ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული. რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს ამ ინფორმაციის დაზუსტებას.
განახლება: გვიან ღამით, ლევან გოგიჩაიშვილის ცოლმა, ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ ლევანი გაათავისუფლეს და კარგადაა.
აქციის მონაწილეებს სურდათ რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა მემანიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები "ხელოვნურად კეტავდნენ გზას", რა დროსაც რამდენიმე დააკავეს.
"ის ხალხი დგას იქეთ [ტროტუარზე], არავინ არ უშლით იქ დგომას, ცდილობენ აქეთ [საავტომობილო გზაზე] გადმოსვლას. გზაზე იყვნენ, ხელოვნურად კეტავდნენ გზის სავალ ნაწილს, შესაბამისად, ჩვენს მოწოდებას არ ემორჩილებოდნენ და დაკავდა რამდენიმე პირი", - უთხრა გოგა მემანიშვილმა "ტვ პირველს".
ლევან გოგიჩაიშვილის ძალის გამოყენებით დაკავებას შეესწრო მისივე თანაგუნდელი, პარტიის, "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ პოლიცია ცდილობდა გზის საფეხმავლო ნაწილზე მიემწყვდია ხალხი და "ხელოვნურად არ აძლევდა" მათ რუსთაველის გამზირის გადაკეტვის შესაძლებლობას.
"გზის მოპირდაპირე მხარეს, ქაშუეთთან ვიდექი, როდესაც დავინახე, რომ ლევან გოგიჩაიშვილს სავალ ნაწილზე ეჯაჯგურებოდა დაახლოებით ათამდე პოლიციელი და გზის მეორე მხარეს მოათრევდა. კონფლიქტის დასაწყისი არ მინახავს, მაგრამ რაც ჩანს, პოლიცია ხელოვნურად ცდილობს, არ დააკეტინოს დემონსტრანტებს რუსთაველის გამზირი. ხალხი, ფაქტობრივად, მიმწყვდეულია საფეხმავლო სავალ ნაწილზე. ამ პროცესში მოხდა ლევან გოგიჩაიშვილის ძალადობის გადამეტებით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით დაკავება", - თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ლევან გოგიჩაიშვილს "არალეგიტიმური პარლამენტის მათივე ["ქართული ოცნების"] აღიარებული იმუნიტეტი" იცავს.
"ფორმალურ-სამართლებრივადაც არასწორია მისი დაკავება. ალბათ იტყვიან სტანდარტულად, რომ განარიდეს", - ამბობს ბერდია სიჭინავა.
საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის გადაკეტვა შეძლეს.
75 დღეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.
მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
გზის გადაკეტვისთვის კი ჯარიმები 2024 წლის 30 დეკემბრიდან გაიზარდა. ამ ქმედებაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციული სახდელი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდა, ხოლო ორგანიზებისთვის - 5 000-ის ნაცვლად 15 000 ლარი.
ფორუმი