შემთხვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე თვითმხილველმა ქეთი წულუკიძემ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, სახედაფარულმა, დაახლოებით ათამდე პირმა ლაშა ჯიოშვილი მანქანაში ჩასვა. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ პოლიციიდან არიან.
კიდევ ერთი თვითმხილველის, თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ვინაობის კითხვის შემდეგ ლაშა ჯიოშვილი ამბობს: "რაღაცას მიდებენ ჯიბეში".
თვითმხილველი ქეთი წულუკიძე ჰყვება, რომ პროევროპული საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ დაინახეს, როგორ მირბოდა დროშიანი ბიჭი და როგორ მისდევდა მას მინიმუმ 10 ადამიანი.
"დროშით მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ, გავაჩერეთ მანქანა და დავიწყეთ გადაღება. თავიდან პასუხს არ გვცემდნენ, არცერთს არ ეცვა პოლიციის ფორმა, რომ დაგვინახეს ვიღებდით, გაიკეთეს ნიღბები. ერთ-ერთი სახე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია ვართო, დავაფიქსირეთ. ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს ეს ბიჭი", - ამბობს ის.
„წამიერად გავიფიქრე, რომ 112-ში დავრეკავდი დასახმარებლად... მაგრამ მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა - ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ვერავინ ვერ გვიცავს ერთმანეთის გარდა და ეგრევე „ლაივი“ ჩავრთეთ“, - ქეთი წულუკიძე რადიო თავისუფლებასთან.
ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, მათთვის უცნობია, სად ჰყავთ გადაყვანილი ლაშა ჯიოშვილი.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს, სად ჰყავთ გადაყვანილი ტვ პირველის, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი. იზოლატორებში ამბობენ რომ იქ არ არის. არ გვეუბნებიან ჩვენ, უმალავენ სახალხო დამცველს", - წერს მელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ფორუმი