Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
თუ არ დამიბარებენ, თავიანთი მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან - ბოკერია „ოცნების“ კომისიაზე

თუ არ დამიბარებენ, თავიანთი მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან - ბოკერია „ოცნების“ კომისიაზე


გიგა ბოკერია: „თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, თქვენით აცხადებთ, რომ კლოუნადაა. ხოლო თუ დამიბარებენ, ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ.“
გიგა ბოკერია: „თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, თქვენით აცხადებთ, რომ კლოუნადაა. ხოლო თუ დამიბარებენ, ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ.“

პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებენ, საკუთარი მხარდამჭერების „დასაცინები გახდებიან“, ხოლო თუ დაიბარებენ, იგი ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობას არ მიიღებს.

„კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]... მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ“, - თქვა გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს თავის ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში.

„მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?“ - აცხადებს გიგა ბოკერია და განმარტავს:

„არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს - ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, - უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში ასე, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით“.

„ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ [ადამიანებს]. ხოლო თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, - ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა, - მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. მის გვარს „ქართული ოცნების“ მომხრეები ხშირად ასახელებდნენ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

2019 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში განიხილავდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ „დამნაშავე რეჟიმად“ გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 16 კი მის წინააღმდეგ წავიდა. მომხრეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო პარლამენტმა რეზოლუცია ვერ მიიღო.

რეზოლუციის ავტორები თვლიდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა უნდა შეფასებულიყო, როგორც „სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი“.

„წინ რომ გავუსწრო მოვლენებს: რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღონ ისეთ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ჩემნაირ პოზიციას დაიკავებს, - და მგონია, ასეთი არაერთი იქნება, - ეს ვერ დაეხმარება ამ რეჟიმს, რადგან ეს პროტესტი არის ბევრად უფრო დიდ რამეზე, ვიდრე პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ცალკეული შემთხვევები, რაც თავისთავად პრობლემა არის არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც დევნიან, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის“, - აცხადებს „ფედერალისტების“ ლიდერი.

17 თებერვალს „ქართული ოცნების” პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია არალეგიტიმურად მიიჩნევს, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოუსმინეს იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს წარმომადგენლებს.

„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მისამართით სხდომაზე ისმოდა ის ბრალდებები, რომელთა შესახებ „ქართული ოცნება” და მისი მოკავშირეები მრავალი წელია ლაპარაკობენ. ერთ-ერთი საკვანძო თემა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომია.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „საპარლამენტო გამოძიება“ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „კრემლის ინტერესების შესაბამისად”, „ომის დაწყებაში ქართული მხარის დასადანაშაულებლად” წამოიწყო.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება გასამართლებით ემუქრება იმ ოპონენტებსაც, რომლებიც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდებიან.

კომისიის ფორმალური დასახელებაა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია”. როგორც 17 თებერვალს გახდა ცნობილი, მათ სურთ, რომ 21 თებერვლის სხდომაზე მოუსმინონ, სხვებთან ერთად, ზურაბ ჭიაბერაშვილს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების” კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

"რეჟიმი იმთავითვე იყო ვარდების რევოლუციის კონტრრევოლუცია და მისი მიზანი იმთავითვე იყო ისტორიის გადაწერა. როგორც 1921 წლის ოკუპაციამ ვერ წაშალა ჩვენი 3-წლიანი დამოუკიდებლობა, როგორც 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ ვერ წაშალა სიტყვები - "აღსრულდა ნება ქართველის ერისა...“, ისე ვერ წაშლის 2012 წლის კონტრ-რევოლუცია ვარდების რევოლუციის მონაპოვარს“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG