Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსთაველის გამზირზე კვლავ დააკავეს დემონსტრანტები

რუსთაველის გამზირზე კვლავ დააკავეს დემონსტრანტები


რუსთაველის გამზირზე სულ მცირე სამი დემონსტრანტი დააკავეს.
რუსთაველის გამზირზე სულ მცირე სამი დემონსტრანტი დააკავეს.

7 აპრილს, საღამოს უწყვეტის პროტესტის 131-ე დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კვლავ დააკავეს აქციის მონაწილეები. სავარაუდოდ, დაკავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.

გაფრთხილება: ტექსტი შეიცავს უსიამოვნო ფოტოს

საპროტესტო აქციების მონაწილეთა ჯგუფ „დაიტოვეში“ ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს პოლიციელთა მიერ დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაკავება.

თვითმხილველის ცნობით, დაკავებულთა ნაწილი პოლიციას დიდი ხნის განმავლობაში მიჰყავდა დაკავების მანქანებამდე, რომლებიც მეტრო „თავისუფლების მოედნის“ სიახლოვეს ჰყავდათ გაჩერებული.

დემონსტრანტები ამბობენ, რომ ქუჩაში ჩანს დაკავებულთა მიმართ პოლიციის სავარაუდო ძალადობის შედეგად სისხლის კვალი. სისხლის კვალი ჩანს ადგილიდან მედიის, ასევე მოქალაქეების გავრცელებულ ვიდეოშიც.

01:00 საათი, განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ახალგაზრდა კაცს მიუსაფარმა ძაღლმა ფეხის არეში უკბინა, რის გამოც მას ძლიერი სისხლდენა განუვითარდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

გაფრთხილება! ძალადობის ამსახველი ფოტო

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
სავარაუდოდ, ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სისხლის კვალი ტროტუარზე. ფოტო: ანა პეტროსიანი/„დაიტოვე“
სავარაუდოდ, ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სისხლის კვალი ტროტუარზე. ფოტო: ანა პეტროსიანი/„დაიტოვე“
ეს სურათი შეიცავს მგრნობიარე შინაარსს, რომელიც შეიძლება ზოგს აგრესიული ან უსიამოვნო ეჩვენოს - დააჭირეთ სანახავად
სავარაუდოდ, ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავების შემდეგ მასზე ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სისხლის კვალი ტროტუარზე. ფოტო: ანა პეტროსიანი/„დაიტოვე“

რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტებას და გარკვევას, რის გამო დააკავეს დემონსტრანტები.

ჯერ უცნობია ისიც, თუ სად, რომელ იზოლატორში გადაიყვანეს დაკავებულები.

8 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია მორიგი დემონსტრაცია, რასაც 9 აპრილის მემორიალთან ღამისთევა უნდა მოჰყვეს.

ხვალინდელი ღამისთევის ერთ-ერთი ორგანიზატორია პროევროპული აქციებისას დაკავებულების მშობლებისა და ოჯახის წევრების მიერ შექმნილი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

ახლად შექმნილი მოძრაობა საზოგადოებას მოუწოდებს პროტესტისკენ და 8-9 აპრილს ღამისთევას აანონსებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG