Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 100-მდე დრონი გამოიყენა

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 100-მდე დრონი გამოიყენა


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სამედიცინო დაწესებულება უკრაინის ქალაქ სუმიში. 2024 წლის სექტემბერი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. რუსული დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სამედიცინო დაწესებულება უკრაინის ქალაქ სუმიში. 2024 წლის სექტემბერი

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს. არიან დაჭრილები, დაზიანებულია სახლები, სამედიცინო დაწესებულება და ენერგოობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 4 მარტს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 99 დრონი.

სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 65 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში, ხოლო 32 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზარალდნენ ოდესის, სუმისა და დონეცკის ოლქები.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით თავდასხმისას დაშავდა ოთხი ადამიანი. დაზიანებულია სახლები და ენერგოობიექტები.

ქალაქ სუმიში დაზიანებულია ბავშვთა პოლიკლინიკის შენობა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG