გაერთიანების თანახმად, ბათუმის აეროპორტი შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს.
„მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს“, - იუწყება აეროპორტების გაერთიანება.
სახელმწიფო კომპანიის თანახმად, დღეს საღამოს, 24 თებერვალს, ისრაელის ავიაკომპანია EL Al-ის კუთვნილი ხომალდი ბათუმის ნაცვლად რეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულებს და თელ-ავივში ქუთაისიდან გაფრინდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ასევე იუწყება, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეულ რეჟიმში სრულდება, - თუმცა განრიგის მიხედვით, ქუთაისი-ათენის რეისი, რომელიც 11:55 საათზე უნდა გაფრენილიყო, ჯერ განუსაზღვრელი დროით გადაიდო.
გაერთიანების ცნობით, დიდთოვლობის მიუხედავად, ქუთაისის აეროპორტის სამსახურები „საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად ახორციელებენ“, ასევე, „სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები“.
დღეს, 24 თებერვალს, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში შეჩერდა სასწავლო პროცესი - მიზეზი უამინდობა და დიდთოვლობაა.
აჭარის განათლების სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს.
სწავლა შეჩერდა ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში.
ფორუმი