ბათუმელი მედიკოსები ითხოვენ, რომ „სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილური ექიმები, - იქნება ეს კონსილიუმის თუ სხვა ფორმით, - დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან“.
„თითოეული აქ მდგომთაგანი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელთან“, - განაცხადეს ექიმებმა.
ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მედიკოსებმა 28 იანვარს მოაწყვეს პრესკონფერენცია, რომელზეც ისაუბრეს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის პროტესტის უკიდურესმა ფორმამ, შიმშილობამ, მის ჯანმრთელობაზე.
„შეიძლება ადამიანი გადარჩეს, მაგრამ ვერ გადარჩეს ჯანმრთელობა“
ქირურგმა, მედიცინის დოქტორმა კახაბერ ქაშიბაძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან მას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს.
მისივე თქმით, შესაძლოა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობას შეუქცევადი ზიანი მიადგეს:
„შეიძლება იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის [დაზიანებით] დაწყებული, ისე სხვა ორგანოების მხრივ [დაზიანება]. ჩვენი ყველას ვალია, რომ არ დავუშვათ შიმშილობით გამოწვეული დაზიანება გახდეს შეუქცევადი, რომელიც ვეღარ გამოსწორდება“.
„შეიძლება გადარჩეს ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ ვერ გადარჩეს მისი ჯანმრთელობა. მით უფრო, რომ საფრთხე უფრო სერიოზულია, რადგან ქალბატონ მზიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს“, - განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ.
ექიმებმა ასევე მოუწოდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გააცნონ საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
რისკები
ერთ-ერთმა ექიმმა, ნათია ხარატმა, ჩამოთვალა ის რისკები, რომლებიც მრავალდღიან - 17 დღის განმავლობაში მიმდინარე - შიმშილობას უკავშირდება.
„შიმშილობის მე-17 დღეს მხოლოდ წყლის მიღება ძალიან საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს“, - განაცხადა ნათია ხარატმა.
მისი თქმით, აი, ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მისი „ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ, როცა შევიდა ციხეში“:
- „შესაძლოა განუვითარდეს ორგანოების უკმარისობა, როგორიცაა გული, თირკმელები, ღვიძლი და შეფერხდეს სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება;
- ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტვინი ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციონირების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც;
- ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის და შესაძლოა გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმის და სხვა სერიოზული პრობლემები;
- იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ;
- პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკი. შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა“, - განაცხადა მან.
ნათია ხარატმა ასევე განმარტა, რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება:
„წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან. ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“.
ნათია ხარატმა ასევე განაცხადა, რომ „მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის სიმართლისთვის“.
- ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- 28 იანვრისთვის, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს და უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე; იგი მხოლოდ წყალს იღებს - არ იღებს საკვებს და არანაირ დანამატს;
- როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
- ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 27 იანვარს არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამაღლობელს სამედიცინო პერსონალი მუდმივ მეთვალყურეობას უწევს, ის არის ასევე ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება „ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“; თუმცა დეტალებზე არც ეს უწყება არ საუბრობს.
ფორუმი