Accessibility links

რას ვუყუროთ?
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მე მინდა, რომ თქვენ გაცოცხლდეთ!“

„მე მინდა, რომ თქვენ გაცოცხლდეთ!“


„7 დღე, 7 ღამე“ („მოდერატო კანტაბილე“)
„7 დღე, 7 ღამე“ („მოდერატო კანტაბილე“)

„7 დღე, 7 ღამე“ („მოდერატო კანტაბილე“) - იტალია, საფრანგეთი. 1960, რეჟისორი პიტერ ბრუკი

21 მარტს პიტერ ბრუკს 100 წელი შეუსრულდებოდა. დიდ ბრიტანელ რეჟისორს ჯერ კიდევ 40-იანი წლების მიწურულს, როცა თავისი პირველი სპექტაკლების დადგმა დაიწყო, გაუჩნდა სურვილი, აღებეჭდა ეს წარმოდგენები ფირზე და ასეთი სახით შეენახა. მაგრამ არ ჩქარობდა, კინოს ენას ეუფლებოდა, რადგანაც ძალიან კარგად ესმოდა, რომ გადასაღები მოედანი სასცენო სივრცისგან პრინციპულად განსხვავდება. თანაც ეს ხომ „ახალი ტალღის“ დაბადების პერიოდია - იმ ახალგაზრდების მოსვლის, რომლებიც სწორედაც რომ თეატრალურობას ებრძოდნენ კინოში. მათი გადამტერება სახიფათო იყო!

1960 წელი, როცა კანის ფესტივალზე პიტერ ბრუკის „მოდერატო კანტაბილეს“ პრემიერა მოეწყო, მთელი ეპოქაა კინოს ისტორიაში. 1960 წელს ერთიმეორის მიყოლებით გამოვიდა ეკრანებზე ვისკონტის „როკო და მისი ძმები“, ანტონიონის „თავგადასავალი“, ფელინის „ტკბილი ცხოვრება“, ჰიჩკოკის „ფსიქო“, გოდარის „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“... ამ შედევრების ფონზე „მოდერატო კანტაბილე“ დაიჩაგრა. მაგრამ, ვფიქრობ, უსამართლოდ.

სხვათა შორის, ბრუკი სულაც არ აღიქვამდა თავის თავს „ახალი ტალღისგან“ გამიჯნულად. პირველი დიდი ფილმისთვის მან მიმართა ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორების ლიტერატურულ კერპს, მარგარეტ დიურასს და მწერლის იმხანად ახალგამოცემულ წიგნს, „მოდერატო კანტაბილე“. დიურასმა თავად მიიღო მონაწილეობა სცენარზე მუშაობაში - თითქმის პარალელურად ალენ რენეს ფილმის, „ჰიროსიმა ჩემი სიყვარულის“ სცენარისა. ამიტომაცაა ალბათ, რომ „მოდერატო კანტაბილეს“ ტექსტს „ჰიროსიმას“ ხშირად ადარებენ. უფრო სწორად, სტილს საუბრისა, რომელიც გვესმის ეკრანიდან. თუმცა „ახალ ტალღასთან“ ხიდს პიტერ ბრუკის ფილმში ქმნის არა იმდენად დიურასი, რამდენადაც - მსახიობები, ფრანგული კინოს მაშინდელი ახალგაზრდა ვარსკვლავები ჟანა მორო და ჟან-პოლ ბელმონდო. თუკი ბელმონდო ჯერ მხოლოდ იწყებდა თავის კარიერას, მორო უკვე ფრანგული კინოს სახედ აღიქმებოდა. მეტიც, მოგვიანებით პიტერ ბრუკი აღიარებს, რომ გადასაღებ მოედანზე ჟანა მორო ჭირვეულობდა როგორც ვარსკვლავი და ზოგჯერ იქით უკარნახებდა რეჟისორს, როგორ უნდა ემუშავა მსახიობებთან.

ჟანა მოროს პერსონაჟი, ანა, მსხვილი კაპიტალისტის ცოლი, ახალგაზრდაა, ლამაზია, მდიდარია. მაგრამ აშკარად მობეზრებული აქვს ეს რუტინული ცხოვრება, შვილის ტარება მუსიკის გაკვეთილებზე და ხანმოკლე გასეირნებები ნაცრისფერ ქალაქში.

ერთხელაც აქ რაღაც იცვლება - პატარა კაფეში ქალს კლავენ. როგორც აღმოჩნდება, სიყვარულის (არა ეჭვიანობის!) მოტივით. ეს ამბავი ანაზე იმდენად იმოქმედებს, რომ ყოველდღე იწყებს კაფეში სიარულს, სადაც მკვლელობის კიდევ ერთ მოწმეს, ახალგაზრდა მუშას, შოვენს, გაიცნობს. ჟან-პოლ ბელმონდოს შესრულებით.

ანა შოვენთან ერთად ცდილობს აღადგინოს დანაშაულის სურათი, კითხვებს უსვამს ბელმონდოს გმირს. თუმცა არ იცის, რატომ მიიზიდა ამ ადგილმა. ვალდებულება და ვნება მას შუაზე გახლეჩს. აღმოჩნდება, რომ შოვენი სწორედ იმ ქარხანაში მუშაობს, რომლის მეპატრონე ანას ქმარია. და ახლა ქალბატონი დამოკიდებული იქნება კაცზე, რომელსაც მისი „კლასი“ აქამდე ჩაგრავდა.

როლები იცვლება - ეს დიურასის ტექსტის, შესაძლებელია, ყველაზე მნიშვნელოვანი პლასტია. უფრო მეტიც, ანა და შოვენი თითქოს სარკის მიღმა სამყაროში შედიან - გასაოცრად ემსგავსებიან მოკლულ ქალსა და მკვლელს… თითქოს მათი ორეულები არიან. ლაპარაკობენ სხვაზე, სხვის ცხოვრებაზე, უკვე მომხდარ ფაქტზე, მაგრამ არსებითად ლაპარაკობენ საკუთარ მომავალზე. შესაბამისად მაყურებელი ელოდება, რომ ფილმის პერსონაჟები „გაიმეორებენ“ ისტორიას, რომლის მოწმენი გახდნენ.

მოლოდინი აძლიერებს დაძაბულობას. არსებითად მაყურებლის ამ მოლოდინზეა აგებული მთელი ფილმი და ეს მოლოდინი ამართლებს ნახევრად ნათქვამი, გაწყვეტილი ფრაზების სიმრავლეს „მოდერატო კანტაბილეში“. დაუსრულებელი სიტყვები და აზრები სრულიად გამართლებულია ანას მდგომარეობითაც. აქამდე იცოდა, რომ ქალი, პირველ რიგში, ცოლია, დედაა. ახლა კი რაღაც შეიცვალა მასში - ვერ უტყდება თავის თავს, ეშინია იმის აღიარება, რომ თვალი აეხილა.

პიტერ ბრუკი ბრიტანელი იყო, მაგრამ სპექტაკლებს დგამდა მთელ მსოფლიოში, აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში, მათ შორის სრულიად ცარიელ სივრცეშიც, დეკორაციის პრინციპული უარყოფით.

სიცარიელის ესთეტიკა არის ის, რამაც დააახლოვა პიტერ ბრუკის და მარგარეტ დიურასის ენა. „მოდერატო კანტაბილეში“ დიალოგი ბევრია და როგორც წესი, სრულიად მოკლებული რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას. უბრალოდ, ფრაზების თამაშია, რომელმაც სიცარიელეში ცხოვრების განცდა უნდა გააძლიეროს. მოწყენილობაში გაღვიძებული თამაშის სურვილი აქ იგივეა, რაც ცხოვრების სურვილი. მათ შორის სახიფათო ცხოვრების სურვილი. აბსოლუტურად ადამიანური ვნებაა, გადალახო ეს დაწყევლილი „ზომიერება“, ეს „მოდერატო კანტაბილე“, ანუ „ზომიერად მღერადი“.. და ეს შოვენიც შეიძლება საერთოდ არაა რეალური არსება - შოვენიც ანას მოგონილია.

სიცარიელისა და სტატიკურობის ესთეტიკა კინოს მოყვარულებს მიქელანჯელო ანტონიონის ფილმებს გაახსენებს. ქალაქი, სადაც მუდმივად უბერავს ქარი და ყველაფერი ნაცრისფერია, გაქცევის, თავის დაღწევის სურვილს ბადებს. მაგრამ ნაცრისფერ სიცარიელეში გამოსახულება იმდენად ლამაზია, რომ დაუსრულებლად შეგიძლია უყურო და დააკვირდე. თუმცა ანტონიონის ფილმებთან „მოდერატო კანტაბილეს“ მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტა და ჟანა მოროს გამოჩენა აკავშირებს („მოდერატო კანტაბილეს“ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ჟანა მოროს უკვე დაწყებული ჰქონდა მუშაობა ანტონიონისთან, ფილმზე „ღამე“). პიტერ ბრუკთან ჟანა მოროც სხვანაირია - მუდმივად ხაზს უსვამს იმას, რომ თამაშობს, რომ სცენაზეა და არა რეალურ მოედანზე. „მოდერატო კანტაბილეში“ რეალობას იმდენად დაკარგული აქვს ბუნებრიობა, რომ უბრალოდ არ გაძლევს უფლებას, იყო ბუნებრივი კამერის წინ. ამიტომაც შოვენის ფინალური სიტყვები: „მე მინდა, რომ თქვენ მოკვდეთ!“ ფაქტობრივად ჟღერს ასე: „მე მინდა, რომ თქვენ გაცოცხლდეთ!“

განცალკევების, გამიჯვნის, მიტოვებულობის შეგრძნება დღეს ბევრს აქვს საქართველოში. იზოლაცია აშკარაა, მიუხედავად იმისა, რომ ის, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, წარმატებაზე, ეკონომიკურ აღმასვლაზე და რაც მთავარია, მშვიდობაზე გველაპარაკება. მაგრამ იზოლაცია კლავს. ისევე როგორც ეს მოსაწყენი „ზომიერი მღერადობა“.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG