Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა „შერატონში“ ძალადობის საქმეზე


გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

ექსპრემიერი, პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია თბილისში, საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მასზე განხორციელებული ძალადობის საქმეზე. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პროკურატურასა და პარტიაში დაუდასტურეს.

პარტიაში ამბობენ, რომ გიორგი გახარია, - პროკურატურის მასთან დაკავშირების შემდეგ, - ნებაყოფლობით მივიდა პროკურატურაში.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, - რაც ძალადობას გულისხმობს.

გახარიას, - ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, - 2025 წლის 14 იანვარს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

მანამდე იმავე სასტუმროში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, დიმიტრი სამხარაძე და სხვა პირები, ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჟურნალისტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერ ზვიად ქორიძესაც. 22 იანვარს მას პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

პარტია „საქართველოსთვის“ სასტუმრო „შერატონს“ უკვე ერთი კვირაა, კადრების გადაცემას სთხოვს, თუმცა, პარტიის თანახმადვე, უშედეგოდ.

22 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ გახარიაზე „პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა“.

„სასტუმროს მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში მოეწყობოდა თავდასხმისთვის ჩასაფრება. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა Sheraton Hotels and Resorts-ს, - ამერიკულ სასტუმროთა ქსელს, რომლის ნაწილიცაა "შერატონ ბათუმი", - თუმცა მომხდართან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი არ მიუღია.

მანამდე, 15 იანვარს, ბათუმის „შერატონის“ მენეჯერმა მეგი ჟღენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არაფერი წაშლილი არ არის“, ჩანაწერები ერთი თვის განმავლობაში ინახება და შესაბამის უწყებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცემენ.

კითხვაზე, რატომ დაასუფთავეს შემთხვევის ადგილი პოლიციის მისვლამდე, სასტუმროს მენეჯერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, "სავარაუდოდ, უშუალოდ დალაგება-დასუფთავების სამსახურმა მიიღო, არ მოსულა ზემოდან განკარგულება. შემოსასვლელთან იყო სისხლის გუბე, სტუმრები შემოდიოდნენ და დასუფთავების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება... პოლიცია მოვიდა გვიან და ამიტომ დასუფთავდა“.

21 იანვარს გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ სასტუმროში უთხრეს, რომ კადრების ასლი აღარ აქვთ. „რა თქმა უნდა, ეჭვი გვქონდა, რომ გამოძიებასთან ლაგდებოდნენ და შესაძლოა სერვერებიანად გაეტანებინათ და ეთქვათ, რომ აღარ აქვთ. ასეც მოხდა. რამდენიმე წუთის წინ გვითხრეს, რომ ასლი აღარ აქვთ, გამოძიებას სერვერებიანად გაატანეს“.

„ქართულ ოცნებაში“ მომხდარში გიორგი გახარიას ადანაშაულებენ: „გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ ყველამ ვნახეთ შედეგი, რაც მოხდა. ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაესხა თავს, ამაზე აღქმა ვერ გაიღუნება“, - თქვა მამუკა მდინარაძემ 22 იანვარს.

15 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, სავარაუდოდ, დამონტაჟებული ვიდეო, რომელშიც ჩანს გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს შორის სასტუმროს შესასვლელთან მომხდარი დაპირისპირება.

კადრებში, რომლებიც სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერის განცხადებით, არ არის სასტუმროს მიერ გადაღებული და რომლებიც „იმედმა“ გაავრცელა, ჩანს, როგორ ასხამს სითხეს გახარია სამხარაძეს. კადრში ჩანს, რომ სამხარაძე მისკენ იწევს და შემდეგ ვიდეო წყდება. ამ კადრებში არ ჩანს, რა ხდებოდა მანამდე. შემდეგ კი ჩანს სასტუმროს შესასვლელ მბრუნავ კართან ძირს დავარდნილი გიორგი გახარია, რომელიც წამოდგომას ცდილობს, რაშიც მას სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ეხმარება, მოშორებით კი დიმიტრი სამხარაძე ყვირის: „ხელი როგორ დამარტყი“, და მიემართება მოშორებით მდგარი ავტომობილისკენ. მანამდე რა მოხდა, არც აქ არ ჩანს.

გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული კადრები არის დაჭრილი და დამონტაჟებული და ამ კადრებით შეუძლებელია „მომხდარი უტიფარი ჯგუფური დანაშაულის“ სურათის აღდგენა. პარტიის თანახმად, სწორედ ამიტომ სთხოვენ სასტუმროს კადრების გადაცემას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG