20 მარტს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლელა ცისკარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურის გამოძიება და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყადაღის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არის „დაუსაბუთებელი და უკანონო“.
„ეს არის „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური რეჟიმის მიზანმიმართული შეტევა უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და უფლებადამცველებზე“, - თქვა მან.
„ჯარიმების გადახდას ჩვენ მივიჩნევთ სოლიდარობის გამოხატულებად. თანადგომა, სოლიდარობა და ერთმანეთის სიღარიბისგან დაცვა არის ქართული კულტურის და ტრადიციის განუყოფელი ნაწილი და ამაზე ვდგავართ ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები“, - განაცხადა ლელა ცისკარიშვილმა ორგანიზაციის სახელით.
ორგანიზაციის ცნობით, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ადამიანებისათვის ჯარიმების გადასახდელად შემოწირულებების მიღება „ადამიანის უფლებათა სახლმა“ დაიწყო „აგენტების კანონის“ ინიციირების პროცესში, „როცა არაპროპორციული ჯარიმების დაწესება დაიწყეს“.
ლელა ცისკარიშვილის ცნობით, დღეისთვის „ადამიანის უფლებათა სახლს“
- დაფარული აქვს 843 747 ლარის ოდენობის 365 ადმინისტრაციული ჯარიმა;
- 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მიიღო 921 336 ლარის შემოწირულება ასეულობით ფიზიკური პირისგან და ბოლო ორი თვის განმავლობაში - 300 000 ლარის შემოწირულება TBC ბანკისა და "საქართველოს ბანკისგან".
„ამჟამად განაცხადი ჯარიმების დაფარვაზე გაკეთებული აქვს 100-მდე პირს, რომელთაც გადაუხდელობის შემთხვევაში ქონების დაყადაღება ემუქრებათ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს:
- პროკურატურას: „სასწრაფოდ შეწყვიტოს გამოძიება და მოხსნას ყადაღა ორგანიზაციის ანგარიშებიდან, რათა შევძლოთ უფლებადაცვითი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება“.
- სააპელაციო სასამართლოს: „განიხილოს და გააუქმოს საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება“.
ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდების გაჩერება მხოლოდ აქციების მონაწილეებს არ ეხებათ - ამ ფონდების ნაწილი, დემონსტრანტების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების მქონეებსაც ეხმარებოდა.
ამ ფონდებს შორის არიან:
- საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
- საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
- არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.
ფორუმი