„გალიპოლი“ (1981, ავსტრალია, რეჟისორი პიტერ უირი)
გასული წლის მიწურულს მსოფლიოს წამყვან კინომუზეუმებში პიტერ უირის საიუბილეო რეტროსპექტივები მოეწყო (ავსტრალიელ რეჟისორს 80 წელი შეუსრულდა). ყველა რეტროსპექტივა გაიხსნა არა უირის პოპულარული ფილმებით („მკვდარი პოეტების საზოგადოება“, „მწვანე ბარათი“, „ტრუმენის შოუ“), არამედ პიტერ უირის ჰოლივუდში გამგზავრების წინ გადაღებული „გალიპოლით“, რომელიც დღეს, ალბათ, ყველაზე აქტუალურია ამ რეჟისორის შემოქმედებით ბიოგრაფიაში. უირი უფრო გაბედულიცაა, უფრო პირდაპირი, ვიდრე ბევრი ცნობილი თანამედროვე რეჟისორი, რომელიც განსაკუთრებით ერიდება ომის თემასთან შეჭიდებას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც არ წყდება დისკუსია „ომის და მშვიდობის“ თემაზე, „გალიპოლი“ განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჩვენთვის, იმ ხალხისთვის, ვინც არჩევანი გააკეთა „მშვიდობის სასარგებლოდ“ და იმათთვის, ვინც გაურბოდა და კვლავაც გაურბის ომის ტრავმებზე დისკუსიას.
პიტერ უირი აღადგენს პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სამხედრო ოპერაციას, რომელიც ჩერჩილის ინიციატივით დაიწყო. დასავლეთის ძალები კონსტანტინოპოლის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ. ბოლოს დამარცხდნენ ოსმალეთთან ბრძოლაში და თურქეთის ტერიტორია დატოვეს. თუმცა ამ ანტიმილიტარისტულ ფილმში ომის სურათებს მხოლოდ სადღაც ფინალისკენ ვნახავთ. მოქმედების ძირითადი ადგილი ავსტრალიაა, მთავარი პერსონაჟები კი - სპრინტერები, ახალგაზრდები, რომელთაც მიუხედავად განსხვავებული ხასიათებისა, სირბილის ვნება აერთიანებთ.
ფრანკი (მელ გიბსონი) და არჩი (მარკ ლი) პატრიოტები არიან და სჯერათ, თუკი ინგლისი დამარცხდება ამ ომში, გერმანელები ავსტრალიას მიადგებიან და ადვილად დაიპყრობენ. თუმცა ფრონტზე წასვლა მათთვის არა მარტო მოვალეობა, არამედ რომანტიკული იდეაცაა, რომელმაც შეიძლება ჩემპიონობაზე ოცნება დაუნგრიოს, მაგრამ სამაგიეროდ „ცხოვრებას ანახვებს“.
და აქ ვითარდება მთავარი თემა, რომელიც პიტერ უირის თითქმის ყველა ფილმს აერთიანებს - რეალობა და რეალობაზე წარმოდგენა მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს. მწვანე კუნძულზე ცხოვრობ, იდეალისტობ, სირბილი გიყვარს, მეგობრობაში არაფერი გეშლება, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან, ძალიან დაშორებული ხარ რეალობას. როგორც წესი, უირის ფილმების დრამატურგიული ხაზი ამ მიმართულებით ვითარდება - „თვალის ახელისკენ“. მოგვიანებით, როცა ავსტრალიიდან ამერიკაში გადასახლდება და ჰოლივუდში დამკვიდრდება, პიტერ უირი იტყვის, რომ არსებითად სწორედ ამ იდეას ემსახურება კინოს ენაც - ფილმის პერსონაჟმა უნდა დაინახოს და რაც მთავარია, ჩვენ დაგვანახოს.
სხვა საქმეა, რომ ეს „რეალობა“ უირის ფილმში, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, გააკრიტიკეს ინგლისში ავტორის თითქოსდა ცალმხრივი პოზიციის გამო, ისტორიის გამარტივების გამო, მაგრამ ნამდვილი ტრიუმფით უჩვენეს ავსტრალიის ეკრანებზე („გალიპოლიმ“ მოხსნა ორი წლით ადრე, ეკრანებზე გამოსული „შეშლილი მაქსის“ რეკორდი), ეს სიმართლე, რომელიც მაშინ გამოჩნდება, როცა ფრანკი და არჩი ბრძოლის ველზე მოხვდებიან, სასტიკია, ამსხვრევს ილუზიებს, თუმცა ადამიანები მას, როგორც წესი, გავურბივართ ხოლმე. თუკი უირის სხვა ფილმები არ გინახავთ, ნოსტალგიური ავსტრალიური პეიზაჟების „განდევნა“ ბატალური სცენებით შესაძლებელია მხოლოდ „გალიპოლის“ პაციფისტური პათოსით ახსნათ. მაგრამ თუკი უირის შემოქმედებას ახლოს გაეცნობით, დარწმუნდებით, რომ სინამდვილეც, რომელიც უირის ფილმებში ბოლოსკენ გამოჩნდება ხოლმე, ისეთივე აბსურდულია, ისეთივე მყიფე, როგორც ჩვენი წარმოდგენა მასზე. ორი ახალგაზრდა კაცი ხვდება იმ ომის ხაფანგში, რომელიც ისტორიაში ერთ უბრალო ავანტიურად მოინათლა.
„გალიპოლი“ მეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ამბავია კინოს ისტორიაში. ახალგაზრდა მელ გიბსონი, ჩემი აზრით, არასდროს ყოფილა ასეთი მომხიბლავი, ასეთი თავისუფალი, როგორც აქ. მშვენიერი სახე შექმნა ასევე მსახიობმა მარკ ლიმ, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ამ როლის შემდეგ საერთოდ ჩამოშორდა კინოხელოვნებას. მიაქცევთ, ალბათ, ყურადღებას უირისთვის დამახასიათებელ ბრიტანულ იუმორს, რომელიც მაშინაც კი იგრძნობა, როცა ტრაგედია ახლოვდება. ერთადერთი, რაც გამაღიზიანებელი მგონია „გალიპოლიში“, მუსიკალური გაფორმებაა. მუსიკა ზედმეტად ბევრია, არცთუ ისე ბოლომდე გააზრებული კლასიკური „შლაგერებით“. არადა, ფილმის პრემიერის შემდეგ კრიტიკა აღფრთოვანებით წერდა ჟან-მიშელ ჟარის „გალიპოლიში“ გამოყენებულ ელექტრონულ მუსიკაზე, რომელიც, ვფიქრობ, უსაშველოდ მოძველებულია.
პიტერ უირის შემოქმედებას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს; ამ კაცს გასაოცარი ინტუიცია აქვს და ფილმის გადაღებას რომ იწყებს, თითქოს წინასწარ გრძნობს, როგორი იქნება სამყარო მაშინ, როცა მასზე მუშაობას დაასრულებს. 3 წელი იბრძოდა რეჟისორი ამ პროექტის დამტკიცებისთვის. ავსტრალიის კულტურის სამინისტრომ რამდენჯერმე უარი უთხრა ფილმის დაფინანსებაზე. ამასობაში მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა და „გალიპოლის“ პრემიერა დაემთხვა დაძაბულობის ახალ პერიოდს მთელ დედამიწაზე. „ცივი ომის“ ხანაში მსოფლიო ეკრანებზე გამოდის „მშვიდობის დამცველი“ ფილმი, რომელშიც რეჟისორი ძეგლს უდგამს სიცოცხლეს და ახალგაზრდობას, ერთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენას კი გამოხატავს არა მხოლოდ როგორც ომს, როგორც ჯარების შეტაკებას თუ ბრძოლას კონსტანტინოპოლისთვის, არამედ როგორც ადამიანთა ხოცვა-ჟლეტას... გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სიძლიერით, როგორც ტოლსტოის რომანში.
პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ავსტრალიის კინოაკადემიამ „გალიპოლი“ გამარჯვებულად გამოაცხადა ერთდროულად 8 ნომინაციაში. ეს ფილმი დღემდე ავსტრალიური კინოს კლასიკად, ფაქტობრივად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება.
ფილმის სრული ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით.
ფორუმი