ოკუპირებულმა ცხინვალის რეგიონმა და ნიკარაგუამ "უვიზო მიმოსვლის შეთანხმება" გააფორმეს, კერძოდ, „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობებზე ორმხრივი უარის თქმის შესახებ“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „შეთანხმებას“ ხელი მოაწერა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა, ნიკარაგუას კი „ელჩი სამხრეთ ოსეთში“ (რეზიდენცია მოსკოვში) ალბა ტორესი წარმოადგენდა.
რუსეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს „ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების ასპექტები, მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები, ასევე მიმდინარე საერთაშორისო მოვლენები“.
2008 წელს ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“. ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. აფხაზური და სამხრეთ ოსეთის პასპორტების მფლობელებს ნიკარაგუაში უვიზოდ 90 დღემდე ყოფნა შეუძლიათ.
საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ.
ფორუმი