ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა, 3 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის.
მას ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევას. ეს მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახდელს 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
სასამართლო სხდომაზე ჟორჟოლიანმა მანუჩარ ცაცუას აცილება მოითხოვა იმ შემთხვევაში, თუ ის 12 იანვარს მოსამართლეების კორპორაციულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა რესტორან “ბაბილოში”.
მან ეს ინტერესთა კონფლიქტით ახსნა: “თქვენ იმყოფებოდით “ბაბილოში?” შეიძლება ჩემ მიმართ გქონდეთ პირადი წყენა, რადგან აქციის მონაწილე ვიყავი. ასე რომ, თუ “ბაბილოში” იყავით, მოვითხოვ თქვენს აცილებას”.
მოსამართლემ ამაზე კომენტარი არ გააკეთა და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე ჟორჟოლიანის ადვოკატმა თქვა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არავის მიუთითებია, რომ კანონს არღვევდა ან აქციის მონაწილეთა რაოდენობა არასაკმარისი იყო გზის გადაკეტვისთვის.
“მე აქ ერთი დისკომფორტი მაქვს - ჩემთვის არავის მოუწოდებია და დაუმორჩილებლობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა. სამართალდარღვევა იქნებოდა, ჩემთან რომ ვინმე მოსულიყო და მე უარი განმეცხადებინა პოლიციელებისთვის. აქ ეს ამ პატიოსანმა ადამიანმაც [მოწმემ] დაადასტურა”, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
შს სამინისტროს მოწმემ, პატრულ-ინსპექტორმა დაადასტურა, რომ პირადად ნანუკა ჟორჟოლიანისთვის არ მოუწოდებია გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისკენ.
“იმაში გეთანხმებით, რომ გადავკეტეთ და მანამდე იქნება ეს, სანამ პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს არ გაათავისუფლებენ. ხვალაც და ზეგაც მე წავალ რუსთაველზე. თუ ეს მცდელობაა, რომ ხალხი რუსთაველზე აღარ გავიდეს, ეს ვერ მოხდება”, - მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა შს სამინისტროს წარმომადგენელს, თინათინ კაჭკაჭიშვილს.
თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.
პოლიციამ 28 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის წესით 45, ადმინისტრაციულით კი 500-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
ფორუმი