Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
10-წლიან პატიმრობაში დატოვეს აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომლის გათავისუფლებასაც აშშ ითხოვდა

10-წლიან პატიმრობაში დატოვეს აზერბაიჯანელი აქტივისტი, რომლის გათავისუფლებასაც აშშ ითხოვდა


ჰაჯიევი, - რომელიც წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, - 2022 წლის 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს.
ჰაჯიევი, - რომელიც წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, - 2022 წლის 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს.

ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა აზერბაიჯანელი აქტივისტისათვის, ბახტიარ ჰაჯიევისათვის 10-წლიანი პატიმრობის განაჩენი.

გადაწყვეტილება 7 აპრილს გამოაცხადა მოსამართლე ზამინ იბრაჰიმოვმა.

მისი გადაწყვეტილებით, დაცვის მხარის საკასაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, - რომელიც ბაქოს საქალაქო სასამართლომ იანვარში გამოიტანა, - ძალაში დარჩა.

ჰაჯიევი, - რომელიც წარსულშიც არაერთხელ ყოფილა დაკავებული, - 2022 წლის 9 დეკემბერს სისხლის სამართლის წესით დააპატიმრეს. ის წინასწარ პატიმრობაში 2 წლისა და 3 თვის განმავლობაში იყო.

თავდაპირველად მას ბრალად წაუყენეს „სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ხულიგნობა“, ასევე სასამართლოს უპატივცემულობა, რაც აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით, პატიმრობით ისჯება.

მისი პატიმრობაში ყოფნის დროს კი დამატებით წარუდგინეს „უკანონო წარმოების“, „დანაშაულებრივად მოპოვებული თანხის ლეგალიზაციის“, „კონტრაბანდის“, „გადასახადებისგან თავის არიდებისა“ და „დოკუმენტების გაყალბების“ ბრალდებები.

ჰაჯიევი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულსა და გამოგონილს უწოდებს.

მისი განცხადებით, ის დააკავეს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვილაიათ ეივაზაოვის პირადი დავალებით, რადგან იგი მას აკრიტიკებდა.

2024 წლის 11 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებდა პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების, მათ შორის ბახტიარ ჰაჯიევის გათავისუფლებისკენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, Meydan TV-ის ჟურნალისტები და „სხვა არაერთი ადამიანი, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამო არიან დაპატიმრებული“.

თუმცა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ავტორიტარული რეჟიმი უკვე დიდი ხანია ან იგნორირებას უკეთებს, ან მწვავედ რეაგირებს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში, კონტრაბანდის ბრალდებით, 30 ჟურნალისტი და აქტივისტი დააკავეს.

მათ შორის არიან AbzasMedia-ს, ToplumTV-სა და MeydanTV-ის წარმომადგენლები.

ბრალს არავინ აღიარებს. ისინი ბრალდებებს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ და გამოგონილად, პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან.

აზერბაიჯანის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის ციხეებში 300 პოლიტპატიმარია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG