Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სასამართლომ სების ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ სების ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმა


გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმეს.
გიორგი ქადაგიძე 2500 ლარით დააჯარიმეს.

დღეს, 7 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2500 ლარით დააჯარიმა.

მას პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ.

„თავისუფლება მზია ამაღლობელს!“ - თქვა მან სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.

ქადაგიძის სიტყვა

სხდომაზე გიორგი ქადაგიძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და ილაპარაკა იმაზე, რატომ სურს საქართველოს დასავლური სამყაროს სრულფასოვან წევრად ხილვა. მათ შორის, ხაზი გაუსვა სამართლიან სასამართლოს:

„იმიტომ გვინდა ჩვენ ევროპა, რომ ამერიკის ვიზა არ იყოს აღქმული დღესასწაულად, რომ [ვიზის მიღების შემდეგ] ადამიანს შეეძლოს გაქცევა; იმიტომ გვინდა ევროპა, რომ ყველა ოჯახში არ იყოს ემიგრანტი. ამისთვის მთავარი კი არის თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო“.

„ამ პროტესტის ერთ-ერთი სლოგანი არის „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“. No Justice No peace. სამართლიანობა არის მშვიდობის პრერეკვიზიტი. თუ ადამიანმა ვერ იპოვა სამართალი, გაიმარჯვებს ავტოკრატია და არ იქნება მშვიდობა, რაოდენ რეპრესიული პოლიტიკაც არ უნდა გატარდეს“, - განაცხადა მან.

„მინდა, ამ ქვეყანაში მოსამართლეს დარბაზში ვერავინ გაუბედოს ცრუ მოწმეების მოყვანა და ისეთი ჩვენებების მიცემა, რაც აქ ვიხილეთ“, - თქვა ქადაგიძემ.

„მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, სინდისის სასამართლოს წინაშე მე მართალი ვარ, ისე როგორც ყველა სხვა, 60-მდე პოლიტპატიმარი, რომელიც სინდისისთვის, თავისი სიმართლისთვის იხდის სასჯელს“, - განაცხადა მან.

რა თქვეს სასამართლოზე

გიორგი ქადაგიძე 2 თებერვალს თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, სანაპიროზე, "თბილისი მოლიდან" რუსთაველისკენ მსვლელობაზე დააკავეს.

მსვლელობას „თბილისი მოლიდან“ მთელ გზაზე პოლიციელთა მრავალრიცხოვანი ჯაჭვი მიჰყვებოდა.

„მსვლელობის მონაწილეებს გამოეყოთ ზოლი, სადაც უნდა ემოძრავათ და ამ მსვლელობაში იღებდა მონაწილეობას გიორგი (ქადაგიძე). ისინი გაცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს და დაიწყეს შეურაცხყოფა. ჩვენს კადრებში ჩანს, როგორ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და რა უწმაწური სიტყვებით იგინებიან”, - თქვა სასამართლოზე შსს-ის იურისტმა.

გიორგი ქადაგიძის ადვოკატები სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ საქმეში არათუ მტკიცებულებები არაა, ის ქმედებაც კი არ იყო, რასაც ედავებოდნენ. იგივე თქვა გიორგი ქადაგიძემაც.

„არცერთ ვიდეოში არ იარსებებს ფაქტი, როცა მე ვიღაცას შეურაცხყოფა მივაყენე, რადგან არ მიმიყენებია. უბრალოდ, ცინიკურია, როცა შსს-ს წარმომადგენელი ურთავს მტკიცებულებად დისკს და ამტკიცებს, რომ მე ვარღვევ კანონს. საჩვენო მტკიცებულება აქვს გამოყენებული, ცინიზმის ხარისხზე მინდა გავაკეთო აქცენტი“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მან თქვა, რომ პოლიციის მხრიდან მოწოდება არაფერზე ყოფილა, რადგან არც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მდგარა და არც უწმაწური სიტყვები არ გამოუყენებია.

საქმეში არ დევს სამხრე კამერების ჩანაწერი.

„როცა მისი დაკავება გადაწყდა, პატრულმა ჩართო კამერა, მაგრამ არ ჩაირთო“, - თქვა შსს-ს წარმომადგენლებმა.

გიორგი ქადაგიძის ადვოკატმა აღნიშნა, რომ შსს-ს მოწმე პოლიციელები ცრუ მოწმეები არიან და ამ პრაქტიკას სასამართლო ახალისებს.

„როგორც წესი, სხვები აკავებენ და ოქმს სხვები აფორმებენ, ეს სამარცხვინო და საშინელი პრაქტიკაა, რომელზეც თვალს ხუჭავს სასამართლო. ამ პრაქტიკამ გამოჟონა ოქმებში. პოლიციელი იმას კი არ წერს, დავაკავეო, წერენ “დაკავდაო”. ეს ოქმები იქცა ამობეჭდილ ჩეკის ქაღალდებად, სადაც ქმედების შემადგენლობაც არ წერია“, - თქვა იურისტმა.

კითხვაზე, რომელ უწმაწურ სიტყვას იყენებდა გიორგი ქადაგიძე, მოწმე პოლიციელმა უპასუხა: „ძირს პოლიციური რეჟიმი, ძირს დიქტატურა ყოფილა“.

პროცესზე დაცვის მხარემაც გამოიძახა მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს გიორგი ქადაგიძის ნათქვამი, რომ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და არც პოლიციასთან არ ჰქონია შეხება, მსვლელობის არცერთ ეტაპზე.

შემაჯამებელ სიტყვაში, შსს-ს წარმომადგენელმა თავად დაადასტურა, რომ მათ მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებებში არ ჩანს ქადაგიძის არც უწმაწური სიტყვები და არც წინააღმდეგობა, თუმცა ამავე დროს თქვა, რომ ეს ვიდეოები იმას ადასტურებს, აქციაზე წვრილმან ხულიგნობას რომ ჰქონდა ადგილი.

ამასთან, შსს-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ სამინისტროს ვიდეოკადრებში მხოლოდ დაკავების უშუალო მომენტია ასახული. ქადაგიძის ადვოკატმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა:

„მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გიორგი ქადაგიძის სიმართლე. ამას გარდა, საქმეშია ოქმებს შორის წინააღმდეგობა. ჯერ ოქმში მხოლოდ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, ორ დღეში 166 მუხლი, წვრილმანი ხულიგნობა დაუმატეს”, - თქვა ადვოკატმა შოთა კახიძემ.

ის დარწმუნებულია, რომ სამხრე კამერები არსებობს, მაგრამ შსს-მ მიზანმიმართულად არ წარმოადგინა, რადგან იქ ჩანს ქადაგიძის უდანაშაულობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG