„დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან“, - წერია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ფეისბუკზე 25 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტში.
ამავე წყაროს თანახმად, შესაბამისი განკარგულება ირაკლი კობახიძემ გამოსცა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსახლეობას სპეციალური ტექნიკით ეხმარებიან დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები.
ამავე უწყების თანახმად, „საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები“.
20 თებერვლის შემდეგ გურიასა და აჭარაში დიდი თოვლის გამო გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა, სოფლების დიდი ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
გარესამყაროს მოწყვეტილ ხალხს გადაუდებელი დახმარება სჭირდება - გურიაში დიდთოვლობის გამო რთულ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოქალაქე ხელისუფლების უყურადღებობას უჩივის.
დიდთოვლობამ დააზარალა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებიც.
შეფერხებულია ენერგომომარაგება.
დროებით დაიხურა ბათუმის აეროპორტი.
ფორუმი