Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ირლანდიის ოპოზიციური პარტია თეთრ სახლში ვიზიტს ბოიკოტს უცხადებს ღაზაში აშშ-ის გეგმის გამო

ირლანდიის ოპოზიციური პარტია თეთრ სახლში ვიზიტს ბოიკოტს უცხადებს ღაზაში აშშ-ის გეგმის გამო


ფოტო არქივიდან: პარტია "შინ ფეინის" თავმჯდომარე მერი ლუ მაკდონალდი. 24 ნოემბერი, 2024 წელი
ფოტო არქივიდან: პარტია "შინ ფეინის" თავმჯდომარე მერი ლუ მაკდონალდი. 24 ნოემბერი, 2024 წელი

ირლანდიის უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, "შინ ფეინმა", 21 თებერვალს განაცხადა, რომ გამოტოვებს წმინდა პატრიკის დღეს ტრადიციულ ვიზიტს აშშ-ში, თეთრ სახლში, ღაზის სექტორის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებისადმი პროტესტის ნიშნად.

როგორც AFP-ი იტყობინება, პარტიის ლიდერმა მერი ლუ მაკდონალდმა დუბლინში თქვა, რომ არ შეუძლია ვაშინგტონში ჩასვლა, „სანამ პალესტინელ ხალხს მასობრივი განდევნის საფრთხე ემუქრება“.

ტრამპის წინადადებამ, აშშ-მა კონტროლი დააწესოს ღაზაზე და პალესტინელები სამუდამოდ გაასახლოს სხვა ადგილზე, აღშფოთება გამოიწვია მსოფლიოში.

„ჩვენ ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ, როცა ვფიქრობთ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდება, თანაც პალესტინის შემთხვევაში - კატასტროფულად“, - თქვა მაკდონალდმა ჩრდილოეთ ირლანდიის პირველ მინისტრთან, თანაპარტიელ მიშელ ო’ნილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ირლანდიის სამთავრობო და ოპოზიციური პოლიტიკოსები ტრადიციულად მიწვეული არიან ხოლმე თეთრ სახლში წმინდა პატრიკის დღეს - ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, რომელიც 17 მარტს აღინიშნება. ეს შეკრება პოლიტიკური კონტაქტების საბაბად მიიჩნევა. მაგრამ ტრამპის კომენტარი „პალესტინელი ხალხის ღაზიდან ძალადობრივი განდევნის შესახებ არ შეიძლება უგულებელვყოთ“, - თქვა ო’ნილმა, რომელიც ამავე დროს არის პროირლანდიური ერთობის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი.

შინ ფეინის გადაწყვეტილება, უარი თქვას ვაშინგტონში ვიზიტზე, ზეწოლაა ირლანდიის ტიშეხზე (პრემიერ-მინისტრი), მიხოლ მარტინზე, რომელიც მოელიან, რომ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება, მაგრამ მიწვევა ჯერ არ მიუღია.

ირლანდია ღაზის კონფლიქტში ისრაელის მოქმედების მკაცრი ოპონენტია და პალესტინელების ერთ-ერთი აქტიური დამცველია ევროკავშირში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG