მათ ეს გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გააცნო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღეს საღამოს, 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში.
„მოამბის“ აწ უკვე ყოფილმა წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ დირექტორთა საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება დღეს, მცირე ხნის წინ გააცნო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
მაუწყებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტების მხრიდან გამოვლინდა „ხელშეკრულებების პირობების, შრომის შინაგანაწესისა და შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ასევე წერია, რომ „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სარედაქციო პოლიტიკასა და პოლიტიკურ გავლენებს უკავშირებს:
„ჩვენ ვითხოვდით ეთერის გახსნას, რათა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე ყოფილიყო [მაუწყებელზე] ფართო დისკუსია, თუმცა ამის რესურსი ვერ მოიძებნა, - როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს რესურსი ნამდვილად აქვს, მთავარი ნებაა. ეს ნება კი არ არსებობს“, - გვითხრა ტელეწამყვანმა.
„ნების არარსებობა კი უკავშირდება იმ გავლენებს, რასაც ვასილ მაღლაფერიძე ატარებს საზოგადოებრივ მაუწყებელში“, - ამბობს ის.
სამსახურიდან გაუშვეს ნინო ზაუტაშვილიც, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყავდა სოციალური საკითხების შესახებ ტელეგადაცემა „რეალური სივრცე“.
„ზუსტად ორი წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ [იურიდიული სამსახურის უფროსმა] და თამარ შუბლაძე [HR] თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და, სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
მის ვიდეოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ავრცელებს - ჯგუფი, რომელიც მაუწყებელში დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ითხოვს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გავლენებს უპირისპირდება.
ორივე ჟურნალისტი გეგმავს, რომ მაუწყებლის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
„რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში“, - ამბობს ზაუტაშვილი.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც პირველ არხზე „მოამბე“ მიჰყავდა, 2025 წლის 4 თებერვალს ჩამოაშორეს გადაცემას.
მენეჯმენტმა მას ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთა იმით, რომ გადაცემის პროდიუსერებმა მასთან მუშაობის გაგრძელებაზე „განაცხადეს უარი“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ტელეარხის ის იშვიათი ჟურნალისტი იყო, - ნინო ზაუტაშვილთან და რამდენიმე სხვასთან ერთად, - რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა „ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში“.
„ის, რაც ახლა მაუწყებელში ხდება, ძირითადად და არსებითად, ერთი პიროვნების ბრალია“, - დაწერა ივანოვ-ჩიქოვანმა 5 თებერვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე, ვასილ მაღლაფერიძეზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეზე.
მისი ეთერს ჩამოშორება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც რეპრესია თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
ფორუმი