უნგრეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ დატოვებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს(ICC). პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ გასვლის პროცესი ოფიციალურად დღეიდან, 3 აპრილიდან, დაიწყება.
უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე მომზადებული კანონპროექტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური 1 აპრილს იუწყებოდა, რომ ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება გადაწყვიტა. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ICC-ზე უარს ამბობს.
დღეს, 3 აპრილს, დაიწყო უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.
უნგრეთი, რომელიც შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე ოფიციალურად რჩება რომის სტატუტის მონაწილედ და ამ საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე მოქმედი სასამართლოს(ICC) იურისდიქციას აღიარებს, ვალდებულია ნეთანიაჰუ დააპატიმროს.
თუმცა, ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, როცა სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ისრაელის პრემიერი ბუდაპეშტში მიიწვია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.
ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას აბსურდული და ანტისემიტური უწოდა.
2002 წელს დაფუძნებული სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს 120-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ხელმოწერილი და რატიფიცირებული აქვთ საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომის სტატუტი. ამ ქვეყნებს შორის ისრაელი არ არის. არ არის არც ისრაელის მოკავშირე აშშ. 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
ტრამპის თანახმად, სასამართლო უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს მიმართავს აშშ-ისა და მისი ახლო მოკავშირის, ისრაელის წინააღმდეგ.
ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს რუსეთიც. 2023 წლის მარტში სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
ICC-ს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
2024 ოქტომბერში პუტინი ვიზიტით იმყოფებოდა მონღოლეთში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრებაზე უარი თქვა.
მონღოლეთის მთავრობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში რუსეთზეა დამოკიდებული და ამასთან, იცავს ნეიტრალიტეტის პოლიტიკას.
ფორუმი