„როგორც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და მაღალი რანგის წევრი, ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ერთად ვიმუშავოთ, რათა ჩვენი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წინ წავწიოთ ეს კანონპროექტები“, - წერენ სენატორები, ჯიმ რიში (რესპუბლიკელი) და ჰინ შაჰინი (დემოკრატი).
მათ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს 28 მარტს, - მას შემდეგ, რაც წინა დღეს კომიტეტმა რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება, მათ შორის „MEGOBARI აქტი“ მოიწონა.
ამავე განცხადებაში წერია, რომ ეს კანონპროექტი „უფრო ფართოდ შეუწყობს ხელს სტაბილურობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში“.
იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.
„ჩვენ მივიღეთ „მეგობარი აქტი“, რათა ძლიერი გზავნილი გაგვეგზავნა ქართველი ხალხისთვის იმის შესახებ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ მცდელობას, მათმა დემოკრატიამ პოზიტიური მიმართულებით გააგრძელოს სვლა“, - განაცხადა 27 მარტს კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა.
„მხარს ვუჭერთ მცდელობებს, მთავრობას ჩამოსცილდნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართულ ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციას“, - დასძინა მან.
5 მარტს „მეგობარი აქტი“ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სწორედ ამ ორმა სენატორმა წარადგინა. ისინი წლებია, საქართველოს საკითხებზე მუშაობენ და ხშირად სტუმრობენ თბილისს.
MEGOBARI აქტის ძირითადი დებულებები
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორპარტიული MEGOBARI Act-ი [S.868 ] მოიცავს არაერთ მიმართულებას:
- აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
- ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების - ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
- [აშშ-ის] პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, [რომლებიც] ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
- ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
- მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
- მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.
კანონპროექტი თავდაპირველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში იყო ინიციირებული რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ: პირველად - 2024 წელს, ხოლო შემდეგ 2025 წლის იანვარში - როდესაც 119-ე მოწვევის კონგრესი შეუდგა მუშაობას.
განახლებულ "მეგობარ აქტს" [H.R.36] ასევე ორპარტიული მხარდაჭერა აქვს წარმომადგენელთა პალატაში და 25 მარტის მონაცემებით, 18 მხარდამჭერს ითვლის. ამ ეტაპზე ის გადაგზავნილია საგარეო საქმეთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებში.
ფორუმი