Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონტაქტი აქვს მოსკოვთან ავიაკატასტროფაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს კონტაქტი აქვს მოსკოვთან ავიაკატასტროფაში რუსეთის მოქალაქეების დაღუპვის გამო


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 30 იანვარი, 2025 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 30 იანვარი, 2025 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა 30 იანვარს, რომ ვაშინგტონს კონტაქტი აქვს მოსკოვთან სამგზავრო თვითმფრინავის სამხედრო შვეულმფრენთან შეტაკების დროს რუსეთის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით.

„კონტაქტი გვაქვს რუსეთთან“, - თქვა ტრამპმა პრესკონფერენციაზე, როცა უპასუხა შეკითხვას, ხელს უწყობს თუ არა აშშ რუსეთში დაღუპულების გვამების დაბრუნებას.

„პასუხია, დიახ, ხელს შევუწყობთ“, - თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ თვითმფრინავში სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

ავიაკატასტროფაზე საუბრისას, ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემები სათანადოდ არ არის ჩამოყალიბებული.

”მათ ბევრი ფული დახარჯეს სისტემის განახლებაზე", - თქვა ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ახალი სისტემა რომ შეეძინათ, უფრო იაფი დაუჯდებოდათ.

ტრამპმა 30 იანვარს ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ავიაციის მაღალი რანგის ყოფილი წარმომადგენელი დაენიშნა. გადაწყვეტილება მოჰყვა ვაშინგტონში რონალდ რეიგანის სახელობის აეროპორტთან ავიაკატასტროფას.

30 იანვრის ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად, ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.

თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.

30 იანვარს, დილით, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.

ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ფედერაციას მათი კონკრეტული რაოდენობა არ დაუსახელებია.

ეს არის აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავის პირველი კატასტროფა 2009 წლის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წელს ნიუარკიდან მომავალი Bombardier Q400-ის ტიპის თვითმფრინავი ბაფალოს აეროპორტთან მიახლოებისას შენობას დაეჯახა. დაიღუპა 49 ადამიანი.

1982 წლის იანვარში, ვაშინგტონის აეროპორტიდან აფრენილი Boeing 737 ქალაქის ცენტრში ხიდს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 78 ადამიანი და კიდევ 3, რომლებიც ხიდზე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG