ავიაკატასტროფა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონთან.
გასულ ღამით, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად ჰაერში ერთმანეთს შეეჯახნენ ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Bombardier CRJ700 და შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Black Hawk.
თვითმფრინავში იმყოფებოდნენ 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი, ხოლო ვერტმფრენში - 3 სამხედრო. შეჯახების შემდეგ ორივე მდინარე პოტომაკში ჩამოვარდა. 67-ვე ადამიანი დაღუპულად ითვლება.
კატასტროფის რაიონში მიმდინარეობს მასშტაბური სამძებრო ოპერაცია, რომელშიც კატერები და მყვინთავები მონაწილეობენ.
განახლება: ადგილობრივი დროით 30 იანვრის დილის მონაცემებით ნაპოვნია თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 27 ადამიანის და სამხედრო ვერტმფრენში მყოფი ერთი ადამიანის ცხედარი.
ტელეარხი NBC იტყობინებოდა, რომ ოთხი გადარჩენილი საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
კოლუმბიის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის ინფორმაციით, მდინარეში სამძებრო ოპერაცია რთულ პირობებში მიმდინარეობს. მყვინთავებს ცივ და მღვრიე წყალში მუშაობა უჭირთ.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.
სააგენტო AP სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ შეჯახებამდე თვითმფრინავის ეკიპაჟმა აეროპორტის დისპეტჩერებს სთხოვა დასაფრენი ზოლის შეცვლა და თანხმობა მიიღო, რის შემდეგაც დისპეტჩერები ვერტმფრენს გზის დასათმობად დაუკავშირდნენ, დაახლოებით ერთ წუთში კი შეტაკება მოხდა.
სამგზავრო თვითმფრინავი კანზასის შტატიდან ასრულებდა უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს.
რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.
30 იანვარს, დილით რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ რუსი მწვრთნელები, ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულები ევგენია შიშკოვა და ვადიმ ნაუმოვი.
ამერიკული მედიით გავრცელდა შეერთებული შტატების ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება, რომ თვითმფრინავის მგზავრებს შორის იყვნენ სპორტსმენები, მწვრთნელები და მათი ოჯახების წევრები, რომლებიც კანზასში მდებარე ბაზიდან ბრუნდებოდნენ. ფედერაციას მათი კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.
ეს აშშ-ში 2009 წლის შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავის პირველი კატასტროფაა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. 2009 წელს ნიუ-არკიდან მომავალი Bombardier Q400-ის ტიპის თვითმფრინავი ბაფალოს აეროპორტთან მიახლოებისას შენობას დაეჯახა. დაიღუპა 49 ადამიანი.
1982 წლის იანვარში, ვაშინგტონის აეროპორტიდან აფრენილი Boeing 737 ქალაქის ცენტრში ხიდს შეეჯახა და მდინარე პოტომაკში ჩავარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 78 ადამიანი და კიდევ 3, რომლებიც ხიდზე ავტომანქანებით გადაადგილდებოდნენ.
ფორუმი