Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
2 თებერვალს "თბილისი მოლთან" აქციაა დაგეგმილი - რა მოხდა წინა დღეს

2 თებერვალს "თბილისი მოლთან" აქციაა დაგეგმილი - რა მოხდა წინა დღეს


აქტივისტების სახლები ჩხრეკის შემდეგ
აქტივისტების სახლები ჩხრეკის შემდეგ

აქტივისტების ბინების ჩხრეკის, გამოკითხვისა და დაკავებების ფონზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს 2 თებერვალს დაგეგმილი აქციის მონაწილეებს, რომ „თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან და საკუთარი პროტესტი გამოხატონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში".

წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია აქციის მონაწილეებს „ყველა შესაბამის სამართლებრივი ზომის” მიღებას ჰპირდება და საპატიმრო სასჯელზე მიუთითებს.

„სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის შესაბამისად, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით, ხოლო აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით”, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში არ არის მოხსენიებული ამავე მუხლით გათვალისწინებული სხვა ტიპის სასჯელები, მაგალითად - ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო. შსს-ს განცხადება აქტივისტებმა მკაფიო მუქარად აღიქვეს.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში მითითებაა „საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 ოქტომბრის №361 დადგენილებაზე”, რომელიც 31 იანვარს დაამტკიცეს და „საკანონმდებლო მაცნეშიც” იმავე დღეს გამოქვეყნდა. ამ დროს “თბილისი მოლთან” აქცია უკვე რამდენიმე დღის დაგეგმილი იყო.

ამ დადგენილებით, „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას“ „საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები“ დაემატა.

შს სამინისტროს ტექსტში აღნიშნულია, რომ „სტრატეგიული ანდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა მოიცავს იმ ტერიტორიასაც, სადაც 2 თებერვალს აქციაა დაანონსებული“.

„ამ ცვლილებებით [ახალი დადგენილებით] “ქართული ოცნება” ცდილობს შეზღუდოს პროტესტის ახალ-ახალი ფორმები, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზანმიმართული მცდელობაა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. ახალ დადგენილებას ის პირბადეების, პიროტექნიკისა თუ ლაზერული მანათობლების საკანონმდებლო აკრძალვების რიგში განიხილავს.

აქტივისტები აცხადებენ, რომ „თბილისი მოლთან“, 2 თებერვალს, 16:00 საათისთვის დაგეგმილი აქცია კვლავ ძალაშია.

„არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდელობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!“, - ვკითხულობთ აქციის ინიციატორთა განცხადებაში.

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ადვოკატ ბექა ბასილაიას ფეისბუკპოსტმა, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს 2 თებერვალს დაგეგმილი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაულად. თუმცა ადვოკატი მოელის, რომ „როგორც არაერთგზის აქამდე, კანონს ფეხზე დაიკიდებენ და რეპრესიის მექანიზმად გამოიყენებენ 222-ე მუხლს“.

1 თებერვალს, სამოქალაქო აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია შევიდა. ჩატარდა არაერთი აქტივისტის ბინის ჩხრეკა და მათ შორის არიან: ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლები - ქრისტინე ბოტკოველი [ნენსი ვოლანდი] და ილია ღლონტი; ასევე სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე, რომელიც მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, ისაკო დევიძემ შიმშილობა დაიწყო; ხოლო მანამდე, მასზე პოლიციამ რამდენჯერმე იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

„ისაკო დევიძე ქუჩაში დააკავეს. ჩასვეს მანქანაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა. უკვე იქ უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და არ მისცეს უფლება, რომ ვინმესთან დაერეკა, წაართვეს ტელეფონი“, - აცხადებს ადვოკატი ტყეშელაძე.

ნენსი ვოლანდმა პოლიციაში გაყოლაზე უარი განაცხადა და საბოლოოდ, მას მხოლოდ უწყება ჩაბარდა - გამოკითხვაზე დაბარების შესახებ. ნენსი ვოლანდის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც მთელ პროცესს ლაივში გადასცემდა და პოლიციელების უკანონო თუ უხეშ მოქმედებებზე მიუთითებდა.

პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, ილია ღლონტმა მის სახლთან შეკრებილ მხარდაჭერებს უთხრა, რომ ეს ყველაფერი 2 თებერვალს დაანონსებულ აქციას შეეხება. ღლონტი პოლიციის შენობიდან ღამით გამოუშვეს. მან თქვა, რომ ჩხრეკისა და გამოკითხვის საფუძველი ფეისბუკზე გაზიარებული პოსტი აღმოჩნდა.

დღის განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ცალკეული პირების გატაცებისა და სავარაუდო დაკავების შესახებ. მათ შორის, ტელეწამყვანმა, სამოქალაქო აქტივისტმა - ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკპოსტში დაწერა, რომ „სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა (სავარაუდოდ პოლიცია იყო) გაიტაცეს აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი”. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ბულკაშვილს საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული აქვს პოსტი-მოწოდება 2 თებერვლის აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით.

სავარაუდოდ, სწორედ 2 თებერვლის აქციასთან დაკავშირებული ფეისბუკპოსტისთვის დააკავეს წყალტუბოს სოფელ გეგუთში მცხოვრები ოპერატორი, სამოქალაქო აქტივისტი, მირიან ბერულავა.

შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პროცესი მიმდინარეობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით და 226-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

დაადასტურეს ასევე, რომ „სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ხორციელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების პირადი და სახლების ჩხრეკა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG