Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირმა განაცხადა, რომ საპასუხო ტარიფებს უწესებს აშშ-ს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ საპასუხო ტარიფებს უწესებს აშშ-ს


ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ევროკავშირის შტაბ-ბინაში. ბრიუსელი, 15 მაისი, 2017.
ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ევროკავშირის შტაბ-ბინაში. ბრიუსელი, 15 მაისი, 2017.

ევროკომისიამ გამოაცხადა შეერთებული შტატებიდან იმპორტირებულ საქონელზე საპასუხო გადასახადების შემოღების შესახებ. ზომები, ნათქვამია განცხადებაში, მიზნად ისახავს, დაიცვას ევროპული ბიზნესი, მუშები და მომხმარებლები ვაშინგტონის მხრიდან „არაგონივრული სავაჭრო შეზღუდვების“ გავლენისგან.

12 მარტს შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირიდან ფოლადის, ალუმინის და ფოლადისა და ალუმინის შემცველი ზოგიერთი პროდუქტის იმპორტზე 25-პროცენტიანი ტარიფები დააწესა.

ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, განაახლოს 2018 და 2020 წლების ძველი გადასახადები შეერთებული შტატებიდან 6,4 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე. სიაში შედის ნავები, ბურბონი და მოტოციკლები.

აპრილის შუა რიცხვებში ახალ გადასახადებს შემოიღებენ - სამრეწველო საქონელზე (ფოლადისა და ალუმინის ნაწარმი, ქსოვილები, ტყავის ნაწარმი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სახლის ხელსაწყოები, პლასტმასის ნაწარმი, ხის ნაწარმი) და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე (ქათამი, საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტები, თხილი, კვერცხი, რძის პროდუქტები, შაქარი და ბოსტნეული) - 18 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელზე.

2025 წლის თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც 25-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ფოლადსა და ალუმინზე. ტრამპის სავაჭრო მრჩეველმა პიტერ ნავარომ თქვა, რომ ზომები გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას ფოლადისა და ალუმინის შიდა მწარმოებლების გაძლიერებით. ჩინეთი აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს შემოიღებს.

მისი პირველი ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ტარიფები დააწესა - 25% ფოლადზე და 10% ალუმინზე, მაგრამ შემდეგ უბაჟო ვაჭრობის კვოტები მიანიჭა კანადას, მექსიკასა და ბრაზილიას. ჯო ბაიდენმა ეს კვოტები გაავრცელა დიდ ბრიტანეთზე, იაპონიასა და ევროკავშირზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG