„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, დაკვირვებით ვადევნებ თვალს მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოში“, - წერს კოენი პლატფორმა X-ზე.
„მზია არის ჟურნალისტი, რომელიც შეთითხნილი ბრალდებებით დააპატიმრა „ქართული ოცნების“ დე ფაქტო მთავრობამ“, - წერს წარმომადგენელთა პალატის წევრი.
სტივ კოენმა რესპუბლიკელ კოლეგასთან, ჯო უილსონთან ერთად 2025 წლის 8 იანვარს წარადგინა „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „აშშ-ის პოლიტიკაა, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მისი ნებისმიერი მოკავშირე“.
ამაღლობელი, რომელსაც, კოლეგების ცნობით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მე-17 დღეა შიმშილობს.
„ის არ არის ციხეში კარგად. მთავრობამ ის ახლავე უნდა გამოუშვას“, - აცხადებს კონგრესმენი.
- „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- 28 იანვრისთვის, მზია ამაღლობელი უკვე მე-17 დღეა შიმშილობს და უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე; იგი მხოლოდ წყალს იღებს - არ იღებს საკვებს და არანაირ დანამატს;
- როგორც მზია ამაღლობელის მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
- 300-ზე მეტი ჟურნალისტი, - არაერთ საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად, - მის გათავისუფლებას ითხოვს.
- ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- უსამართლო, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი - ასე აფასებენ იურისტები ამაღლობელის დაპატიმრებას და ბრალდებას და ამბობენ, რომ ალიყური, იგივე სილა, რომელიც მზია ამაღლობელმა პოლიციელს გააწნა, თავდასხმად ვერ ჩაითვლება.
- „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ 27 იანვარს არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ამაღლობელს სამედიცინო პერსონალი მუდმივ მეთვალყურეობას უწევს, ის არის ასევე ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და მიეწოდება „ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“; თუმცა დეტალებზე არც ეს უწყება არ საუბრობს.
ფორუმი