Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

300-ზე მეტი ჟურნალისტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს


მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს ლიკა ჩახუნაშვილმა (მარცხნივ), მაია მეცხვარიშვილმა (შუაში) და ეთერ თურაძემ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.
მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებს ლიკა ჩახუნაშვილმა (მარცხნივ), მაია მეცხვარიშვილმა (შუაში) და ეთერ თურაძემ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააცნეს.

​​​​​​​ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი და მედიამენეჯერი ერთობლივი განცხადებით მოითხოვს. განცხადებაზე ხელმოწერა კვლავ შესაძლებელია.

ისინი მიმართავენ ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, „ხმა აიმაღლონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ საქართველოში ჟურნალისტების მასობრივად დევნის ფაქტებზე და დაიცვან მედიის წარმომადგენლები საქართველოში!“

მზია ამაღლობელი მე-16 დღეა შიმშილობს. როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მზია ამაღლობელი, პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში.

მზია ამაღლობელი რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის მიუღებელი მიუკერძოებელი ჟურნალისტური საქმიანობისა და მისი სამაგალითო სამოქალაქო აქტივიზმის გამო ისჯება. მას არ ჩაუდენია ივანიშვილის რეჟიმის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი სისხლის სამართლის დანაშაული.

12 იანვრის შემდეგ, როდესაც ოლიგარქმა ტყვეობაში აიყვანა ჩვენი კოლეგა - მზია ამაღლობელი, თითოეულ ჩვენგანს ემუქრება პროფესიული საქმიანობის გამო დაპატიმრების საფრთხე...“ - წერია ერთობლივ მიმართვაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ პირველი ქალი ჟურნალისტის სისხლის სამართლის წესით დაპატიმრება მიანიშნებს, რომ მედიის წარმომადგენლების დევნა ახალ ეტაპზეა:

„ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის „ბრალდებით“ დააპატიმრეს, აჩვენებს, რომ ოლიგარქის რეჟიმი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლების დევნის ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც შეთითხნილი ბრალდებებით ჟურნალისტების ციხეში დატყვევებას გულისხმობს, როგორც ეს უკვე მოხდა ბოლო წლებში რუსეთში, ბელარუსსა და მეზობელ აზერბაიჯანში.

მოვითხოვთ სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის საქმეზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, ეთერ თურაძე.

მზია ამაღლობელის საქმე

მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას". მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, - 12 ორგანიზაციასა და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.

„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.

მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG