Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
იემენის ჰუსიტებზე აშშ-ის დარტყმები მესიჯია ირანისთვის

იემენის ჰუსიტებზე აშშ-ის დარტყმები მესიჯია ირანისთვის


აშშ-მა 15 მარტს სამხედრო თავდასხმები განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ.
აშშ-მა 15 მარტს სამხედრო თავდასხმები განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ.

აშშ-მა მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელა იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე, რათა აღმოიფხვრას საზღვაო გადაზიდვებისთვის მათი მხრიდან შექმნილი საფრთხე და, ამავდროულად, მათ მხარდამჭერ ირანს გაეგზავნოს გაფრთხილების სიგნალი.

15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, "დაუყოვნებლივ" შეწყვიტოს ჰუსიტთა მხარდაჭერა და პირობა დადო, რომ თეირანის პასუხისმგებლობა "სრულად დადგება", თუკი ის საფრთხეს შეუქმნის ამერიკელებს ან გადაზიდვის ხაზებს.

დარტყმების ფონია ირანში მიმდინარე განხილვა პასუხზე, რომელიც უნდა გაეცეს ტრამპის წერილს თეირანის ბირთვულ პროგრამასთან და, შესაძლოა, ირანის რეგიონულ აქტივობებთან და რაკეტების პროგრამასთან დაკავშირებით.

ჰუსიტები, რომლებსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ფორმალურად ანსარალას მოძრაობის სახელით არიან ცნობილი. მათ იემენში ხელისუფლება 2014 წელს ჩაიგდეს ხელში, საერთაშორისოდ აღიარებული, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების დამხობით.

2023 წლის ოქტომბერში ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტებმა ისრაელზე განახორციელეს შეტევები და ასევე მიზანში ამოიღეს წითელ ზღვაში მცურავი გემები, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, ისრაელიდან მოდიოდა ან მას ეკუთვნოდა. ჰუსიტები აცხადებდნენ, რომ ამ ნაბიჯების მიზანი იყო პალესტინელებისთვის სოლიდარობის აღმოჩენა.

თავდასხმები გაჩერდა მას მერე, რაც იანვარში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება. თუმცა ჰუსიტები აცხადებენ, რომ იერიშებს განაახლებენ, თუ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შევა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG