Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
USAGM-მა გაწყვიტა თანამშრომლობა ორ სატელიტურ სისტემასთან, რომლებიც ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ტრანსლაციას ახდენდნენ

USAGM-მა გაწყვიტა თანამშრომლობა ორ სატელიტურ სისტემასთან, რომლებიც ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" ტრანსლაციას ახდენდნენ


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სათაო ოფისი პრაღაში. 18 მარტი, 2025 წელი
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სათაო ოფისი პრაღაში. 18 მარტი, 2025 წელი

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) გაწყვიტა კონტრაქტი ორ სატელიტურ სისტემასთან Astra და Eutelsat-ი, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა რუსულენოვან ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიას" სადღეღამისო მაუწყებლობა.

აღნიშნული ტელეარხი წარმოადგენს მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ნაწილს და მიჩნეულია "არასასურველ" ორგანიზაციად რუსეთში.

ამ გადაწყვეტილების მიზეზები უწყებას (USAGM) არ განუმარტავს. მიუხედავად ამ ორი სერვისის გათიშვისა, "ნასტოიაშჩეე ვრემიას" მაუწყებლობა გრძელდება სატელიტური სისტემა Hotbird-ის მეშვეობით. ამას გარდა, რუსულენოვანი ტელეარხის პროგრამები ხელმისაწვდომია ციფრულ პლატფორმებზე.

USAGM-ის გადაწყვეტილება სატელიტურის სისტემების მომსახურების შესახებ კონტრაქტების გაწყვეტის თაობაზე მიღებულია სამი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას შვიდი სააგენტოს, მათ შორის RFE/RL-ის საქმიანობის ზედამხედველი უწყების - USAGM-ის შემცირების შესახებ.

ამის შემდეგ RFE/RL-ს გრანტი შეუწყდა წერილით, რომელსაც ხელს აწერდა კერი ლეიკი, როგორც " USAGM-ის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მთავარი მრჩეველია, რომელსაც უფლებამოსილება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან აქვს მინიჭებული". წერილში ნათქვამი იყო, რომ გრანტი აღარ წარმოადგენდა USAGM-ის პრიორიტეტებს. სხვა ახსნა-განმარტება წერილში არ ყოფილა მითითებული.

RFE/RL-მა ამ ნაბიჯს უკანონო უწოდა და სასამართლოს მიმართა.

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა.

სასამართლოს 25 მარტით დათარიღებული განჩინების თანახმად, რომ USAGM-ის მიერ რადიო თავისუფლებისათვის საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, - რაც ორგანიზაციის დახურვის პროცესის დაწყების წინაპირობაა, - სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და სავარაუდოდ, არღვევს ადმინისტრაციული პროცედურების აქტსა და აშშ-ის კონსტიტუციას.

თუმცა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.

მოსამართლემ ასევე უნდა გადაწყვიტოს, საბოლოოდ დააკმაყოფილებს თუ არა რადიო თავისუფლების მოთხოვნას, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილი 77 მილიონი დოლარი, - რაც 30 სექტემბრამდეა გათვალისწინებული, - ორგანიზაციას სრულად გადასცეს.

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დაფინანსების შეწყვეტის საფრთხეს მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა იმ ქვეყნებში, რომლებსაც რადიო თავისუფლება ფარავს.


RFE/RL-ის დაფინანსების სამომავლო პერსპექტივის ბუნდოვანების ფონზე, რადიო თავისუფლების მხარდაჭერის შესაძლებლობაზე ფიქრი დაიწყეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკოსებმა.


საკუთრივ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის კონგრესის განსაზღვრული ბიუჯეტი, USAGM-ის დოკუმენტების თანახმად, 2025 წლისთვის შეადგენდა 153 მილიონამდე დოლარს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG