Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკის "მტერი" უწოდა


რობერტ ფიცო (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (კოლაჟი)
რობერტ ფიცო (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი (კოლაჟი)

სლოვაკეთს სურს, გააგრძელოს რუსეთის გაზის შესყიდვა და უკრაინისგან მოითხოვს, თავის ტერიტორიაზე გაატაროს ის. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა 28 იანვარს. ის კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის გეგმებს, დახმარება აღმოუჩინოს კიევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ფიცოს თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ უკრაინა მზადაა, თავის ტერიტორიაზე ევროპისკენ გაატაროს აზერბაიჯანის გაზი, ფანდია საპასუხო ზომების თავიდან ასაცილებლად. თავად ზელენსკის მან მტერი უწოდა. სლოვაკეთის ოპოზიციამ გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი.

უკრაინის გავლით დასავლეთისკენ გაზის ტრანზიტი ახლახან შეწყდა მას შემდეგ, რაც ვადა გაუვიდა შესაბამის კონტრაქტს რუსეთის კომპანია „გაზპრომსა“ და უკრაინის „ნაფტოჰაზს“ შორის.

ფიცომ ადრე უკვე გააკრიტიკა ზელენსკი და დაიმუქრა, რომ ელექტროენერგიით მომარაგებას შეუწყვეტს უკრაინას, დახმარებას შეუმცირებს უკრაინელ ლტოლვილებს და ვეტოს დაადებს უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარებას.

ორშაბათს ფიცომ მოიწონა ევროპის კომისიის განცხადება, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს გაზის ტრანზიტის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებებს და მასში უნგრეთსა და სლოვაკეთსაც ჩართავს. დოკუმენტის თანახმად, მესამე ქვეყნებმა უნდა აღიარონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიანობა ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხია.

„ჩვენი მტერი ზელენსკია. პრობლემა, რომლის წინაშეც ვართ, ზელენსკიმ გამოიწვია. არ მომწონს ის, ვინაიდან ის სლოვაკეთს ზიანს აყენებს,“ თქვა ფიცომ სამშაბათს სლოვაკეთის პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტში გამოსვლისას.

გასულ კვირაში შვეიცარიის კურორტ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან და ალიევმა განიხილეს უკრაინის გავლით აზერბაიჯანის ნავთობის ევროპისკენ ტრანსპორტირების პერსპექტივები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG