Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ქართული ოცნება“ ახალ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ

„ქართული ოცნება“ ახალ შემზღუდავ კანონებს აანონსებს მედიისა და არასამთავრობოების წინააღმდეგ


მამუკა მდინარაძემ მორიგი შემზღუდავი კანონები დააანონსა - კვლავ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
მამუკა მდინარაძემ მორიგი შემზღუდავი კანონები დააანონსა - კვლავ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნება“ მორიგ შემზღუდავ კანონებს აანონსებს - საკანონმდებლო ცვლილებების ძირითადი ადრესატები ამჯერად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

ეს ბოლო სამ დღეში „ქართული ოცნების“ დაანონსებული მეორე პაკეტია, რომელსაც წინ უძღოდა გამოხატვისა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო პაკეტის ინიციირება „ქართული ოცნების“ პარლამენტში.

დღეს გამოცხადებული ცვლილებები, - რომლებიც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააცნო საზოგადოებას, მოიცავს:

  • „მედიის კანონს“;
  • რუსული სტილის „აგენტების კანონის“ უფრო მკაცრ ვერსიას.

ასევე, „ოცნებას“ შემოაქვს სხვა რამდენიმე ინიციატივა, მათ შორის იზღუდება საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის უცხოური დაფინანსების რაიმე სახით მიღება - ტრენინგებიც კი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნება“ მომდევნო ორი თვის განმავლობაში გეგმავს.

მოგვიანებით მან დააზუსტა, რომ მათი მიღება დაჩქარებული წესით არ იგეგმება: „ჩვენ დაახლოებით ორი, მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში მოვახერხებთ ამ კანონების მიღებას“.

„ქართული ოცნების“ ინიციატივები 5 თებერვალს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ ინიციატივები 5 თებერვალს ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ წარადგინა.

„მედიის კანონი“

„მუშაობას დავიწყებთ ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი... რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

მან თქვა, რომ ამ კანონს „ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად“ მიიღებენ - „ბიბისის" სტანდარტად წოდებულ ნორმებს“.

მისი თქმით, კანონით დადგინდება „მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები“. ასევე განისაზღვრება „აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები“.

„შეიზღუდება მედიასაშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამებიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს“, - დასძინა მან.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მმართველი პარტიის ლიდერები 2023-24 წლებში აცხადებდნენ, რომ მედიის და არასამთავრობოების საქმიანობა არ იკრძალებოდა. თუმცა დონორების მიერ დაფინანსების აკრძალვა არაერთ მედიას აყენებს დახურვის რისკის წინაშე.

„აგენტების კანონი“ - უკვე მესამედ

„ქართულმა ოცნებამ“ ჯერ 2023 წელს ერთი მოსმენით მიიღო რუსული სტილის „აგენტების კანონი“, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ გაიწვია. მოგვიანებით კი, 2024 წელს, კვლავ მიიღო იგი, - შეცვლილი სახელით. ამჯერად „ქართული ოცნება“ კანონის კიდევ უფრო მკაცრი ფორმით მიღებას აანონსებს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 2024 წელს პარლამენტმა მიიღო „FARA-ს [აშშ-ის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“] მსუბუქი ვერსია“, რომელიც, მისი თქმით, „ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია“.

„თუმცა იცით, რომ ძალაში შესვლის მიუხედავად, რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებს“, - განაცხადა მან.

„დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელიც იქნება ამერიკული FARA-ს დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირი ასლი“, - განაცხადა მან.

დამაზუსტებელ კითხვაზე მან თქვა, რომ FARA-სთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარს არ აპირებს: „თუ ვინმეს აინტერესებს, რა იქნება ინიციირებული, წაიკითხოს კანონი, რაც დღეს მოქმედებს ამერიკაში“.

მდინარაძემ ასევე თქვა, რომ აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ „აღიარა, რომ ამერიკული დაფინანსება ხმარდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არეულობისა და რევოლუციის მხარდაჭერას“.

მსგავსი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის ხელისუფლებას წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

„რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ზეწოლა, შანტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობისა და ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამ ყველაფერზე და გაგრძელდება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირება, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია, რათა ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს შიდა საქმეებში ჩარევა“, - განაცხადა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები. მარჯვნიდან მარცხნივ: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერები. მარჯვნიდან მარცხნივ: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე

არასამთავრობოების მონაწილეობის გამორიცხვა

მამუკა მდინარაძის ჩამოთვლილ ინიციატივებში ერთ-ერთი იყო არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამონაწილეობა კანონშემოქმედებით პროცესში.

„აბსოლუტურად ყველა კანონიდან და კანონქვემდებარე აქტიდან ამოღებული იქნება ნორმები, რომელიც ითვალისწინებს საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობას“, - თქვა მდინარაძემ.

უცხოური დაფინანსების მიღების შეზღუდვა საჯარო სექტორში

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ეზღუდებათ უცხოური დაფინანსებით სარგებლობა.

„შეიზღუდება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული სარგებლის მიღება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ჩამოთვალა, რას ეხება ეს შეზღუდვა:

  • „პირდაპირი თუ ირიბი სახელფასო დანამატი;
  • ტრენინგის დაფინანსებაზეც არის საუბარი;
  • ვიზიტი თუ ა.შ.“

სხვა ინიციატივები

მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე საკანონმდებლო ცვლილებებზე ლაპარაკი დაიწყო ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე საუბრით, - როდესაც, ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა ისედაც მკაცრია.

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ცვლილებების შედეგად, „სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახის გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს, უარი თქვან ნარკოტიკული სახის მოხმარებაზე“.

„ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთი და იგივე დამოკიდებულება არ იქნება, რა თქმა უნდა“, - თქვა მან.

მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ:

  • გამკაცრდება არასრულწლოვანთა კანონმდებლობა;
  • გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა;
  • გამარტივდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა და მათი დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებად.

„ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა“ - კობახიძე

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ, - რომელიც ამჟამად ყაზახეთში იმყოფება, - განაცხადა: „ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა“.

„ქართული ოცნება“ სამი წელიწადია, ავითარებს შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს მართავდა „გლობალური ომის პარტიის“ - რომლის უკან მდგარ სახელებსაც დღემდე არ ასახელებენ - „აგენტოკრატია“ და ამ ძალების დაბრუნების პრევენციას ახდენს ბიძინა ივანიშვილი.

„უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში, ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები. ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების წინაშე, რომ ეს თავსმოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას“, - თქვა კობახიძემ.

„ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას“, - განაცხადა მან.

ცვლილებები დემონსტრაციების წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტმა 5 თებერვალსვე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებების მიღებას - დაჩქარებული წესით.

ცვლილებები ძირითადად სამ კანონს ეხება. ესენია:

  • შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
  • სისხლის სამართლის კოდექსი.

ამ კანონებში დაგეგმილი ცვლილებებით:

  • მკაცრდება ადმინისტრაციული ჯარიმები - ზოგ შემთხვევაში 15 000 და 20 000 ლარამდეც კი;
  • ოთხჯერ იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა - 15 დღიდან 60 დღემდე;
  • იკრძალება აქციებზე თანამდებობის პირების „შეურაცხყოფა“ და „ლანძღვა-გინება“;
  • იკრძალება აქციების ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მოსამართლეების სახლებთან და ავტომაგისტრალებზე;
  • აქციის ჩატარებას - თუნდაც „სპონტანური აქციისას“ - დასჭირდება მუნიციპალიტეტისათვის წინასწარ შეტყობინება;
  • აქციაზე გამკაცრებული წესების „მასობრივად დარღვევა“ - მაგალითად, ნიღბების ტარება - აქციის დაშლის საფუძველი ხდება;
  • მკაცრდება „დამამძიმებელი გარემოებები“.

პარალელურად, დემონსტრაციები 70 დღეა გრძელდება

საპროტესტო დემონსტრაციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე 70-ე დღეა, ყოველდღე ტარდება.

პროტესტის უწყვეტი ტალღა მოჰყვა „ქართული ოცნების“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, მათ გადაწყვიტეს, რომ „2028 წლამდე“ დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნა.

ეს ნაბიჯი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა აღიქვა პროდასავლური საგარეო კურსის რუსეთისკენ შებრუნების საბოლოო წერტილად და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ანალოგად.

ამ 69 დღის განმავლობაში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ კონტროლირებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა:

  • დააკავეს 400-ზე მეტი მოქალაქე, - მათგან 50-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით; მათ შორისაა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი;
  • აქციები არაერთხელ ძალის გამოყენებით დაარბიეს და დაშალეს;
  • აქციებზე დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანისას და გადაყვანის შემდეგ იძალადეს დემონსტრანტებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე;
  • დემონსტრანტების გარდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის ათობით წარმომადგენელს.

დემონსტრანტები ითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, ამ გავლენებისგან დაცლილი სახელმწიფო უწყებების პირობებში; ასევე ითხოვენ, გაათავისუფლონ დემონსტრაციებისას დაკავებული ადამიანები, რომლებსაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.

დასავლეთის პასუხი

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხად, - მათ შორის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობაზე კითხვის ნიშნების ფონზე, - დასავლურმა ქვეყნებმა სანქციების პოლიტიკა დაიწყეს.

ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია და მოგვიანებით - დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი; საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მუშაობენ სანქციებზე კონსენსუსის მისაღწევად.

საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესეს ლიეტუვამ, ესტონეთმა, ლატვიამ, გერმანიამ და ჩეხეთმა.

პერსონალური სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა და სანქციები, სხვებთან ერთად, დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG