„მართლა შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა! წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებაზე, შუა ხნის ქალს, რომელსაც ადანაშაულებენ პოლიციელზე თავდასხმაში… რომელმაც თურმე „სცემა“ პოლიციელს! როდესაც ჩვენ ყველას გვინახავს სასტიკი ცემა, - ქალებს როგორც სცემდნენ ნიღბიანი კაცები, და არავისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ასეთი რამ უპრეცედენტოა“, - განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ 28 იანვარს ჟურნალისტებს.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ინგლისურ ენაზე საუბრისას "ქალბატონი მზია" ქართულად წარმოთქვა.
„ამიტომ, წევრ ქვეყნებთან სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება“, - თქვა მან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სანქციების დაწესების პერსპექტივაზე.
„სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს კონსენსუსი, - რაც საჭიროა სანქციების დასაწესებლად, - მაგრამ, ვიცი რა, როგორ სურთ ევროკავშირის ლიდერებს [კონსენსუსის მიღწევა], ჩვენ ვეცდებით ამას, კვლავ ვიმუშავებთ კონსენსუსის მიღწევაზე“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს [ამაღლობელის პატიმრობა] მალე დასრულდება და ხალხი, რომელიც მართლა პასუხისმგებელია ძალადობაზე, ხალხის დევნასა და ცემაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკოსების დევნასა და ცემაზე, - დაისჯება და სამართლიანობაც დადგება“, - განაცხადა მან.
„რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში ბოლო 60 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად უპრეცედენტოა. და ხელისუფლების ნულოვანი სურვილი, რომ ხალხს მოუსმინოს“, - ამბობს ელჩი.
- ასობით საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაცია, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან;
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- 28 იანვრისთვის, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს და უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე; იგი მხოლოდ წყალს იღებს - არ იღებს საკვებს და არანაირ დანამატს;
- როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
- ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 27 იანვარს არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამაღლობელს სამედიცინო პერსონალი მუდმივ მეთვალყურეობას უწევს, ის არის ასევე ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება „ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“; თუმცა დეტალებზე არც ეს უწყება არ საუბრობს.
ფორუმი