ირაკლი ბებუას ფოტოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მას საოკუპაციო ხაზი საბერიო-ფახულანის გადასასვლელის გავლით გადაკვეთა.
ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა, 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. თუმცა მისი უკანონო პატიმრობის რეალური ხანგრძლივობა 4 წელსა და 6 თვეს გაუტოლდა.
"მან დაწვა სახელმწიფო დროშა, რაზეც დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მთლიანობაში ის უნდა მჯდარიყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მას ეწურება იზოლატორში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი (ხდება) იმ მუხლის და იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერ კიუტიმ.
როგორც მანამდე წერდა რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა", ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი. რის გამოც პატიმრობის ვადა, "კანონით", საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება "ერთი ორს".
თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ირაკლის ახლობლების ინფორმაციით, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ფორუმი