მედიაორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა.
„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას... სოლიდარობა მზია ამაღლობელს!“ - წერია „ინტერპრესნიუსის“ განცხადებაში.
მედიაორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ჩადენილია „ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის საკმაოდ ბევრი ფაქტი, რომელიც ამ დრომდე გამოუძიებელია“: „მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ თითოეული ასეთი ფაქტი გამოიძიონ“.
პროევროპული აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება, პოლიციამ იძალადა არაერთ ჟურნალისტზე, მათ შორის რამდენიმეს სამედიცინო რეაბილიტაცია დასჭირდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი, ეთერ თურაძე.
მზია ამაღლობელის საქმე
მზია ამაღლობელს, რომელიც ჯერ 11 იანვარს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - კვლავ დააკავეს, ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს, „პოლიციელზე თავდასხმას". მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
23 იანვარს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა“, - 12 ორგანიზაციასა და ერთ ინდივიდუალურ პირთან ერთად, - საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
ამავე მოწოდებით გამოვიდა ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს) „ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმა“, რომელმაც განგაში ატეხა ამაღლობელის დაპატიმრების გამო.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შიმშილობს.
„აგრძელებს შიმშილობას პროტესტის ნიშნად, არის მხნედ. როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ მისი მონახულების შემდეგ 23 იანვარს.
მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.
ფორუმი