
მაშინაც და დღესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითადი შემოსავალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებაა. ბოლო ორი წელია ეს თანხა 101 მილიონ ლარს შეადგენს და ასე იქნება 2025 წელსაც; 16% „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოს“ ხმარდება.
2026 წლიდან საზმაუს დაფინანსების წესის ცვლილებასთან ერთად შეიცვლება თანხაც, რომელსაც მაუწყებელი გადასახადების გადამხდელთაგან მიიღებს. მეტად სავარაუდოა, რომ ახალი წესის შესაბამისად, საზმაუს ყოველწლიური დაფინანსება შემცირდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საბოლოო ბიუჯეტს, სადაც გათვალისწინებულია კომერციული თუ სხვა შემოსავლები და ხარჯები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამტკიცებს. 2025 წლისთვის „პირველი არხის“ ფულადი შემოსავლების ჯამი განსაზღვრულია 123 მილიონი ლარით.
ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად სამეურვეო საბჭოს მაუწყებელში სხვა ფართო ფუნქციებიც აქვს. სწორედ ის ნიშნავს თანამდებობაზე გენერალურ დირექტორს და უფლებამოსილია უნდობლობა გამოუცხადოს მას. ამასთან, საბჭო განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შემადგენლობა კანონით ისეა განსაზღვრული, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული გადაწყვეტილებების ობიექტურობა, საბჭოს წევრებს ხშირად აკრიტიკებენ პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო.
მათ შორის განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნეა საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ის მოადგილედ ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნისას აირჩიეს.
მაღლაფერიძე პარალელურად იყო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი თეა წულუკიანთან, კახა კალაძესთან, ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად. ის პარტიაში პირდაპირ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობიდან წავიდა. დირექტორობამდე კი მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელევიზიებში მაღალ თანამდებობებზე. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მაღლაფერიძე გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. 1999-2005 წლებში იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი.