Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება – საია


მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-16 დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-16 დღეა შიმშილობს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.

„უკანონო პატიმრობაში მყოფი “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება“, - წერს ორგანიზაცია 27 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საია წერს, რომ მზია ამაღლობელმა საიას თავმჯდომარესთან, ნონა ქურდოვანიძესთან საუბრისას გასულ კვირაში აღნიშნა, რომ მისი შიმშილობა არის პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ და ეს ნაბიჯი არ ემსახურება შეღავათების მოთხოვნას.

თუმცა საია, როგორც მისი უფლებების დამცველი ორგანიზაცია, მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს, „დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება და პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“.

„ციხის ადმინისტრაცია ვალდებულია, სპეციალური პროტოკოლის შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი და ეფექტური კონტროლი უზრუნველყოს“, - აცხადებს ორგანიზაცია.

მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-16 დღეს, პენიტენციური სამსახური არ ამბობს, როგორაა რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერი.

რადიო თავისუფლების მიერ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვაზე პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ინფორმაციას არ გასცემს, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა.

პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაცია „წერილობით“ ვითხოვოთ, - თუმცა პასუხი ჯერჯერობით არც წერილობით მიმართვაზე არ მიგვიღია.

კერძოდ, პენიტენციურ სამსახურს ვკითხეთ, როგორ არის მზია ამაღლობელი, რა ინტენსივობით ნახულობენ ექიმები, როგორ მიმდინარეობს შიმშილობის მართვა და რას აკეთებს პენიტენციური სამსახური იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს.

რადიო თავისუფლება საიას განცხადების შემდეგ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის სამინისტროსაც. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე იმართება აქციები.

ამაღლობელმა შიმშილობა 2025 წლის 12 იანვარს დაიწყო, ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბათუმში. პატიმრობის შეფარდების შემდეგ ის რუსთავის მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც საიას თავმჯდომარემ, ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, სრული შიმშილობა - რაც ამაღლობელს აქვს გამოცხადებული - ნიშნავს, რომ „ის იღებს მხოლოდ წყალს და არ იღებს არავითარ საკვებს ან რაიმე დანამატს“.

საკვებზე ხანგრძლივად უარის თქმა გავლენას ახდენს ადამიანის სხეულის უმეტეს ორგანოებსა და სისტემებზე, იწვევს კუნთების სისუსტეს, დაუცველობას ინფექციების მიმართ, ფსიქოლოგიურ პრობლემებს და, საბოლოოდ, ორგანოთა უკმარისობას.

ადამიანს, რომელიც იწყებს შიმშილობას, ჯანმრთელია პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის გამოყენებამდე და შიმშილობისას განაგრძობს სითხის მიღებას, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ სიკვდილი დაემუქროს.

25 იანვარს, ვატიკანში სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელზე ისაუბრა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ამერიკელმა-ფილიპინელმა ჟურნალისტმა მარია რესამ.

საკუთარ სასამართლო პროცესზე სწორედ მარია რესას წიგნი ეჭირა მზია ამაღლობელს - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“.

მზია ამაღლობელი
მზია ამაღლობელი

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით.

მას დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კოლეგებმა საერთო წერილით მიმართეს მას და მოუწოდეს, შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა იგი შიმშილობას 16 დღეა, აგრძელებს.

„როგორც გადმომცა, არ შიმშილობს იმისთვის, რომ ამის გამო რაიმე შეღავათი მიიღოს, შიმშილობს პროტესტისთვის უსამართლობის გამო“, - თქვა 23 იანვარს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ. მან ასევე გამოაქვეყნა მზია ამაღლობელის დანაბარები:

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG